გიორგი ისაკაძე – “ვარ ფოტოგრაფი როდესაც ფოტოებს ვიღებ და მაშინაც როდესაც არ ვიღებ”

292

გიორგი ისაკაძე ახალგაზრდა ფოტოგრაფია, რომლის შემოქმედებასაც უკვე ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

გიორგისთვის ფოტოგრაფად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი 2008 წლის აგვისტოს ომმა ითამაშა, როდესაც ტრაგკული მოვლენის შემსწრე გახდა და განვითარებული მოვლენების სამოყვარულო კამერაში გადატანა დაიწყო.

მას შემდეგ სულ იღებს.

არცაა გასაკვირი, რომ მის ნამუშევრებში დღესაც შეხვდებით დოკუმენტალისტურ  თემატიკას და ადამიანებს, საინტერესო ისტორიებით.

ემოციების დაჭერა და დამთვალიერებლამდე მიტანა შეუძლია.

ყოველთვის რაღაც ახალს ეძებს და ცდილობს მხოლოდ ერთი მიმართულებით არ იმუშაოს.

ახლახან ახალი მიმართულების მოსინჯვა სცადა – სპორტული ფოტოგრაფიის, რამაც დიდი გამოცდილება მისცა.

 

ვარ ფოტოგრაფი როდესაც ფოტოებს ვიღებ და მაშინაც როდესაც არ ვიღებ. ვფიქრობ საუკეთესო პროფესია ავირჩიე და არ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში. ვიღებ ყოველთვის და ვცდილობ ყველა გადაღებიდან მივიღო კარგი კადრები და ახალი გამოცდილება. ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში. ვერ ვიტან ჩარჩოებს და სტატუსს „პროფესიონალი ფოტოგრაფი“, რადგან ვფიქრობ, რომ არ არსებობს პროფესიონალური ხელოვნება. არსებობს მხოლოდ ხელოვნება და ეს ყველაფერი მასში ექცევა.​”

“ჩემთვის ფოტოგრაფია დროის დეფიციტია, არასდროს მყოფნის დრო და მგონია, რომ არ არსებობს ფოტოგრაფი, რომელსაც თავისუფალი დრო აქვს. ყოველთვის, მაშინაც კი, როდესაც ვიღებ, იმაზე ვფიქრობ, როგორ გამოვნახო დრო შემდეგი გადაღებისთვის. გადაღების შემდეგ ფოტოების არჩევა და დამუშავება, რასაც ასევე დიდი დრო ჭირდება. შემდეგ არჩეული და დამუშავებული ფოტოების გადახედვა და შედეგით კმაყოფილება ან უკმაყოფილება. შედეგით კმაყოფილი დიდხანს არასდროს ვარ, რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე, შემდეგ კი ვფიქრობ როგორ გავაუმჯობესო და გადავიღო უკეთესად. უკმაყოფილების შემთხვევაში კი პირიქით. მაშინვე ვიწყებ ფიქრს და ფოტოების დათვალიერებას იმის მისახვედრად თუ რა შეცდომა დავუშვი ან რა გამომრჩა და რა თქმა უნდა ვცდილობ გამოვასწორო. ყველა ეს პროცესი, გადაღებიდან საბოლოო შედეგამდე ძალიან საინტერესოა და იმის შესახებ, თუ რა არის ჩემთვის ფოტოგრაფია, ვიცი მხოლოდ ის, რომ ჩემი ცხოვრების წესია და ამის კეთება ყველაზე მეტად მიყვარს. მიყვარს არა მხოლოდ გადაღება არამედ სხვების ფოტოების დათვალიერებაც და სულ თვალს ვადევნებ ძველი თუ თანამედროვე ფოტოგრაფების ნამუშევრებს. ფოტოგრაფია ჩემთვის საშუალებაა, გადმოვცე ის, რასაც იმ მომენტში ვგრძნობ.​”

“თითქმის ყველა ჟანრს ვიღებ. პეიზაჟი, არქიტექტურა, მოდელი, პორტრეტი, რეპორტაჟი, ქუჩა და ყველა ეს ჟანრი მიყვარს. თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ფოტო დოკუმენტალისტიკა და ქუჩის ფოტოგრაფია. საინტერესოა გადაიღო და აჩვენო შენი თვალით დანახული დღევანდელობა. ყველა დამიანი ინდივიდუალურია და ჩვენ ყველას სხვადასხვანაირი აღქმა გვაქვს ერთიდაიგივე გარემოს მიმართ. სწორედ ამიტომ მეჩვენება ქუჩის ფოტოგრაფია რომელიც ასევე ერთგვარი დოკუმენტალისტიკაა უფრო საინტერესოდ. ასევე მომწონს ფოტოჟურნალისტიკა და სიამოვნებით ვიმუშავებდი ცხელ წერტილებში. რამდენიმე დღის წინ გადავიღე TCR international-ის პირველი და მეორე ეტაპის რბოლები, რაც დებიუტი იყო ჩემთვის სპორტის ფოტოგრაფიაში და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. სულ ცოტა ხნის წინ შევიძინე დრონი, რაც ძალიან კარგი საშუალებაა ახალი, განსხვავებული რაკურსების მოსაძებნად. დრონმა გამიხსნა გადაღების ახალი არეალი და საშუალება მომცა მენახა და გადამეღო ზემოდან ის, რასაც ყოველდღიურად ვუყურებ თუმცა სრულიად სხვა რაკურსით.”

როდესაც ვკითხეთ, თუ მისთვის, როგორც ფოტოგრაფისტვის საქართველოს რომელი კუთხეა განსაკუთრებით საინტერესო, გვიპასუხა:

“მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჭიათურაში და მას შემდეგ სურვილი მაქვს, რომ ჭიათურის ქუჩის ფოტოები გადავიღო. განცდა მაქვს, რომ ეს მალე უნდა მოვასწრო, რადგან ყველაფერი იცვლება და რაც მე ჭიათურაში საინტერესოდ მომეჩვენა შეიძლება 1 წლის მერე აღარ დამხვდეს. რაც ყველაზე საინტერესოდ მომეჩვენა ეს არის ძველი საბაგიროები, სადაც ქალი ზის და მას აძლევ მგზავრობის ხურდას, ასევე სხვა ბევრი დეტალი რაც ერთი შეხედვით დამამახსოვრდა. პეიზაჟისთვის განსაკუთრებით თუშეთი და სვანეთი მომეწონა. ასევე დიდი სურვილი მაქვს გადავიღო მთიანი აჭარა.”