ჩემი საბჭოთა კავშირი

214

ზუსტად 95 წლის წინ, 25 თებერვალს საქართველომ სიმწრით მოპოვებული სამწლიანი დამოუკიდებლობა დაკარგა. 1921 წლის 12 თებერვალს საქართველოში რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა. ქართული ჯარი და მოხალისეების არმია რამოდენიმე დღის განმავლობაში აკავებდა რუსეთის მე-11 არმიას თბილისის შემოსასვლელთან. დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მე-11 არმიას ქართველმა იუნკერებმა, რაღაც მომენტში მტრის უკუგდებაც კი შეძლეს, თუმცა განახლებული ძალებით შემოსეულ მტერს წინ ვეღარ აღუდგნენ. 23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში ბრძოლები შეწყდა, არაერთი ქართველი დაიღუპა ამ შეტაკებების დროს, მათს შორის იყო პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც. 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია, ფაქტობრივად, უბრძოლველად შეიჭრა თბილისში. 95 წლის წინ, სწორედ ამ დღეს ჩვენი ქვეყნის არსებობის მომავალი 70 წელი განისაზღვრა. ამ პერიოდის მოკლედ და კონკრეტულად აღწერა ძალიან რთულია, შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ აღვწერო „ჩემი საბჭოთა კავშირი“.

ეს იყო ეპოქა, რომელშიც, ჩემი სუბიექტური აზრით, სრული განუკითხაობა სუფევდა. თუმცა დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც, სრული ამ სიტყვის მნიშნელობით, მისტირიან იმ დროს, 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენას, მუდმივ შემოსავალს, კარგ სამსახურს და ძირითადად ყველაფერ მატერიალურს, ამ ადამიანებს საჭოთა კავშირის გადმონაშთებს უწოდებენ. მატერიალური უბრალოდ არ მიხსენებია, ცოტა ხნით ობიექტურები თუ გავხდებით, ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული პრობლემები იმ დროს ნამდვილად იყო მოგვარებული, მაგალითად უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ყველას ელოდა სამსახური და ათასობით CV-ის გაგზავნა საჭირო არ იყო, თუმცა ამაშიც ადამიანს არჩევანის უფლებას უკარგავდნენ და სადაც მოუნდებოდათ იქ გაამწესებდნენ. 37 მანეთადაც ნამდვილად გადაფრინდებოდით მოსკოვში და, ალბათ, კარგ დროსაც ატარებდით, მაგრამ სამკაციან ჯგუფებთან იქაც დიდი სიფრთხილით უნდა ყოფილიყავი, საბჭოთა კავშირის ნებისმიერ წერტილში კედლებსაც კი ყურები ჰქონდაო გამიგია. მართალია, ქარხნები და საწარმოები ფუნქციონირებდა, მაგრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ერთი ქვეყანა საკუთარი წარმოების ერთ ჭიქასაც ვერ დაამზადებდა. საკმაოდ განვითარებული იყო მეცნიერება, თუმცა ძალიან ბევრი მეცნიერი, ისევე როგორც ხელოვანი, იძულებული იყო ედიდებინა რეჟიმი. საბჭოთა კავშირი იყო სახელმწიფო, სადაც ხელოვნებაც კი იდეოლოგიზირებული გახლდათ. ადამიანი ნაწარმოებს შექმნიდა კი არა, ვერც თარგმნიდა ისე შესაბამის ინსტანციებს რომ არ გაეგო და უფლება გაეცა მის თარგმნაზე. წარმოიდგინეთ რამდენად რთული იყო ასეთ ეპოქაში მხატვრული ღირებულის მქონე ნაშრომის შექმნა. ხელოვნებასაც კი თავისი დანიშნულება ჰქონდა, უმიზეზოდ და უმიზნოდ საბჭოთა კავშირში არასდროს არაფერი არ იქმნებოდა. საბჭოთა ჟურნალისტიკა გამოირჩეოდა შესანიშნავი ნარკვევებით, საგზაო ჩანაწერებითა და რეპორტაჟებით, თუმცა არავინ იცოდა რა იყო სიმართლის, არაპროპაგანდისტული, არაპარტიული, დამოუკიდებელი და თავისუფალი, უცენზურო ჟურნალისტიკა.

ვეცადე, გამეხსენებინა ის დადებითი, თუ შეიძლება ამას დადებითი ეწოდოს, რაც საბჭოთა კავშირში იყო, მაგრამ გადაწონის კი ეს დადებითი საბჭოთა სოციალისტური რეჟიმის იმ მანკიერებებს, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეიძლება გიხაროდეს 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენა, მაშინ, როცა არ გაგაჩნია არაფერი საკუთარი, შეზღუდული გაქვს ყველანაირი თავისუფლება, ცხოვრობ მუდმივ შიშში.

საბჭოთა კავშირი იყო სახელმწიფო, რომელშიც ადამიანებს რეჟიმის ინტერესებიდან გამომდინარე იჭერდნენ, ხვრეტდნენ, ასახლებდნენ, ცილს წამებდნენ და ცხოვრებას უნგრევდნენ. დიდ რეპრესიებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, მხოლოდ იმიტომ ემსხვერლა, რომ ამხანაგმა სტალინმა რეპრესიების და დახვრეტების ხარჯზე ყველა საღად მოაზროვნე პიროვნება ჩამოიშორა, რომელსაც შეეძლო ან არც შეეძლო ხელი შეეშალა სტალინის მმართველობისთვის.

ვიღაცას შესაძლოა მოსწონდა, უყვარდა და დღესაც მისტირის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. მაგრამ, მე ასეთი ხალხის არ მესმის და უამრავი  მაგალითი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასეთ ტერორს, შიშს, ადამიანების და ყველაფრის მიმართ ამგვარ მიდგომას ვერაფერი და მითუმეტეს მატერიალური ვერ გადაწონის.

 

ქეთი კალანდაძე