თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, 6 წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა

141

6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი დღეს სპექტაკლ “აბესალომ და ეთერით” გაიხსნა.
“აბესალომ და ეთერის” წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები – ლადო ათანელი, თამარ ივერი და თეიმურაზ გუგუშვილი ასრულებენ. სპექტაკლის დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდმა “ქართუმ” დაიწყო. პროექტის ღირებულება, რომელიც ითვალისწინებდა თეატრის სრულაღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს, 40 მილიონი აშშ დოლარია.
შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით შექმნილი, ავსტრიული ბროლით დამზადებული 600 ნათურიანი ჭაღი; განათებისთვის საჭირო 12 000 ერთეული ავსტრიული ბროლის დეტალი ფონდმა ,”ქართუმ” კომპანია, “სვაროვსკისგან” შეიძინა. თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით.
სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით შექმნილი ფარდა თეატრის სცენაზე დღეს პირველად დაეშვა – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი სიცოცხლე დაიწყო.

 

წყარო: reportiori.ge