,,დაიწყე საყვარელი საქმე და დაისვენე“ – ეკა თორაძე

197

თბილისში სულ უფრო პოპულარული ხდება ნაქსოვი სამოსი და აქსესუარები. ბევრ ცნობად თუ ნაკლებად ცნობად სახეს უკვე  საკუთარი ბრენდი აქვს და თბილი, ფერადი ტანსაცმლით ახალისებს ქალაქს. ,,Eki’s” სწორედ  ასეთი ბრენდია, რომელიც რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, ეკა თორაძემ შექმნა.

  • რა არის ,,Eki’s” ?
  • ,,Eki’s” არის ადგილობრივი ბრენდი ქართულ ბაზარზე, რომელიც ქმნის ნაქსოვ შარფებს და აქსესუარებს. ვქმნი სხვადასხვა ფერის და დიზაინის შარფებს, ყელსაბამებს, სამაჯურებს და საყურეებს. პროდუქცია არის ბრენდირებული, გააჩნია იარლიყი, ეტიკეტი და შეფუთვა – ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდის პარკი.

 

  • როგორ დაიწყე ეს საქმე?
  • ბავშვობიდან მინდოდა, ჩემი საქმე მქონოდა, თუმცა წარმოდგენილი არ მქონდა, რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, დამეწყო ჩემი მცირე ბიზნესი და შევიძინე დაზგა. თუმცა, დაზგის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მოქსოვ, ამიტომ დავიწყე ქსოვის შესწავლა. ვცდილობდი, ინტერნეტში მომეძებნა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ყოველთვის ვცდილობ, არ დავაკოპირო, მაგრამ იდეებს ვიღებ და ვქმნი ჩემი გემოვნებით.

 

  • როგორი გამოხმაურება მოჰყვა შენს იდეას?
  • ფეისბუქ გვერდი შევქმენი ზუსტად სამი თვის წინ და უკვე 9000-ზე მეტი მოწონება აქვს. მომხმარებელი საკმაოდ დაინტერესდა. გაყიდვები 26 დეკემბრიდან დავიწყე და მყავს მომხმარებლები, რომლებმაც შეიძინეს პროდუქცია ორჯერ და სამჯერაც კი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. მომწონს, რომ მომხმარებელი ხდება ლოიალური ჩემი ბრენდის მიმართ.

 

  • რა ხერხები გამოიყენე იმისთვის, რომ შენი ბრენდი გამხდარიყო პოპულარული?
  • მე დავამთავრე ,,საქართველოს უნივერსიტეტი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით, რაც ძალიან მემხმარება იმაში, რომ ბრენდი განვავითარო, მომხმარებელს მივაწოდო ინფორმაცია ჩემი საქმიანობის შესახებ. ვესწრებოდი ბრენდინგის, მარკეტინგის, კომუნიკაციის კურსებს, რაც მეხმარება მომხმარებელთან ურთიერთობაში და სწორად განვითარებაში. სამი თვის წინ მქონდა პირველი კოლექციის ფოტოსესია. აქსესუარების მოდელირებაში ჩემი მეგობრები დამეხმარნენ.  ამ მომენტში ,,Eki’s” დაპატენტების პროცესშია, ეს ხანგრძლივი პროცედურაა, დაახლოებით ერთ წელს მოიცავს და ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.

 

  • რა სირთულეს შეხვდი საქმიანობისას?
  • ერთადერთი სირთულე ის არის, რომ მე მცირე ბიზნეს სტატუსი მაქვს, ეს ნიშნავს, რომ თავად ვმუშაობ, ან შეიძლება ოჯახის წევრები დამეხმარონ. ნებისმიერ პროდუქციას მხოლოდ მე ვქმნი და ამას დიდი დრო მიაქვს. იმის გარდა, რომ ვქმნი, ვფიქრობ სიახლეებზეც. ის, რომ ჩემი პროდუქცია ნაქსოვია, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ზამთრის სეზონზე გამოიყენება და ,,Eki’s” სეზონური ბრენდია, მექნება საზაფხულო კოლექციაც.

 

  • რა ფორმით?
  • საზაფხულო კოლექციაში შევა საზღვაო სამოსი, პლაჟზე გასასვლელი მოსაცმელები, სარაფნები და მაისურები.

 

  • როგორც ვიცი, შენი პროდუქციის შეძენა მხოლოდ ,,ფეისბუქის“ საშუალებით არ ხდება.
  • კი, პროდუქციის გარკვეული ნაწილი შევიდა ვერაზე, მაღაზია ,,ბუდეში“ და ,,კომოდ +“-ში, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიბრძანდნენ და გაეცნონ ჩემს ნამუშევრებს. ,,ფეისბუქით“ დაკავშირების და შეძენის შემთხვევაში დაემატა მიტანის სერვისიც.

 

  • რომელ პროექტებში იღებს ,,Eki’s” მონაწილეობას?
  • მე ყოველთვის მზად ვარ ვითანამშრომლო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ევროპარლამენტის მოდელირება, სადაც 10 დელეგატი დავაჯილდოვე პროდუქციით. თვის ბოლოს იგეგმება პროექტი, სადაც ასევე მივიღებ მონაწილეობას.

 

  • გრჩება დრო, რომ სხვა საქმითაც დაკავდე?
  • პრაქტიკულად არ მრჩება დრო, მთელი ჩემი ინტერესი მომართულია ჩემი საქმისკენ და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ნებისმიერი საქმიანობა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მოითხოვს ძალიან დიდ დროს, რასაც სიამოვნებით ვუთმობ. დაიწყე საყვარელი საქმე და დაისვენე – სულ ამას ვამბობ. მე სულ ვშრომობ, მაგრამ თან ვისვენებ.

 

  • როგორ წარმოგიდგენია ,,Eki’s” მომავალი?
  • დღესდღეობით ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ფართო მასებმა გამიცნოს. პროდუქცია გათვლილია საშუალო ფენაზე, ამიტომ მოთხოვნა ძალიან მაღალია. მომავალში, აუცილებლად გავხსნი სახელოსნოს და მაღაზიას, სადაც მომხმარებელს არამარტო ნაქსოვი შარფების და აქსესუარების შეძენა შეეძლებათ, არამედ საშუალება ექნებათ თავიდაბ ბოლომდე შეიმოსონ.

 

თინა ღურწკაია