მან შეძლო ამ ქვეყნად “ერ-ლომი” ყოფილიყო

323

ერლომ ახვლედიანის ფოტოს დახედვისთანავე, თუ მასში დიდ მწერალს ვერ აღმოაჩენთ, ვინაიდან მის შემოქმედებას არ იცნობთ, დაინახავთ უფრო მთავარს – კეთილ მზერას, რომელიც მუდამ მზადაა ადამიანის დასახმარებლად. ხოლო როცა მისი ნაცნობ-მეგობრებისგან თუ ყოფილი სტუდენტებისგან ბატონი ერლომის საოცარ ამბებს მოისმენთ, დარწმუნდებით, რომ არ შემცდარხართ. ამ კაცში იმდენ ადამიანობას იპოვით, რომ გაუცნობლადაც შეგიყვარდებათ. აკი სიცოცხლეშივე ყველასთვის საყვარელი პიროვნება გახდა: „ერლომი არის სრულიად შეუმჩნეველი, გარეგნობით ყოვლად უპრეტენზიო ადამიანი. მისი ფიზიკური ძალა გაცილებით აჭარბებს სხვებისას როგორც დარტყმით, ისე ხტომით, სირბილით, მისი ბუნება გაცილებით მეტ ალკოჰოლს ითხოვს, ითვისებს და, მიუხედავად ამისა, არავის არ სურს და არავინ ნატრობს ჰქონდეს მისი კუნთები და გაეჯიბროს ლოთის სახელში, როგორც ეს მიღებულია ჩვენს წრეებში. ამ ადამიანმა თავისი ბუნებით მიაღწია იმას, რომ არ იწვევს შურს, ამით ის თითქმის ღმერთი&ნბსპ; გახდა…“ _ ასე ახასიათებდა ერლომ ახვლედიანს მისი უახლოესი მეგობარი, დიდი ხნის წინ ტრაგიკულად დაღუპული მწერალი გურამ რჩეულიშვილი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბატონ ერლომს არასდროს ჰქონია ამბიცია „თითქმის ღმერთს“ გატოლებოდა. მასზე უფრო თავმდაბალ ადამიანს ძნელად თუ მონახავდით. მიზნად არასდროს დაუსახავს ამ სოფლისთვის თავისი კვალის დატოვება, მიუხედავად ამისა, მან ეს თავისდაუნებურად შეძლო. ალბათ სხვანაირად ვერც მოხდებოდა. ასეთი ადამიანები ხომ ყოველდღიურად არ იბადებიან! ბატონ ერლომს ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც მიგიზიდავდა, მიგინდობდა. სახლის კარიც მუდამ ღია ჰქონდა ნაცნობ-უცნობისთვის და მეც მუდამ გულით მიმიხაროდა მის ფარღალალა სახლში. დეიდაჩემი მისი ერთ-ერთი სტუდენტი იყო და ბატონი ერლომი შინაც ხშირად გვსტუმრობდა. გულდასაწყვეტია, რომ ამ ადამიანთან მხოლოდ ბავშვობის მოგონებები მაკავშირებს, თუმცა ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მის განსაკუთრებულობას მიმხვდარიყავი. საოცრად მზრუნველი ადამიანი იყო. იმ პერიოდშიც კი, როცა მახსოვრობა ნელ-ნელა ღალატობდა, ეს თვისება არ დაუკარგავს. ერთხელ, ერლომ ახვლედიანზე თემის დაწერა მოვინდომე და მასთან ინტერვიუს ასაღებად მივედი. როცა ჩემი მისვლის მიზეზი გაიგო, ისეთი სერიოზულობით მომიდგა, თითქოს ასაკოვანი და გამოცდილი ჟურნალისტი ვყოფილიყავი და არა სკოლის მოსწავლე, მაგრამ თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე გაუჭირდა საჭირო პასუხების გაცემა (მას სიტყვები ავიწყდებოდა). ამ ამბავმა ისე შეაწუხა, რამდენიმე დღის შემდეგ ბოდიშიც კი შემომითვალა. საოცარია: მახსოვრობა ღალატობდა, ბოდიშის შემოთვლა კი არ დავიწყებია. ისევე როგორც მე, ყველას „თავისი ერლომი“ ახსოვს. მწერალილევან მალაზონია იხსენებს:

„მძიმე სულიერი განცდები ჰქონდა, ყველა მიდიოდა ერლომთან, როგორც მღვდელთან _ აღსარებაზე, რაღაც სიმშვიდე რომ დაუფლებოდა და იმედი გასჩენოდა. ერლომი ისე ცხოვრობდა, ისე დადიოდა ამ ქვეყანაზე, ვერავინ დაიჯერებდა რომ ის ნამდვილად ამ ქვეყანაზე ცხოვრობდა. ის ერთადერთი იყო, არავის ჰგავდა.“ ასეთივე აღტაცებით საუბრობს მასზეკინორეჟისორი ოთარ იოსელიანი:

„ერლომი ყველასგან განსხვავებული ადამიანი იყო. არ ვიცი, კიდევ თუ დაიბადება მეორე მისნაირი დედამიწის ზურგზე. თავისი მეობითა და სულისკვეთებით ერლომი სწორედ ისეთი ქართველი იყო, როგორი ქართველებით დასახლებული სამშობლოც წარმოგვიდგენია ფიქრებით. ჩვენ ვეძებთ ამ საქართველოს, მაგრამ ვერსად ვპოულობთ. “

ეს ადამიანი შესაძლოა ცოტა უცნაურიც მოგჩვენებოდათ. მას არ აინტერესებდა მატერიალური, ყოფითი მხარე. წერდა და მუშაობდა იმიტომ, რომ თვითონ მოსწონდა. საამისოდ მხოლოდ მცირე „კომფორტი“ სჭირდებოდა _ ონკანში წყალი არ უნდა გაყინულიყო, ლამფაში ნავთი უნდა სხმოდა, წასასვლელი არსად უნდა ყოფილიყო და მის შვილს, ბაქარს, სუფთა პერანგი ჰქონოდა. ოჯახში ხომ ქალიც ის იყო და კაციც!

პირადი ცხოვრება არ ჰქონია დალხენილი და მარტივი. პირველი ქორწინებიდან პატარა ანა შეეძინა. ბავშვი მოსავლელად მას დარჩა და მალევე გასაგები გახდა, რომ იგი განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას საჭიროებდა. მეორე მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა და მისგან მეორე შვილი _ ბაქარი დარჩა. ბატონი ერლომი ბედს არ გაუნებივრებია დალხენილი ცხოვრებით, პირიქით, განსაცდელით სავსე აღმოჩნდა მისი ცხოვრების გზა. ერთ დღესაც ტაძარში შეიარა და აქ იპოვა კიდეც ის, რაც სჭირდებოდა. ბევრს ლოცულობდა. ხანდახან ქუჩაში გაახსენდებოდა რაიმე და უეცრად პირჯვარს იწერდა. რელიგიურობა მის შემოქმედებაშიც აისახა. იგი ბევრ არაკს, იგავს გვიამბობს, ბევრ ქრესთომატიულ ციტატას გვახსენებს და სათქმელსაც ხშირად სწორედ ამაზე აფუძნებს. „ ერლომი საოცარი ვინმე იყო. რამდენი იგავი წაგვიკითხავს, მაგრამ ასე ფილოსოფიურად გააზრებული და ასე სულ უბრალოდ, სადად გადმოცემული, თითქოს არაფერიაო, იშვიათად. როგორც ბალახი იზრდება ან წვიმა მოდის, ისე უბრალოდ წერდა ერლომი. საოცრად უხაროდა ცხოვრება. ისეთი თავაზიანი იყო, რომ ზრდილობა მისი არსებობის ნიშნადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ“,- ასეთია კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის თვალით დანახული ერლომი და მისი შემოქმედება.

სამწუხაროდ, ერლომის შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის არაა ცნობილი. ალბათ იმიტომ, რომ სულაც არაა მარტივი მისი გაგება, ფიქრსა და დაკვირვებას მოითხოვს. განსხვავებულს კი ისევ განსხვავებული თვალი თუ ამჩნევს.

რთულია ამ ადამიანზე ლაპარაკი, რადგან იგი ერთდროულად დიდი მწერალიც იყო და გამორჩეული პიროვნებაც. მისი სტუდენტობა მუდამ ეამაყებოდათ და ეამაყებათ, ვინაიდან ბატონი ერლომი არც ჩვეულებრივი ლექტორი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე არამკაცრი, არამომთხოვნი იყო, არასოდეს წერდა დაბალ ნიშნებს და მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდა, რა არ იცოდა და რა არ გამოსდიოდა, მაინც ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო სტუდენტებისთვის.

დაბადებულიც განსაკუთრებულ დღეს იყო _ 23ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე. მართალია, თვითონ არ უყვარდა ამ დღის აღნიშვნა, მაგრამ იმ საღამოს მისი ბინა ყოველთვის სავსე იყო ნაცნობ-მეგობრებითა და სტუდენტებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აღარც ბატონი ერლომია ცოცხალი და მისი სახლიც ნანგრევებადაა ქცეული, არ შეცვლილა ერთი რამ _ მისი დაბადების დღე კვლავ ახსოვთ.

ბატონი ერლომი წერდა, ვიდრე შეეძლო და ჯანმრთელობა ხელს უწყობდა. რისი შექმნაც მოასწრო მწერალმა, სრულიად საკმარისია თავისი სახელის გასამართლებლად _ ქვეყნისთვის „ერ-ლომი“ ყოფილიყო. ხოლო როგორც ჩვეულებრივმა მოკვდავმა, შეძლო, სწორი გზით ევლო ღვთისკენ მიმავალ გზაზე. რაც სურდა, აიხდინა კიდეც _ საკუთარი არსებობა გაამართლა. ერლომ ახვლედიანის მარადისობასთან შეერთების წამი კი 2012 წლის 20 მარტს დადგა.

 

გვანცა სილიკაშვილი