ვამსხვრევთ სტერეოტიპებს – სატიაჯიტ რაი

204

თანამედროვე მსოფლიოში, ალბათ, არა მხოლოდ თანამედროვეში, გავრცელებული სენია სტერეტიპები და მცდარი შეხედულებები სხვადასხვა საკითხის მიმართ. თუმცა ამავე მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სტერეოტიპებს ამსხვრევენ და სრულიად გვიცვლიან მცდარ შეხედულებებს.

სტერეოტიპული აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლას, ალბათ, აზრი არ აქვს, თუმცა საინტერესოა ვიცნობდეთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად შეცვლის ჩვენს წარმოდგენებს.

 

754_5_Satyajit-Ray1

პირველი ადამიანი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ინდოელი რეჟისორი სატიაჯიტ რაი. რატომ რაი? ზოგადად ინდურ ფილმებს ბოლივუდმა სახელი გაუტეხა, ახლა ხომ ინდური სერიალებიც დაემატა წარმოდგენის შესაქმნელად და ცოტა ხანში შეიძლება ეს გენიალური რეჟისორი იმ ადამიანებსაც დაავიწყდეთ, ვინც კარგად იცნობს მის შემოქმედებას (თუმცა ეს რთული წარმოსადგენია). ბოლივუდის და ინდური სერიალების მიღმა, აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ სატიაჯიტ რაის, რომელიც სრულიად შეარყევს და შეცვლის თქვენს წარმოდგენას ინდური კინოს შესახებ და შეგაყვარებთ კიდეც მას.

რაის, როგორც რეჟისორის, სადებიუტო ფილმი 1955 წელს 34 წლის ასაკში გადაღებული გზის სიმღერა გახლავთ, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა დამწყებ რეჟისორს და დიდი აღიარება ჰპოვა როგორც ინდოეთში, ასევე მთელს მსოფლიოში. რაის შემოქმედება, ზოგადად, კონკრეტული ფილმებიც რომ არ განვიხილოთ, დაფასებული და აღიარებულია მთელს მსოფლიოშო. მისი იაპონელი კოლეგა აკირა კუროსავა რაის შემოქმედებას ასე აფასებდა: „არ გქონდეს რაის ფილმები ნანახი ეს არის, იცხოვრო სამყაროში და არ გქონდეს მზე და მთვარე ნანახი.“ ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული “საპატიო ლეგიონის“ (The Legion of Honor) ჯილდოს გადასაცემად, იმის მაგივრად რომ რაი მოეწვიათ დაჯილდოვებაზე, საფრანგეთის პრეზიდენტი თავად ეწვია მას კალკუტაში პატივის მისაგებად. კიდევ ერთი რაის შემოქმედების შემფასებელი და დამფასებელი იყო ჯონ ჰიუსტონი, ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი. 1992 წელს განსაკუთრებული ჯილდო მიიღო, ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებაში, ოსკარის პრემია კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, ის არის მეორე ინდოელი ადამიანი, რომელსაც მიღებული აქვს ოსკარი. ყველაფერთან ერთად რაი ეგრეთ წოდებული კალკუტის კინოსკოლის ფუძემდებელია.

 

2cc5e0b59caa

რაი არა მხოლოდ შესანისნავი რეჟისორია, არამედ რამდენიმე მოკლე მეცნიერულ-ფანტასტიკური მოთხრობის ავტორიც გახლავთ. მისი ერთ-ერთი სცენარის მიხედვით ჰოლივუდშიც კი აპირებდნენ ფილმის გადაღებას – “The Alien”, სადაც მთავარი როლი მარლონ ბრანდოს უნდა ეთამაშა, თუმცა შემდეგ მან უარი თქვა. ჰოლივუდური ინტრიგებით მობეზრებული რაი კი ისევ კალკუტაში დაბრუნდა. ამის შემდეგ, 1982 წელს გამოვიდა სტივენ სპილბერგის ფილმი – E.T. the Extra-Terrestrial, რომელშიც ძალიან ბევრი მსგავსება დაინახეს რაის სცენართან. თავად სპილბერგი ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, უარყოფდა.

განსაკუთრებულად მიიჩნევდა ინდურ და ზოგადად აღმოსავლურ კულტურას. მიაჩნდა, რომ მასში გამოკვეთილი იყო სხვადასხვა სტილი, ლირიკულობა, ბუნების განსაკუთრებული სიყვარული, ხელოვნების სიმბოლური ასპექტები, მთავარი აზრის, შინაარსის გადმოცემა ბუნებრივი და ადამიანური ფორმებით. სწორედ ამით განასხვავებს რაი ინდურ და აღმოსავლურ კულტურას დასავლურისაგან, აქ უფრო მეტი ყურადღება ექცევა შინაარს, მთავარ-დედააზრს ვიდრე გარეგნულ, ვიზუალურ მხარეს. რაისა და მისის შემოქმედების დამახასიათებელ ჰუმანურობაზე თავად რაი აღნიშნავდა, რომ ის უბრალოდ დაინტერესებული იყო ადამიანური გრძნობებით და საკუთარ თავს ვერ თვლიდა ჰუმანისტად. მას მიაჩნდა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქმნის კინოს, გარკვეულწილად დაინტერესებულია ადამიანური გრძნობებით. თვლიდა, რომ მისი შემოქმედება უბრალოდ ჰუმანურობით არ შემოიფარგლებოდა, მასში იყო სხვა ისეთი ელემენტები, როგორიც არის: სტრუქტურა, ფორმა, რიტმი, სახე, ტაძარი, სინათლისა და ჩრდილების შეგრძნება, კომპოზიცია, თხზულება და ისტორიის, ამბის გადმოცემის გზა.

ჩემი შეხედულებით და დაკვირვებით უფრო მეტად რაის აზრს ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ მის შემოქმედებას უბრალოდ ჰუმანურობის ნიშნები არ ასვია და უფრო მეტია ვიდრე ჰუმანიზმი. იმ ფილმების მაგალითზე, რომლებსაც ვუყურე, თავისუფლად შემიძლია ვიმსჯელო რაის შემოქმედებაზე, მის მიმართულებაზე კინოში და ჩემი აზრი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით. შეიძლება, სულაც, მცდარი აზრი, მაგრამ ყველა ადამიანი თავისებურად ხედავს და აღიქვამს კინოს, ეს არის კიდევ ერთი იმ მნიშვნელოვან საკითხთაგანი, რასაც უახლოეს წარსულში მივხვდი და ვისწავლე: კინოში არ არსებობს ცალსახა ჭეშმარიტება, ფილმი სწორედ მაშინ არის დასაფასებელი, როდესაც ერთზე მეტი აზრი ჩნდება მის გარშემო და თითოეული მაყურებელისთვის „თავისია“, რაღაც საკუთარი. ასეთი „საკუთრებები“ გახდა ჩემთვის რაის შემოქმედება, კონკრეტულად მისი ფილმები: აპუს ტრილოგია (გზის სიმღერა, მოუდრეკელი, აპუს სამყარო); დიდი ქალაქი; ჩარულატა და ჭადრაკის მოთამაშეები (ან მოჭადრაკეები).

 

ავტორი: ქეთი კალანდაძე