ვინ ირჩევს ყვითელს?

97

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე და ჩემთვის ცნობილი გახდა ბილ კოვაჩის არსებობა, მუდმივად ვმსჯელობ თემაზე, ვინ ირჩევს იმას, რაც ჩვენამდე მოდის. სახლში -ტელევიზორი, მანქანაში – რადიო, სამსახურში- კოლეგები, კაფეში – მეგობრები, ყოველ თავისუფალ წამს- ფეისბუქი. ინფორმაცია განუწყვეტლივ მოდის და ამის შეჩერება არ შეგვიძლია. მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ, რა სახის ინფორმაცია მოვიდეს ჩვენამდე?

-რა  წაიღეს ტვინი ამ სერიალებით“ – ამბობს ყოველი მეორე, არადა, მაინც უყურებს.

-გადართე!

– სად გადავრთო, ყველგან სერიალებია.

გამოდის, მედია გვაიძულებს და გვაყურებინებს იმას, რაც არ გვინდა. ჩვენთვის ნამდვილი ტანჯვაა ფერიდეს  და ნაზლის ცხოვრებით ცხოვრება…სხვა გზა არ გვაქვს და რა ვქნათ.

იმავეს ვიტყოდი პრესაზე. თავმოყვარე ჟურნალისტს არ სიამოვნებს მუდმივად კიმ კარდაშიანზე წერა, მაგრამ რა ქნას, თუ კარდაშიანის თამამ ფოტოებს ყველა ათვალიერებს და ნორმალურ სტატიას სიშიშვლის გარეშე – სამი ადამიანი.

მედიის პასუხი მარტივია: ვუშვებ იმას, რაც პოპულარულია. იმიტომ, რომ ბევრი ნახვა = რეიტინგს. რეიტინგი = რეკლამის დამკვეთს. რეკლამა = ფულს. მოდი, საზოგადოებამ მიიღოს  სასურველი სერიალი/სტატია 18+ით  და მე – შემოსავალი. ყველა კმაყოფილი და ბედნიერი  იქნება.

მედიაა ცუდი თუ ჩვენ? ჩვენ. მედიას აქვს ძალაუფლება, მას უწოდებენ მეოთხე ხელისუფლებას, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვლენების აღქმაზე, მაგრამ რა ძალა აქვს ამ ყველაფერს ჩვენი, ადამიანების გარეშე?

კიდევ ერთი მარტივი მაგალითი: ჩემი გარშემომყოფების უმრავლესობამ იცის, რა გავიდა წინა კვირას გია ჯაჯანიძის შოუში, მაგრამ ჯერ არცერთი ადამიანისგან მსმენია, რომ ,,არტარეაზე“ ლევან ბერძენიშვილის საჯარო  ლექცია მოეწონა. ან თუნდაც უყურა და არ მოეწონა. გამოდის, რომ ალტერნატივა გვაქვს, მაგრამ არ გვინდა. შეჩვეული ცუდი გვირჩევნია. ის გვირჩევნია, რაც თვალს ახარებს და ტვინს- არა.

რეიტინგი იმას ვერ არჩევს, რა ემოცია გვაწერია სახეზე, როცა ეკრანს მივჩერებივართ. მარტო ის იცის, რომ ჩვენი ტელევიზორი ხუთშაბათს, 10 საათზე, იმედზე იყო ჩართული. მას მეტი არაფერი აინტერესებს. არც ის იცის, კიმ კარდაშიანის შიშველი ფოტო მოგეწონათ, თუ არა. მთავარია – გახსენით. ესეიგი, კითხვადია. თუნდაც ერთი კვირით რეიტინგის დავარდნა ჟურნალისტისთვის სიგნალია, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს და მდგომარეობა უნდა გამოასწოროს, მაგრამ ჩვენ მაინც ვხარჯავთ დროს იმაში, რაც არ მოგვწონს. მერე უნდა გავაკრიტიკოთ, გავიცინოთ, ვთქვათ, რომ საზიზღრობაა და ამის ყურება არ შეიძლება. შემდეგი  კვირაც მოვა და ისევ დაველოდებით, რომ ვნახოთ, ამჯერად რა საზიზღრობა მოგვიმზადეს.

მედია გამოდის ცუდი თუ ჩვენ?

 

თინა ღურწკაია