თაკო სონღულაშვილის “მონსტრო სიტი”

245

YewllobBlog-ზე ხშირად ვუთმობთ დროს ნიჭიერ და საინტერესო იდეების მქონე დამწყებ ან უკვე შემდგარ ფოტოგრაფებს.

დღეს გვინდა თაკო სონღულაშვილზე და მის ფოტოსერიაზე “მონსტრო სიტი”-ზე მოგიყვეთ. თაკო მობაილ ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებში ძირითადად ქუჩის სცენებს შეხვდებით. ინსპირაციასაც სწორედ აქ, ქუჩაში პოულობს და მობილური კამერით დაჭერილ მომენტებს ინსტაგრამზე გვიზიარებს.

მოგვიყევი შენ შესახებ…

ძალიან საყვარელი ვარ. და რაღაცნაირი, მოუსვენარი.

შენს ნამუშევრებში მრავლადაა შენობები. რატომ?

ძველ შენობებს და სახლებს იმიტომ ვიღებ, რომ მომწონს და ვიცი, მალე აღარ იქნება. თუმცა, ეს უკვე აღარ მომწონს. მონსტრ შენობებს იმიტომ ვიღებ, რომ მიყვარს ე.წ. ურბანული ფოტოგრაფია, ჩვენი ურბანული გარემო კი, მონსტრი შენობებისგან შედგება.

როდის დაინტერესდი ფოტოგრაფიით?

ფოტო ჩემთვის ყოველთვის იყო მისტიკა, რომელიც მომწონდა, მიზიდავდა და მაინტერესებდა, მაგრამ გადაღება 2 წლის წინ დავიწყე. არასდროს მქონია ამისთვის დრო, არც იმისთვის, გამეკეთებინა რაიმე სერია, ან პროექტი, ან მემუშავა საკუთარ თავზე, ამიტომ დღესაც მოყვარულის დონეზე ვარ. ეს უდროობის ბრალიცაა და ვაღიარებ, სიზარმაცის. მაგრამ უფრო მეტად იმის, რომ ჩემთვის ფოტოგრაფია უფრო მეტია და სხვა, ვიდრე ხელობა, პროფესია და ა.შ. კარგი ფოტო კარგი ფოტოა, რომელსაც ხან ე.წ. პროფესიონალი ფოტოგრაფი იღებს, ხანაც – ვინმე იურისტი, ან ისტორიკოსი, ან ექიმი, მეწაღე, ლიდერი … ხომ გესმით, რას ვგულისხმობ?

 ფოტოების დასამუშავებლად რომელ პროგრამას იყენებ?

ფოტოებს, ძირითადად, ვიღებ მობილურით და პირდაპირ ინტაგრამზე ვტვირთავ. ამიტომ ინსტაგრამზე უმნიშვნელოდ ვამუშავებ ფოტოს. ხანდახან ვიყენებ ძალიან მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას snapseed-ს. თუმცა, ამ ბოლო დროს, მაგის გამოყენებაც მეზარება.

რომელი ქუჩაა შენთვის განსაკუთრებით საყვარელი და საინტერეო?

ჩემი საყვარელი ქუჩა არის ორთაჭალის ქუჩა, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

გამომდინარე იქედან, რომ ხშირად იღებ შენობების ფოტოებს, როგორ შეაფასებდი მშენებლობების დაუსრულებელ სერიას თბილისში?

უარყოფითად ვაფასებ, არ მომწონს გამძვინვარებულ მშენებლობები. ყველაფერი, რაც თბილისს თავის სახეს უკარგავს და არღვევს ისტორიულ ურბანულ ქსოვილს, ჩემთვის მიუღებელია.

შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია იყოს გამწვანებული ისეთი პატარა ქალაქი, როგორიც თბილისია?

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც ადამიანებისთვის, ასევე ქალაქისთვის.