იმდღეს, ქუჩაში, ახალგაზრდა ქალმა მოწყალება მთხოვა და ხუთი ლარი თუ გექნება, დამეხმარეო მითხრა…

101

იმდღეს, ქუჩაში, ახალგაზრდა ქალმა მოწყალება მთხოვა და ხუთი ლარი თუ გექნება, დამეხმარეო მითხრა…

მაშინ სკოლაში ვსწავლობდი. წლის ბოლო იყო და მთელი კლასი ორდღიან ექსკურსიაზე ვაპირებდით წასვლას. სახლში მოვედი და განწირული ხმით ვთქვი, 30 ლარი მჭირდება მეთქი.
მეორე დღეს, მამაჩემი დილიდანვე გავიდა სახლიდან სადმე, ამ ოცდაათი ლარის საშოვნელად. მთელი დღე კარებს მივშტერებოდით მე და დედაჩემი.
საღამოს მოვიდა. შემოვიდა კარებში, დაპატარავებული, მხრებში მოხრილი და სახეჩამოღვენთილი მამაჩემი და ფილმებში რომაა, ქირურგები მძიმე ოპერაციის მერე რომ გააქნევენ თავს, დამარცხების ნიშნად, ზუსტად ისე გამიქნია თავი და იქვე, ეზოში, ბეტონის მოაჯირზე ჩაჯდა.
მახსოვს, როგორი ტკივილი ვიგრძენი იმ მომენტში და როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში. არაუშავს მეთქი, ჩავილუღლუღე და ოთახში შევედი.
იმ საღამოს, ჩემი კლასელი ბიჭი მოვიდა და მე ფული ვერ მივეცი. ვუთხარი, ვერ წამოვალ მეთქი. ვერ იშოვა ფული მამაჩემმა მეთქი. არაუშავს, თუ ვერ წამოვალ მეთქი. თქვენ, ჩემს მაგივრად გაერთეთ მეთქი და რომ არ მეტირა, მზერა მეზობლის ღობეს გავუშტერე.
გაგიჟდა ეს ჩემი კლასელი. რას ამბობო. შენ თუ არ წამოხვალ, ეგ როგორო და გავარდა სადღაც, მალე მოვალო.
გვიანი ღამე იყო უკვე, როცა სხვა კლასელ ბიჭთან ერთად მობრუნდა. დამიძახეს და ოცდაათი ლარი მომცეს. ხვალ, დილის შვიდ საათზე, ავტობუსთან გნახავთო, მითხრეს და წავიდნენ.
დღემდე არ ვიცი, სად იყვნენ, ვის სთხოვეს ან სად მიშოვეს ის ოცდაათი ლარი, მაგრამ მახსოვს, რომ მაშინ ერთბაშად ძალიან დიდები გავხდით და ეს ჩემი კლასელი ბიჭები, რომლებთან ერთადაც ჯერ ბაღში ვიარე და ახლა სკოლას ვამთავრებდი, უკვე დიდი ადამიანები იყვნენ.
ექსკურსიიდან, მთელ კლასს ბედნიერი ორი დღე შემოგვრჩა. ჩემი კლასელი ბიჭი, 2008 წელს, აგვისტოს ომში, ცხინვალში ბრძოლის დროს მოკლეს. მას მერე კლასი აღარასოდეს შევკრებილვართ.
არ მქონდა ხუთი ლარი და უკაცრავად მეთქი, აჩქარებული ნაბიჯებით ჩავუარე ახალგაზრდა ქალს. თან ვფიქრობდი, ასე, ხუთი ლარით როგორ დაეხმარებიან მეთქი და უცებ შემომესმა, როგორ ჩაიბურტყუნა, ვერ გავუშვებ ექსკურსიაზე შვილს, ბაკურიანში მიდიან, ხუთი ლარიღა მაკლიაო.
ხოდა, ისევ ის საშინელი ტკივილი ვიგრძენი და სისხლიც ისევ ისე გამეყინა ძარღვებში. მივტრიალდი და გზის ფულის ჩათვლით, თუ რამე მქონდა, ყველაფერი ხელში ჩავუყარე. ვუთხარი, არ იდარდოთ, აუცილებლად წავა თქვენი შვილი ექსკურსიაზე და თქვენ ძალიან კარგი დედა ხართ მეთქი.

დიდი მადლობაო…
მთელი საღამო ვფიქრობდი, ხომ შეიძლებოდა თავიდანვე მომესმინა, რისთვის უნდოდა ის ხუთი ლარი, ხომ შეიძლებოდა, მომესმინა, რას ამბობდა… შემთხვევით, რომ არ გამეგონა?! რომ დარჩენილიყო ის ბავშვი ექსკურსიის გარეშე მეთქი და ამტკივდა ყველაფერი სიბრაზისგან.
საკუთარ თავებს, საკუთარ ბავშვობასა და საკუთარ ტკივილებს, თუ უფრო გულდასმით მოვუსმენთ, იქნებ არც სხვების დაგვრჩეს, გულისყურის მიღმა. smile emoticon

 

თინა ღვინიაშვილი