დეა დგებუაძე – გოგონა ემოციური მინიატურებით

494

დეა დგებუაძე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი მინიატურებით. ცოტა ხნის წინ, დეას ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გასცდა და მოსკოვში, არტ-გალერეაში ,,დაჩა“ გამოიფინა.

 

დეა, როგორ გაგიჩნდა იდეა, რომ ასეთი მინიატურები შეგექმნა?
-უპირველეს ყოვლისა, დავიწყებ იმით, რომ  მამაჩემი და ბიძაჩემი მხატვრები იყვნენ, ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, 2-3 წლის ასაკში უკვე ჩანახატებს ვაკეთებდი, შემდეგ ისე მოხდა, რომ ხელოვნების კოლეჯში შემიყვანეს, სადაც 9 წლის მანძილზე ვსწავლობდი და უამრავ გემოფენაში ვიღებდი მონაწილეობას,  ასევე დავდიოდი მხატვრებთან კერძო გაკვეთილებზე. ყოველთვის მქონდა ხატვის სურვილი. ნამუშევრების რეალიზაცია  4-5 თვეა, რაც დავიწყე. სასტუმრო  ,,რედისონში“ ტარდებოდა საშობაო გამოფენა და შემომთავაზეს, რაიმე მომეფიქრებინა გამოსაფენად. გადავწყვიტე, გამეკეთებინა მინიატურები, რომელიც სახალისო იქნებოდა უფროსებისა და ბავშვებისთვის. გამოფენამ წამატებით ჩაიარა, ყველას ძალიან მოეწონა და სურვილი გამიჩნდა, ეს საქმე გამეგრძელებინა.

 

თავიდანვე ამ სტილით მუშაობდი თუ შენი ტექნიკა თანდათანობით დაიხვეწა?
-ამ ტექნიკითვე დავიწყე, თუმცა თემატიკა მრავალფეროვანი გახდა.სხვადასხვა იდეა მქონდა, რომლებიც შემდგომში განვახორციელე.  თავიდან რამდენიმე თემა მქონდა, სამი თუ ოთხი.

 

რა სტილით მუშაობ?
-ჩემი ნამუშევრები შესრულებულია მინიატურის ტექნიკით.  მასალად გამოყენებულია აკრილი და ფურცლოვანი ოქრო.
საიდან გებადება იდეები?
-ძალიან მიყვარს ბავშვები, პირველადი წყარო სწორედ ისინი არიან. ის პოზიტივი, რომელსაც მათგან ვიღებ, ჩემი შთაგონების წყარო ხდება. ვცდილობდი, ისეთი ნახატები შემექმნა, რომლებიც ყველას პოზიტიურ ემოციებს მოჰგვრიდა, ბავშვები სწორედ ასეთები არიან. მაქვს ანგელოზების სერია, შეყვარებული ბავშვები, ასევე, ზამთრის თემაზე შესრულებული ნამუშევრები. მინიატურების გარდა მაქვს ანგელოზების თემაზე საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებიც შესრულებულია თიხით და ასევე მოხატულია აკრილის საღებავებით. წელს ვეცადე,  მქონოდა  ორიგინალური ნაძვის ხე, რომელიც საკუთარი სათამაშოებით  მოვრთე.

 

შენი ნახატები ვინმესთვის მიგიძღვნია?
-მყავს ძალიან საყვარელი დისშვილი, რომელიც სამი წლისაა და ამ ემოციებს, რომლის გადმოცემაც მინდა, სწორედ მისგან ვიღებ. ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემი პერსონაჟები ნიცას ჰგავს და ალბათ, ასეა. ვცდილობდი, ნახატები ბავშვური, პოზიტიური ემოციების მატარებელი ყოფილიყო და ყველას მოსწონებოდა.
ნახატების კოლექცია თავადაც მაქვს, ჩემთვის  გამორჩეულია სწორედ ის ნახატები, რომლებიც ესთეტიურია და პოზიტიურ ენერგეტიკას ანიჭებს მნახველს.

 

იმ გამოფენის შემდეგ როგორ განვითარდა შენი გზა? როგორ გახდი ცნობილი?
–  გამოფენის შემდეგ ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, გამეკეთებინა გვერდი “ფეისბუქზე”, სადაც გამოვაქვეყნე ჩემი ნამუშევრები, რომლებმაც  დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ იყო გამოფენა ამერიკის საელჩოში, სადაც მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულად და მესამედ, მოსკოვის გამოფენა, ერთ-ერთი კერძო გალერეიდან დამიკავშირდნენ, სადაც ქართველი მხატვრების ერთ თვიანი გამოფენა იმართებოდა. დამპატიჟეს და მოსკოვის ორ გალერეაში მქონდა გამოფენა.
გაქვს სამომავლოდ იდეა, ხაზი, რომელიც გინდა გააკეთო?
-ჯერ-ჯერობით არა, თუმცა იქნება სიახლეები, რომლებსაც განვახორციელებ. ამ ეტაპზე ბავშვების და ანგელოზების სერია მაქვს.
შენი ნამუშევრების შესაძენად როგორ გიკავშირდებიან?
-ჩემი ნამუშევრები წარმოდგენილია თბილისში, რამდენიმე გალერეაში და აგრეთვე სოციალურ ქსელშიც, საიდანაც ხშირად მიკავშირდებიან.
ვინ არის შენი შთაგონების წყარო?
-ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევს რამოდენიმე მხატვარი, რომელიც მინიატურის ტექნიკით მუშაობს და  მაქვს მათი ნამუშევრები, თუმცა ვცდილობ, ჩემი შემოქმედება ინდივიდუალური იყოს.
რას საქმიანობ ამ საქმის გარდა?
-ძირითადი საქმიანობის გარდა უკვე 4 წელია ვმუშაობ ,,გალერეა შარდენში“ რომელიც დაარსდა 1998 წელს. გალერეის ძირითადი საქმიანობის სფეროა თანამედროვე სახვითი და დეკორატიული გამოყენებთი ხელოვნების პოპულარიზაცია. აქ გამოფენილია ქართველი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან  ლადო გუდიაშივილი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე და სხვები.  გალერეა ორგანიზებას უკეთებს  მეოცე საუკუნის 50-იანი  წლებიდან მოღვაწე მხატვრების პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს.
სამსახურის შემდეგ სად ერთობი?
– გართობაც ჩემს პროფესიას უკავშირდება, ძალინ მიყვარს სხვადასხვა გამოფენაზე სიარული. ვარ სპორტით დაკავებული, ვვარჯიშობ და თავისუფალ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ვატარებ.
როგორ მოხდა ისე, რომ სამხატვრო აკადემია არ დაამთავრე?
– ხელოვნების კოლეჯის შემდეგ, არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული  საკუთარ თავში, რომელი სფეროს არჩევა მინდოდა და ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის ფაკულტეტზე. მოხდა ისე, რომ მეორე კურსზე დავიწყე  გალერეაში მუშაობა და აღმოვაჩინე, რომ ჩემი სფერო იყო მთლიანად ხელოვნება და ეს იყო ის, რაც მაინტერესებდა.

ვაპირებ  სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზე და ეს რა თქმა უნდა ხელოვნებასთან დაკავშირებული.  ძნელია საკუთარი პროფესიის პოვნა, ალბათ, ბევრი ადამიანი ეძებს ცხოვრების ბოლომდე თავის  მოწოდებას. მე ყველას ვუსურვებ, მოახდინონ  საკუთრი თავის რეალიზება  იმ სფეროში, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობენ.

ფიქრობ, რომ შენი პროფესიით არ იქნებოდი ასეთი წარმატებული?
– არ ვიცი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც მსიამოვნებს და მიყვარს. მე ჩემს თავს ხელოვნებაში ვხედავ. ეს არის ის  რაც მე ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

 

 

მოამზადა:
თინა ღურწკაიამ