გამარჯობა, მე “სინჯარის ბავშვი” ვარ!

158

სოფო მაქაცარიას ბლოგი…

***პირველი ბავშვი სინჯარიდან

ეს ლუიზ ჯოი ბრაუნია. ლუიზი 1978  წლის 25 ივლისს დიდ ბრიტანეთში დაიბადა და ის ჯანმრთელი ბავშვია, რომელმაც სათავე უნაყოფობის მკურნალობის ახალ ერას დაუდო. ლუიზი პირველია, ვინც ოოციტების „IVF“-ის შედეგად დაიბადა. – ანუ ხელოვნური განაყოფიერებით. ნობელის პრემიის ლაურეატი რობერტ ედვარდსი ამ თემაზე 1950 წლიდან მუშაობდა და საბოლოოდ შედეგს მიაღწია.

test-tube

„სინჯარის პატარა გოგონა“, „სუპერ-ბავშვი ლუიზი“  – ამ ჰედლაინებმა და ახალდაბადებული გოგონას ფოტომ მაშინ თითქმის ყველა მაღალტირაჟიანი ბრიტანული და არა მარტო ბრიტანული  გაზეთის პირველი გვერდი დაიკავა.

ლუიზ  ჯოი უკვე 36 წლისაა. არასდროს შექმნია  პრობლემა ჯანმრთელობასა და განვითარებაში. ჰყავს მეუღლე და შვილი, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივი გზით გააჩინა, რადგან უნაყოფობის პრობლემა მას არ აქვს.

რობერტ ედვარდსი ხელოვნური განაყოფიერების სფეროში მიღწეული წარმატებისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი 2010 წელს გახდა. ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც ჯილდო ამ დამსახურებისთვის გაიცა. სწორედ ამ დრომდე, მეცნიერები დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ „ინ ვიტრო“ განაყოფიერება ქალის ორგანიზმისთვის უსაფრთხო იყო. ჯილდო   მას შემდეგ გასცეს, რაც მეთოდის უვნებლობა საბოლოოდ დამტკიცდა.

***სამედიცინო პროგრესი თუ ღვთის სასწაული?

რელიგია თუ მედიცინა? ვინ არის სასწაულის შემოქმედი? ეწინააღმდეგება თუ არა ეს მეთოდი ბუნების კანონზომიერებას?

ეს კითხვები ჯერ კიდევ მანამ გაჩნდა, სანამ ლუიზი დაიბადებოდა და ხელოვნების განაყოფიერების დარგში პროგრესის მიღწევაზე არა მხოლოდ ედვარდსი, არამედ სხვა მედიკოსებიც ჯერ მხოლოდ ოცნებობდნენ. თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ამ მეთოდს ეწინააღმდეგება, თუმცა არგუმენტები საბოლოოდ მხოლოდ კამათის ეტაპზე რჩება.

დისკუსია ამ თემაზე ძირითად შემთხვევებში ცხარე შელაპარაკებაში  გადადის და მხარეები  ვერ თანხმდებიან საერთო აზრზე. საქართველოში ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი  მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრიარქმა – ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ამ თემაზე ისაუბრა. ამიტომ, მოდით ეს საკითხი კონკრეტულად ერთი-  ორთოდოქს-ქრისტიანული რელიგიის კონტექსტში განვიხილოთ. მაშინ პატრიარქის სიტყვები რამდენიმე მნიშვნელობით იქნა გაგებული.  საბოლოოდ სასულიერო პირები იმ მოსაზრებაზე ჩამოყალიბდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა ასეთი გზით დაბადებული ბავშვები ღვთის შვილები არიან, თუმცა ყველა მათგანი დასძენს რომ რელიგიურად ეს მეთოდი მაინც მიუღებელია.

წყარო- http://www.epn.ge/archives/274

საკითხი სენსიტიურია და ვფიქრობ, მისი ძირეული განხილვა შეუძლებელიც კია.  ეს ისეთი თემაა, რომლის შესახებაც თუ ობიექტურად შევხედავთ – თითქმის  ყველა მოკამათე მხარე მართალია. ამიტომ, გამოვიყენებ ბლოგის სპეციფიკით გათვალისწინებულ სუბიექტურობის უფლებას და  როგორც მისი ავტორი- ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ.

იმის მიუხედავად, რომ   ყველა რელიგია ცდილობს არ აჰყვეს ისეთ სიახლეებს, რომელიც სამყაროზე მკვეთრ გავლენას ახდენს, მე მაინც ვფიქრობ, რომ ბიბლიური სიტყვები „ხელფეხი გაანძრიე და გეშველება“ ამ შემთხვევაში მართლაც რომ შესაბამისია.  განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც  ყოველი მეათე წყვილი მსოფლიოში ბიოლოგიური დედობისა და მამობის ბედნიერებას მოკლებულია. უშვილო წყვილთა რაოდენობა მსოფლიოში 10-დან 15%-მდე მერყეობს. მათი დიდი ნაწილი კი  მიზნისთვის წლობით იბრძვის.

„რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი.  ძალიან  ბევრი  თავს ანებებს საქმეს  მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია  დარჩენილი.“

ნაპოლეონ  ჰილი

***მე სინჯარის ბავშვი ვარ- ვინ დაიცავს ჩემს უფლებებს?!

ადამიანის უფლებები ხშირად საზოგადოებრივი აზრით ირღვევა, რისთვისაც პასუხს ვერავის მოთხოვ და შესაბამისად აქ დასჯადიც არაფერია. თუმცა, იმისთვის რომ უკეთესად განვმარტო – მაგალითს მოვიყვან.

მკითხველო, წარმოიდგინე, რომ შენს მშობლებს უნაყოფობის პრობლემა ჰქონდათ და გადაწყვიტეს ხელოვნურად განაყოფიერების ხერხისთვის მიემართათ. ეს ყველასთვის იოლი წარმოსადგენი არ არის, გამომდინარე  ყველა მშობლის ინდივიდუალურობიდან, თუმცა ამ პატარა ექსპერიმენტისთვის ამის ერთჯერადად წარმოდგენა ნამდვილად ღირს.

მოკლედ მკითხველო, შენ ხელოვნური ჩარევის დახმარებით დაიბადე! (აქცენტს ვუსვამ სიტყვას „დახმარებით“ რადგან ამგვარი მეთოდით დაბადებული ბავშვები ჩვეულებისამებრ დედის ორგანიზმში ვითარდებიან და ჩარევა მხოლოდ ჩასახვის ეტაპზე ხდება).

მკითხველო, ეცადე გულწრფელად წარმოიდგინო, რას იგრძნობ, როდესაც ინტერნეტ-სივრცეში, ტელე-ეთერით და ზოგადად- ქუჩაში გაიგებ აზრს შენს შესახებ- რომ შენ „შავბნელი ექსპერიმენტის შედეგი“ ხარ, „სული არ გაქვს“ და „შენი ოჯახისთვის უბედურების მომტანი“ ხარ. (ფრაზების ციტირებას ფორუმებიდან ვახდენ, სადაც ამ თემაზე დისკუსიები საკმაოდ ხშირია.)

თუ ამ პატარა ექსპერიმენტის პირობებს  მკითხველი პირნათლად შესასრულებს – ის აუცილებლად იგრძნობს იმ შეურაცხყოფის ნაწილს მაინც, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელოვნური მეთოდის დახმარებით დაბადებული ადამიანების უფლებებს არღვევს და ამისთვის პასუხი არავის  მოეთხოვება. ადამიანთა ჩაგვრის შესამცირებლად კი ყველაზე  საღი მეთოდი იმის გაცნობიერებაა, რომ ყველა ჩვენთაგანი შესაძლოა იყოს „სინჯარის ბავშვი“. ასეთი მეთოდით დაბადებული ბავშვები კი არამც და არამც არ არიან „უსულო საგნები“. თუმცა საზოგადოების ჰუმანურობა არც „შეცოდების“ რეჟიმში არ უნდა გადადიოდეს, რადგან გაგიკვირდება საზოგადოებავ, მაგრამ  ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც შესაძლოა ნებისმიერი რელიგიის მიმდევრები –  თუნდაც მართლმადიდებლური მრევლის წევრები იყონ, რომელთა მშობლებმაც გულზე ხელი არ დაიკრიფეს, „ხელ-ფეხი გაანძრიეს“ და „ეშველათ“.

სოფო მაქაცარია