GUEST №13 in “Bar-Lounge 13”

152

ეს ისტორია კი იწყება სწორედ მაშინ, როცა “YellowBlog”-ში ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა. ჩვენმა მთავარმა რედაქტორმა ერთ ჟურნალისტს ერთი რუბრიკა ჩააბარა, მეორეს მეორე. ყველას ერთად კი თავისი ახალი იდეა გაგვანდო. რუბრიკა სახელად: “Secret Guest №13”.

იმის გარდა, რომ ყოველდღე ვიმუშავებდით სხვადასხვა სტატიებზე, ჩვენ ასევე ბარებში, კლუბებში და რესტორნებში ვიზიტისას უნდა გვეწარმოებინა დაკვირვება. შემდეგ ჩვენი შთაბეჭდილებები გვექცია ბლოგებად და ეს ყველაფერი გაგვენდო მკითხველისათვის. სად არის იდეალური გარემო გემრიელი კერძებით და პირიქით, ანუ იგივე – “Secret Guest №13”.

ჩვენი რედაქტორის იდეა თავიდანვე მომეწონა. და სანამ ქალაქში ჩემი „ვოიაჟის“ შესახებ დავიწყებდე წერას, გეტყვით, რომ დასანახავად ვერ ვიტან 13-ს. ბავშვობიდან ვთვლი, რომ ის ისევე თარსია, როგორც შავი კატა. მაგრამ რას გავაწყობდი, როდესაც ჩემმა რედაქტორმა მითხრა, რომ რუბრიკა “Secret Guest”-ი „საზეიმოდ“ ჩემი ბლოგით უნდა „გახსნილიყო“ და პირდაპირ “Bar-Lounge 13”-ში გამამწესა.

“Bar-Lounge 13”-ი გამრეკელის №1-ში მდებარეობს, თუმცა გარეთ დიდი აბრა არ აქვს, ასე, რომ შეიძლება მარტივად აცდეთ მას და პირდაპირ „გიას ხაჭაპურებში“ მოხვდეთ. როგორც შევიტყვე, მის მეპატრონეს უყვარს რიცხვი 13 და აი, შედეგიც!

მე უკვე “Bar-Lounge 13”-ში ვიყავი ჩემ მეგობართან ერთად. ფართი არც თუ ისე დიდია. რბილი ტახტებით და დაბალი მინის მაგიდებით მოწყობილი. ტახტებზე კი უცერემონიოდ შეხამებული ბალიშებია მიმოფანტული.

ჩვენი ოფიციანტი საკმაოდ ყურადღებიანი ბიჭი აღმოჩნდა. მან თავიდანვე მოგვიტანა საფერფლე და მენიუ. ფასები საკმაოდ მისაღები იყო. ვფურცლეთ-ვფურცლეთ და ჩვენი არჩევანი მეპატრონის დაჟინებული რჩევით პიცაზე შევაჩერეთ. მისი თქმით, პიცა განსაკუთრებულად გემრიელი ჰქონდათ. მე კი ცამეტისგან განსხვავებით, პიცა ბავშვობიდან მიყვარს.

შეკვეთის მოტანას სულ რაღაც ნახევარი საათი დასჭირდა. ვისთვის ცოტა, ვისთვის ბევრი… მე დიდად არ მშიოდა. შესაბამისად ეს ფაქტი მინუსად არ ჩამითვლია. ერთი იყო, რომ ამ ტახტზე ვერა და ვერ მოვეწყე. კიდევ კარგი, რომ შარვალი მეცვა და არა მოკლე ქვედაბოლო. იქ მჯდომს აუცილებლად მოგინდებოდათ ძირს მოკალათება, რომ მაგიდას როგორმე მიწვდომოდით, რადგან ერთი ალთას იყო მეორე ბალთას.

და აი, ჩემი პიცაც მოვიდა! პიცის არომატულმა სურნელმა და კარგმა ვიზუალმა საბოლოოდ დამავიწყა, რომ სტატიის დასაწერად ვიყავი შესული “Bar-Lounge 13”-ში და გემრიელად დავიწყე მისი მირთმევა.

პიცის გემო ისეთივე გემრიელი აღმოჩნდა, როგორც მისი სურნელი. და როდესაც მეორე ნაჭერზე გადავედი, სწორედ მანდ დასრულდა ყველაფერი…

პიცა პეპერონისთვის მზარეულს ყველის, ლორის, სოკოს და ზეთის ხილის გარდა, მეტი „არომატისთვის“ გრძელი თმის ღერიც დაემატებინა.

ჩანთას დავწვდი და სწრაფად გამოვვარდი “Bar-Lounge 13”-დან, ისე რომ „გემრიელი“ პიცა პეპერონისთვის ფოტოს გადაღებაც დამავიწყდა.

რა თქმა უნდა ძნელია ამ შემთხვევაში მენდოთ სიტყვაზე, მაგრამ ეს თქვენი ნებაა. აბა დაფიქრდით, რატომ დავწერდი 2 თვის გახსნილ “Bar-Lounge 13”-ის პიცაზე ასეთ საშინელ ფაქტს, რომელიც ჩემდა უბედურ ბედად მე შემემთხვა?!

 

By GUEST №13