არა „კაცური“ საკითხავი

104

თამთას ბლოგი…

მე ქალი ვარ. ჯერ კიდევ ემბრიონს გამიმართლა და მშობლებმა გადაწყვიტეს გავჩენილიყავი.გადავურჩი სელექციურ ცელს, მერე რა რომ გვარის გამგრძელებელი არ ვარ. ჩემს დაბადებას არც იმდენი შუშხუნა მოჰყოლია რამდენიც ჩემი ძმისას. მერე ვიზრდებოდი ისე, როგორც ყველა გოგო,ტრადიციებით, ნამდვილ ქართველ მანდილოსანს რომ შეეფერება.

ჩემზე ამბობენ,რომ განათლება დიდად არ მჭირდება, მთავარია კარგი დიასახლისი ვიყო. დედაჩემი ამბობს: “დარდისგან მოვკვდები თუ კარგ პატრონს არ ჩაგაბარეო”. ჰო, ჩემს “პატრონს” ,აი იმას ჩემმა ოჯახის წევრებმა რომ უნდა ჩამაბარონ, ჩემი განათლება დიდად არ აინტერერსებს, ჭამა უნდა და სუფთა სახლი. მე ვაგრძელებ ცხოვრებას. ჩემს ცხოვრებას ერთი ეპითეტი აქვს – მეორეხარისხოვანი.

გავა წლები, ვიყვავილებ, სწავლაშიც ტოლს არ დავუდებ ბიჭებს,ეგებ უკეთესიც ვიყო. ჩემები მაინც ამბობენ,რომ მთავარია ბიჭს ასწავლონ, გოგოს პატრონი მიხედავს. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ველოდები, ოცნების კოშკებს ვაგებ. იცით მან უნდა მომიაროს, მას უნდა დავეყრდნო ისე, როგორც კედელს.

ამბობენ,რომ პატრონმა შეიძლება მომიტაცოს, ჰო, ეს მიღებული ყოფილა ჩვენთან, ხალხი ამბობს თუ ეგრე მოხდა უკან აღარ უნდა დაბრუნდეო. სირცხვილი ყოფილა თურმე. 15-16 წლისაც რომ გათხოვდე პრობლემა არც ეგაა, ქალს ყველაფრის ატანა შეუძლია თუ მოინდომებს.

ასეა, ხან გვიტაცებენ, ხან გვირიგებენ, ხანდახან ნებითაც მივყვებით. მოკლედ, ერთ დღეს ისიც გამოჩნდა, თქვა ჩემიაო და საკუთრებაში გამიფორმა. მერე იყო სუფრა,იყო ლამაზი სადღეგრძელო დიდი ყანწით, იყო წლები,იყო შეჩვევა, იყო რამდენჯერმე გამოწეული მუცელი,სექსიც იყო მხოლოდ შვილების გამო, ისე ქართველი კაცი მაგას ცოლს არ აკადრებს.

ვიყავი მზარეული, ვიყავი ჭურჭლის მრეცხავი,დამლაგებელი დედა და ცოლი. ასე, ყოველ დღე , მზარეული დედა და ცოლი. ისე, ალბათ სიყვარულის მსგავსიც იყო რაღაც. თითქოს პატივისცემაც იყო, სიტყვებში გამოხატული. თუმცა აღარაფერს აქვს აზრი…

მაინც მეჩხუბება, მაინც მაგინებს, მაინც მცემს. პოლიციაში განვაცხადო? აზრი არ აქვს მანდ მარტო ოქმის წერა იციან. თანაც ხალხი რას იტყვის,რომ გაიგებს. გავეყარო? აღარც ამას აქვს  მნიშვნელობა,საკუთრებას ასე იალოად არავინ თმობს და მეც მკლავენ, ეჭვიანობის ნიადაგზე.

თბილისში კიდევ ერთხელ მოკლა ქმარმა ცოლი.სტატისტიკას თუ დავუჯერებთ ეს უკვე მეოცე შემთხვევაა. გვეტკინა, ავიშალეთ, ავიჯაგრეთ, ვაკრიტიკეთ, თუმცა მხოლოდ დღეს, ხვალ გადაგვივლის.გავყუჩდებით ახალი მსხვერპლის მოლოდინში. ხალხიც, მთავრობაც, პოლიციაც, ყველა…

გინახავთ კახიძის პარკში ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ძეგლები რომ დგას? ამას წინათ, იქ ერთი თითქოს ჩვეულებრივი სცენა ვნახე. იდგა ნინო რამიშვილი მხრებგაშლილი, თავაწეული და თავზე ეჯდა 6-7 წლის  ბიჭი, რომელიც გაიზრდება და კაცი გახდება. ეს, ისე თითქოს არაფერი, ქალის ძეგლია მხოლოდ, მაგრამ იყო ამ სცენაში რაღაც დამაფიქრებელი…

თამთა ყიფიანი