BMW სამი კომპრესორით?!

709

გაგიგიათ რამე ისეთი ძრავის შესახებ, რომელსაც ერთბაშად სამი კომპრესორი ემსახურება? ასეთს ჯერჯერობით არც ერთი საავტომობილო კომპანია არ აწარმოებს. თუმცა, მალე პიონერიც გამოჩნდება და ამ საპატიო მისიას ბეემვე შეასრულებს.

ბავარიელებმა ავტობიზნესში მოღვაწეობა ოთხცილინდრიანი ძრავებით დაიწყეს და ცილინდრების რაოდენობას თანდათან, პოპულარობის და ბიზნესის ზრდის კვალობაზე უმატებდნენ. ასე მიაღწიეს V8 და უფრო მეტცილინდრიან ძრავებამდე. თუმცა შემდეგ ავტოინდუსტრიაში ტენდენცია შეიცვალა და ახლა ყველა ეკონომიკური, მაქსიმალურად ეფექტიანი ძრავების წარმოებას ცდილობს. შესაბამისად, ლიტრაჟი და ცილინდრების რაოდენობაც მცირდება. რა თქმა უნდა, ამ ტრენდს ბავარიელებიც მიჰყვებიან. ოღონდ, ეს ძრავების სიმძლავრის შემცირების ხარჯზე არ მოხდება. და ამ საქმეში მიუნხენელ ინჟინრებს ჩაბერვის სისტემები ეხმარება.

როგორც გამოცემა ავტოექსპრესი გვატყობინებს, შემდეგი თაობის M3 სამკომპრესორიანი 3.3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი (ერთ რიგში ჩამწკრივებული ცილინდრებით) ძრავით აღიჭურვება. ამ სამიდან, ორი ტურბოდამჭირხნი იქნება, ერთს კი ელექტროძრავი დაატრიალებს. ბავარიელთა M-დივიზიონის შეფის, დოქტორ ფრიდრიხ ნიჩკეს განცხადებით, ეს იმისთვის კეთდება, რომ საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად, სიმძლავრის კლების გარეშე შემცირდეს. ამ საქმეში კი, M-დივიზიონს ტურბინების გარდა, კარბონის კომპოზიტის ფართოდ გამოყენებაც დაეხმარება.

ნიჩკეს თქმით, ძრავი 3.3-ლიტრიანი იქნება და სამი კომპრესორის დახმარებით, დაახლოებით 450 ცხენის ძალას განავითარებს. ჯერჯერობით უცნობია, ტურბოკომპრესორები მიმდევრობით იმუშავებენ, თუ ისინი „საკუთარ” 3-3 ცილინდრს მოემსახურებიან. იმავდროულად, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ელექტროძრავთან დაკავშირებული კომპრესორის მიერ დაჭირხნული ჰაერი ტურბოკომპრესორებს მიეწოდება, ასე კი ეგრეთ წოდებული ტურბო-ლაგი (ერთგვარი ჩავარდნა მკვეთრი გზის დროს) გამოირიცხება.

გარდა ამისა, ნიჩკემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია სუპერავტომობილ M1-ის გამოშვების შესაძლებლობასაც განიხილავს. მისი თქმით, ასეთი ავტომობილი, V10 და V12 ძრავების გარეშე, ასტონ მარტინის, ფერარის და ლამბორგინის სუპერავტომობილებს ჯეროვან კონკურენციას ვერ გაუწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, M1 ბაზარზე 2016 წელზე ადრე არ გამოჩნდება.

და ისევ სამკომპრესორიანი ძრავის შესახებ. ამ ძრავით პირველად ალბათ უგზოობის X3-ის M-ვერსია აღიჭურვება, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის ავტო შოუზე იგეგმება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ავტომობილი თავიდანვე ამ ძრავით იქნება ხელმისაწვდომი. იმავე ძრავით მომავალში კუპე M2-იც აღიჭურვება

წყარო