„კუტოკებად” დაყოფილი თაობა

81

თქვენთვის რომ ეკითხათ, პირველ რიგში რა არის ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი, საინტერესოა, რას უპასუხებდით? თქვენი არ ვიცი და მე დაუფიქრებლად ვუპასუხებდი, რომ ეს ადამიანური ურთიერთობებია ( დაუფიქრებლად იმიტომ რომ ამაზე ნაფიქრი მაქვს უკვე ).

ვთვლი, რომ მის გარეშე ჩვენი ცხოვრება უინტერესო და მრავალფეროვნებას მოკლებულია. წარმოგიდგენიათ თუნდაც ერთი დღე ისე, რომ ხმა არავის გასცეთ და არ ეკონტაქტოთ?!

ალბათ  ეს ძალიან რთული და უსიამოვნო დღე აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენს თაობაში, ახალგაზრდებში, ჩემი აზრით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შეიძლება ურთიერთობების დეფიციტი დავასახელოთ.

საყოველთაოდ მიღებული აზრით, ეს სოციალურმა ქსელებმა გამოიწვია, მოზარდებს დააკარგვინა ერთმანეთთან ყოფნის და კონტაქტის სიამოვნება. ამ მოსაზრებას მხოლოდ ნაწილობრივ შემიძლია დავეთანხმო.

იმ ფაქტს ვერ უარვყოფ, რომ ახალგაზრდების უმეტესობა დღის ძირითად ნაწილს კომპიუტერთან ატარებს და სოციალური ქსელით ეკონტაქტება ამხანაგებს.

მიუხედავად ამისა, თუ ამას მეორე მხრიდანაც შევხედავთ, შესაძლოა, სწორედ ამ სახის ურთიერთობამ უფრო დაახლოვოს ახალგაზრდები და შემდგომ პირისპირ ურთიერთობაც გაუმარტივოს. ურთიერთობის პრობლემა მხოლოდ ინტერნეტ მიჯაჭვულობას არ უნდა მივაწეროთ.მე ამაზე დიდ პრობლემასაც ვხედავ.

თითქოს ჩვენი თაობის ადამიანები საკუთარ ვიწრო წრეში იკეტებიან და სხვა აღარავინ აინტერესებთ. „ კუტოკებად”  დაყოფილი თაობა, ასე შევაფასებდი ახალგაზრდობას. უნივერსიტეტში, სკოლაში იკვრება წრე და შენც თუ მათნაირი არ ხარ ცხვირსაც ვერ შეყოფ მათ წრეში. მეტიც, განსხვავებულობის გამო აქეთ აგიბზუებენ ცხვირს.

არ ვამტკიცებ, რომ ეს მხოლოდ ამ თაობის პრობლემაა. ეს იყო, არის და იქნება კიდეც, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მწვავედ დგას ეს პრობლემა. ცინიზმი , დაცინვა , აბუჩად აგდება დღეს „კარგი ბიჭობის ან გოგოობის” დამტკიცება გახდა.

ეს ყველაფერი კი ურთიერთობებს აუფასურებს, ნაკლები კონტაქტის სურვილს აჩენს. მეც ამ თაობის წარმომადგენელი ვარ და მაწუხებს ურთიერთობის დეფიციტი. როგორც ახალი წიგნის წაკითხვისას შეიძლება შენთვის ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინო და, პირიქით, მიხვდე, რომ არ ღირდა ამაზე დროის დაკარგვა, ასეთივე შეიძლება იყოს თითოეულ ახალ ადამიანთან ურთიერთობა.

ამისთვის კი უბრალოდ უნდა ცადო და არ აარიდო თავი კონტაქტს.რაც ყველაზე მთავარია , თუ ამ ყველაფერს „მუღამს” დაუჭერ, საურთიერთობო ობიექტის ამოუწურავი მარაგი არსებობს. ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე ხომ შვიდი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ბევრი მათგანი სწორედ ჩვენი თაობის წარმომადგენელია.

გვანცა სილიკაშვილი