ილუზიის დასასრულის მოლოდინში

100

ავტობუსი  გაჩერდა.  ეტლში მჯდომი მამაკაცი „თავისი ტრანსპორტით“ მძღოლის მხარეს მიიწევს, რაღაცას ეკითხება და ცდილობს, საკუთარი ძალით ამოვიდეს ავტობუსში. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია და კონტროლიორი და რამდენიმე მგზავრი ეხმარება ამოსვლაში. ამას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ჩასვლაც ასეთივე რთული იყო. ავტობუსში უხერხულობა იგრძნობა და მხოლოდ ერთი ქალბატონი აპროტესტებს, რატომ არ დადის  სპეციალური ავტობუსები ამ ადამიანებისთვის.

 

ეს ადამიანი საქართველოში მცხოვრები 200 000 შშმ პირიდან  ერთ-ერთია. დაბრკოლებები, რომლებიც ამ ხალხს სახლიდან გამოსვლასა და საზოგადოებასთან ინტეგრირებაში უშლის ხელს, ბევრზე ბევრია. ერთ-ერთი პრობლემა კი სწორედ მათთვის არაადაპტირებული გარემოა. დღეს კვლავ აქტუალურად რჩება, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არამედ არსებობს შეზღუდული  პირობები.

 

21-ე საუკუნეში კაცობრიობის მთავარი პრობლემა ადგილი გახლავთ. ადგილი ოჯახში, სამეგობროში, სამსახურში, ტრანსპორტში, ქუჩაში, გაჩერებაზე… ყოველი ჩვენგანი შრომობს საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. ავირბენთ კიბეს ლიფტამდე, შევდივართ ვიწრო ლიფტში, ვაბიჯებთ სადარბაზოში კარის ზღურბლს, მივდივართ ვიწრო ტროტუარით, კიბის  რამდენიმე საფეხურით შევდივართ ვიწრო მაღაზიაში, სადაც მაცივრები ავიწროვებს სივრცეს, ავდივართ ხიდზე, რომელზეც ყოვლად გამოუსადეგარი პანდუსია მიმაგრებული, ველოდებით ტრანსპორტს, რომელსაც არ აქვს მოძრავი პანდუსი, ვაჩერებთ მანქანას იქ, სადაც ნიშანს ვხედავთ, ეტლის გამოსახულებით, ან  იქ თუ არა, მის გვერდით და ის ადგილი მარადიულად თავისუფალი გვხვდება. მივდივართ სამსახურში, სასწავლებელში, ბიბლიოთეკაში, კაფეში, შოპინგზე, თეატრში, კინოში, კლუბში,  სადაც შესასვლელად მუდმივად უნდა ავიარო-ჩავიაროთ რამდენიმე საფეხური – ეს ჩვენი ყოველდღიურობაა და პროტესტის გრძნობა არ გვიჩნდება, რომ სადღაც, მრავალსართულიან ასანთისკოლოფა სახლში წევს ის თითქმის ჩვენიანი, ვისი სამანქანო ადგილიც მუდამ ცარიელია.

 

არ მინახავს ადამიანი, რომელიც იტყვის – მე არ შევალ ამ დაწესებულებაში, რადგან ის არ არის ადაპტირებულიო!  შემოვიფარგლებით სიბრალულით, რომელიც მათთვის უხვად გვემეტება. რეალურად კი ვის რაში არგია ეს ჩვენი სიბრალული, რა ხეირს უნდა ველოდოთ მისგან?! გამოდის ჩვენც უხეირონი ვართ, როცა საქმე ამ ადამიანებს ეხებათ, უფრო მეტიც კი – თვალხილული ბრმები ვართ.

 

კანონი, რომელიც ხელმისაწვდომ გარემოს უნდა უზრუნველყოფდეს, არსებობს. თუმცა კანონი – კანონად, პრობლემა კი პრობლემად რჩება. ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი… ერთეულ შშმ პირს თუ დაინახავთ ამ დაწესებულებებში. როგორც იტყვიან, ეს ადამიანები სანთლით საძებნელია და ისინიც იშვიათად თუ წააწყდებიან ჩვენს სიბრალულით აღსავსე თვალებს…

 

ციფრი 200 000 კი საზოგადოებისთვის სტატისტიკურ მონაცემად რჩება. ჩნდება ილუზია, რომ ისინი არც კი არსებობენ, არც ისე ბევრნი არიან ან ტელევიზორიდან გვიმზერენ ის ერთეულები, რომლებმაც შეძლეს და შეზღუდული  გარემო დაძლიეს. ასე იქმნება უწყვეტი ჯაჭვი, რომელშიც ერთი მეორის შედეგია და გრძელდება ასე… მისი დასასრული ან თუნდაც დასასრულის დასაწყისი კი ჯერ არსაიდან ჩანს…

 

გვანცა სილიკაშვილი