რა ელის ზოოპარკს?

130

თუ ზოოპარკს ჩაუვლით, ადვილად შეამჩნევთ, რომ ძველებურად აღარც დამთვალიერებლებითაა სავსე და ძველი მიმზიდველობაც დაკარგული აქვს. შიგნით შესულს კი ცხოველების შემცირებული რაოდენობა დაგხვდებათ.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ აქ ბევრი რამე შეცვალა… ბეჰემოთი ვოლიერიდან გმირთა მოედანზე აღმოჩნდა, დათვი ადმისტრაციის შენობის მეორე სართულზე არსებულ კონდიციონერზე, პინგვინი წითელ ხიდთან მდინარეში მოცურავე შენიშნეს და უამრავმა ცხოველმა თავისი „ბინა“ დაკარგა. რაც ყველაზე სამწუხაროა,  ზოოპარკის რამდენიმე თანამშრომელი და უამრავი ცხოველი დაიღუპა. ტერიტორიის მოწესრიგება და გასუფთავებაც რთული აღმოჩნდა. სამი თვის შემდეგ მეტნაკლებად მოწესრიგებული ზოოპარკი კვლავ გაიხსნა.

თუმცა, მისი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, სტიქიიდან 8 თვის შემდეგ მთავრობას თითქმის მიავიწყდა ან არც ისე მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია მის გაუჯობესებაზე ზრუნვა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დახმარება ზოოპარკს მხოლოდ ერთხელ გაუწია. მას შემდეგ კი ზოოპარკს თავისივე მოძიებული სახსრებით თავად უწევს დარჩენილ პრობლემებთან გამკლავება.

გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გასული წლის აგვისტოში თბილისის მერიამ ერთადერთხელ გამოყო თანხა, 95 000 ლარი, რომელიც ბეჰემოთის ვოლიერის ასაშენებლად (ზამთარი ახლოვდებოდა და ღია ცის ქვეშ ვერ გააჩერებდნენ) და ზოოპარკისთვის გადაცემული თბილისის ზღვის მახლობად ,48 ჰექტარი მიწის, შემოსაღობად აღმოჩნდა საკმარისი. ზოოპარკს ორი დაფინანსების წყარო გააჩნია : მერიის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი, რომელიც დღემდე აქვს და საკუთარი შემოსავალი. აქ იგულისხმება ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი და იჯარები ( კაფეების,მაღაზიების, ატრაქციონების მეპატრონებიის მიერ გადახდილი თანხა). თუმცა მერიამ მოიაჯრეები შეღავათის სახით გადასახადისგან გაათავისუფლა, ზოოპარკს კი კომპენსაციის სანაცვლოდ არაფერი მიუღია. გარდა ამისა, დამთვალიერებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის აზრით, ამის ორი მიზეზია. დღეს ის ცხოველები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობდა, ფაქტობრივად არც ერთი აღარაა ცოცხალი. აგრეთვე მძიმე ისტორიებიც, რომლებიც ხალხს შემორჩა საყვარელი ცხოველების დაღუპვის გამო.

ზოოპარკი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია და არსებული  მცირე შემოსავალი საკმარისი ვერ იქნება პრობლემებთან სრულად გასამკლავებლად. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის აზრით დავინტერესდი, თუ ვინ უნდა ზრუნავდეს მის აღდგენაზე. გამოკითხულთა 100% თვლის, რომ ეს მთავრობის საქმეა და მისი გაუმჯობესების შემთხვევაში კი 87% უფრო ხშირად ივლიდა პარკში.

მიუხედავად ყველაფრისა, ბ-ნი ზურაბი  თავისივე მოძიებული სახსრებით არა მარტო არსებულის მოვლაზე, არამედ ახალის მოწყობაზეც აქტიურად ზრუნავს. 2011 წელს ზოოპარკისთვის გადაცემული  ახალი ტერიტორია ნელ-ნელა იწმინდება ნაგვისგან, რაშიც მერია დაეხმარა. ზოოპარკის დირექტორის თქმით, გადასვლა ეტაპობრივად იგეგმება. ამ ეტაპზე გერმანიის თანამშრომლობის ფონდისგან მიღებული გრანტით კი 4 ადგილობრივი სახეობის ცხოველისთვის ახალი ვოლიერების აშენება იგეგმება.ეს იქნება თანამდროვე ევროპული სტილის უბარიერო ვოლიერები.

რაც შეეხება ძველ ზოოპარკს, მისი ქვედა ნაწილის აღდგენა არ იგეგმება. ზედა ნაწილში კი მუშაობა მიმდინარეობს და 2 ახალი ვოლიერი შენდება პრიმატებისთვის (ნახევრადმაიმუნები,მაიმუნები). ეგზოტარიუმი სტიქიის შედეგად არ დაზიანებულა და გარკვეული რეკონსტრუქციებიც ჩატარდა: გაკეთდა ახალი აკვარიუმები, შეიქმნა ინსექტარიუმი.

ბ-ნი ზურაბის თქმით, ევროპის ზოოპარკებმა დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეს და არა მარტო ცხოველებით მოამარაგეს, არამედ ტრანსპორტირების ხარჯებიც მათ გაიღეს, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

გაზაფხულიდან კი არაერთი ცხოველი შეემატება თბილისის ზოოპარკს. მარტიდან ბრისტოლის ზოოპარკის გამოგზავნილ 24 პინგვინს ელოდებიან. დანარჩენი ცხოველებისთვის კი ვოლიერები მზადების პროცესშია. აქ მალე დაიდებს ბინას ისეთი ცხოველები, რომლებიც  დიდი ხანია არ ჰყოლია ან პირველად გამოჩნდება ჩვენს ზოოპარკში, მაგალითად კენგურუ. ზოოპარკი კვლავ აპირებს სხვადასხვა საოცარი ცხოველებით ბავშვებისა და უფროსების გაოცებას.

 

მოამზადა: გვანცა სილიკაშვილმა