„ბევრ ისეთ დეტალს ვამჩნევ, რაც სხვისთვის შეუმჩნეველი რჩება” – ერეკლე როსტომაშვილი

358

ხშირად უბრალო ადამიანები უფრო საინტერესო რესპონდენტები არიან ვიდრე პოლიტიკოსები ან თუნდაც ცნობადი სახეები. დღეს ჩემი რესპონდენტი ასეთი „უბრალო ადამიანი“, ერეკლე როსტომაშვილია, რომელიც ცხოვრებას ობიექტივს მიღმა აკვირდება. 2011 წელს სამხატვრო აკადემია დაამთავრა, გარკვეული პერიოდი დიზაინერად მუშაობდა, ამჟამად, 2014 წლიდან დღემდე ფოტო პორტალში, ფოტოგრაფად მუშაობს.

 

  • რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
  • ყოველთვის მომწონდა და სიამოვნებას მანიჭებდა ფოტოაპარტთან „ურთიერთობა“, ჩემთვის ის საქმიანობაა რისი კეთებაც სიამოვნებას მანიჭებს.
  • რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს საქმიანობაში?
  • ბევრ ისეთ დეტალს ვამჩნევ, რაც სხვისთვის შეუმჩნეველი რჩება. მომწონს, როცა ობიექტივიდან ვაკვირდები სამყაროს და განსხვავებულად აღვიქვამ მას. სიამოვნებას მანიჭებს თვითონ პროცესი, კადრის დაჭერა, დაფიქსირება, ფოკუსის გასწორება. ყველაზე დიდი მუღამი ისეთი კადრის აღბეჭდვას აქვს, რაც მართლა მნიშვნელოვანია და საინტერესო. ჩემთვის ჩემი საქმიანობა ხელოვნებაა.
  • სამსახურის გარდა თუ იღებთ სურათებს საკუთარი სიამოვნებისთვის, ასე ვთქვათ?
  • კი, რა თქმა უნდა. ამის გარეშე, ალბათ, არ შემიძლია. სურათის გადაღება ბევრს უყვარს, მითუმეტეს პროფესიონალურ დონეზე, ხოლო ბუნებას, ცხოველებს, მცენარეებს, ქალაქის ქუჩებსა და შენობებს, ხომ საერთოდ, პრობლემა არ აქვთ სურათის გადაღებაზე – მათი დათანხმება ყველაზე მარტვია.
  • გამოფენის გაკეთებაზე არ გიფიქრიათ?
  • არა, ჯერ არა. თუმცა რატომაც არა, არ იქნება ცუდი. მაგრამ ჯერ რაღაც პერიოდი, ალბათ, შეუძლებელია. სამსახურის გამო დრო არ მაქვს და საკუთარი გამოფენის მოწყობას ნამდვილად სჭირდება დრო, ფინანსები, ნამუშევრები და ამ ეტაპზე არ გამოვა.
  • სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
  • ჩემი სამომავლო გეგმები მოხერხებულობაზეა დამოკიდებული (ვგულისხმობ ფოტოგრაფიას). არიან ფოტოგრაფები რომლებსაც 30-40 წლიანი გადაღების სტაჟი აქვთ, მაგრამ არც მატერიალური და (მეორე სიტყვა რაც მოუხდება აქ) ფიზიკური პირობები არ აქვთ, მაგრამ ასევე არიან ფოტოგრაფები, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც იღებენ კერძო შეკვეთებს და საკმაოდ კარგი შემოსავალიც აქვთ. მე კი ვაპირებ მომავალ წელს ჩავაბარო მაგისტრატურაში, სავარაუდოდ, მარკეტინგზე და იქ მოვსინჯო ძალები.

ესაუბრა: ქეთი კალანდაძე