გაცოცხლებული ნახატები

387

21 წლის წინ, ,,პირველი არხის“ ეთერში სასაცილო კაცუნას ნახატი ამოძრავდა, თავი ,,ტელევეზირად“ გამოაცხადა და ბავშვების გული მაშინვე მოიგო. ისინი ტელევიზიაში საკუთარ ნახატებს აგზავნიდნენ, იმ იმედით, რომ ყველა პერსონაჟი ტელევეზირის მსგავსად გაცოცხლდებოდა და ახალ თავგადასავლებში გაეხვეოდა.

დღეს ტელევეზირის ავტორი, ნოდარ ბეგიაშვილი, ,,ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობს. პროექტი მიზნად ისახავს სტროფების დამუშავებას, ილუსტრირებას და ერთ ფილმად ქცევას. ბევრს მოგზაურობს, იწერს  ბავშვებს რეგიონებიდან. როგორც თავად ამბობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხედვა და ხმოვანებაც განსხვავებულია.

გამოფენა-პრეზენტაციაზე ,,ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს“ , პროექტის დაწყებიდან დღემდე შეგროვებული მასალა და ფილმი წარმოადგინეს. მასტერ-კლასზე ბავშვებმა პოემიდან სასურველი სტროფი ისწავლეს, დახატეს და გაახმოვანეს. ამით საკუთარი წვლილი შეიტანეს ,,ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაში, თან საყვარელ პერსონაჟებსა და  სცენებზე ისაუბრეს. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმის, როგორ შეიძლება სწავლა სასიამოვნო გახდეს.

8 წლის გიორგი კიკაბიძემ შოთა რუსთაველის დახატვა გადაწყვიტა, წითელი მოსასხამით და ქუდით. ავტორის შესახებ ბევრი არაფერი იცის, ერთადერთი, რაშიც ბოლომდე დარწმუნებულია ისაა, რომ ,,ვეფხისტყაოსანი“ მეთორმეტე საუკუნეში დაიწერა.

მაშო ასაშვილმა, რომელიც 6 წლისაა და პოემას ჯერ არ იცნობს, ფანტაზიას მოუხმო და წარმოიდგინა, როგორი დედოფალი იქნებოდა თინათინი. მისთვის ლამაზი კაბა შექმნა და უზარმაზარი სასახლე აუშენა. მაშოს  განსაკუთრებით ბუნების და ცხოველების ხატვა უყვარს. ბატონი ნოდარის პროექტი მოეწონა და გადაწყვიტა, რომ სხვა დროსაც სიამოვნებით მოვა.

ბავშვებს შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც კონკრეტული სცენა აირჩიეს. მაგალითად, ელენე გელოვანმა გამოქვაბულში მყოფი ტარიელი და ასმათი დახატა. ელენეს საყვარელი მომენტი ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის შეხვედრაა, ,,ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე სტროფი ისწავლა და ხმაც ჩაწერა. 7 წლის სესილიმ ის მომენტი გაიხსენა, როდესაც ნესტანი ქაჯეთის ციხიდან წერილს წერს.

თავად ბატონი ნოდარი იმდენად ჩართულიყო იყო ბავშვებთან  ურთიერთობაში, ემოციებისთვის დროც აღარ დარჩა. ‘ვერც შევაფასებ, არაჩვეულებრივები არიან, ზუსტად ესაა ,,გვაქვს უთვალავი ფერითა“, ამ ნაწარმოებში თუ არ ვცდები, 1646 სტროფია, რამდენი სამუშაოა, რამდენი სცენაა’

-სამომავლოდ, რომელ ნაწარმოებებზე აპირებთ მუშაობას?

– ვაპირებთ  მოცარტის ,,ჯადოსნური ფლეიტას“, მსოფლიო დადგმაა, საოცარია და გვინდა, მთელი მსოფლიოს ბავშვებმა მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ ჯერ ,,ვეფხისტყაოსანი“ უნდა დავასრულოთ. ეს  მაინც ჩვენია და გასაკეთებელია.

ქუთაისის, ზუგდიდის და სხვა რეგიონების გარდა, ბავშვები უცხოეთიდანაც აქტიურად არიან ჩართული ,,ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაში. დიასპორის წარმომადგენლები იკრიბებიან, ხატავენ და საკუთარ ნამუშევრებს საქართველოში აგზავნიან.

1 2 3 4 5 6 7

თინა ღურწკაია