მუსიკა შიშის გარეშე – რისთვის იბრძვის კეშა

101

ამერიკელი მომღერლის საქმე პროდიუსერის – Dr. Luke-ს წინააღმდეგ წელიწადზე მეტია გრძელდება. კეშა მას მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უჩივის. მომღერლმა მუსიკალური კარიერა უკვე დაასრულა, თუმცა დღემდე იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად.

28 წლის კეშას ორი საკმაოდ წარმატებული ალბომი აქვს, სადებიუტო ალბომის ,,Animal“ პროდიუსერი სწორედ Dr. Luke იყო. ლიუკი შოუ-ბიზნესში ცნობილი ადამიანია, მას უმუშავია ისეთ მომღერლებთან, როგორებიც არიან კეიტი პერი, მაილი საირუსი, პინკი, რიანა და ნიკი მინაჯი. სწორედ ლიუკის წყალობით შედგა კეშა, როგორც მომღერალი.

2014 წლის ოქტომბერში კეშამ სასამართლოში განცხადება შეიტანა და Dr. Luke-თან კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა. მისი თქმით, პროდიუსერი მასზე ძალადობდა და ნარკოტიკების მოხმარებას აიძულებდა. ერთხელ, როდესაც ვითომ გამოსაფხიზლებელი აბი დაალევინა, მომღერალმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და დილით ლიუკის ნომერში გაიღვიძა.

კეშას კარიერას მთლიანად პროდიუსერი აკონტროლებს და გაყიდვებიდან შემოსული მოგებაც მის ხელშია. Sony Music, რომელთანაც Dr. Luke  თანამშრომლობს, აცხადებს, რომ კეშა ვალდებული არ არის მხოლოდ მასთან იმუშავოს. ადვოკატის მტკიცებით კი კონტრაქტში გარკვევით წერია, რომ ვისთანაც არ უნდა ითანამშრომლოს, კეშას მუსიკა საბოლოოდ მაინც ლიუკის ლეიბლით მივა საზოგადოებამდე და შემოსავალსაც მას მოუტანს. კონტრაქტი ექვს ალბომზე ვრცელდება.

კეშას მხარდასაჭერად ისეთი ადამიანები ერთიანდებიან, ვისაც თავის დროზე  Dr. Luke- თან უმუშავია: მაილი საირუსი, კელი კლარკსონი, ლედი გაგა, არიანა გრანდე. ტეილორ სვიფტმა თანადგომის გამოსახატად მომღერალს 250000 დოლარი გადაურიცხა.

Dr. Luke  კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. მისი თქმით, კეშასთან სქესობრივი კონტაქტი არასოდეს ჰქონია და არასოდეს მიუცია ნარკოტიკები, სრულ თავისუფლებას აძლევდა შემოქმედებითი კუთხით და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

24 თებერვალს კეშამ ,,ფეისბუქზე“ დაწერა: ,,ეს საქმე მხოლოდ მე არ მეხება. მე ყველა ახალგაზრდა გოგონაზე ვფიქრობ და არ მინდა, რომ მომავალში ჩემს ქალიშვილს, ან თქვენს შვილებს ეშინოდეთ ფიზიკური ძალადობის აღიარება, განსაკუთრებით, თუ მისი ჩამდენი გავლენიანი ადამიანია. ‘’

ცოტა ხნის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე კონტრაქტი დროებით შეჩერდებულად გამოცხადდა.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ