კიბე სახურავზე

355

სახურავზე მხოლოდ თავისუფლებას მოწყურებულნი ადიან. მათთვის ვისაც ოდესღაც ყვარებია ან იცის რას ნიშნავს მონატრება, ცის კარი ყოველთვის ღიაა.

მეც შემთხვევით გადავაწყდი კარს დედამიწიდან ცამდე, როდესაც წიგნებში მეგზურს ფრენის იდეამ გამიტაცა. თოლია ჯონათან ლივინგსტონივით მომინდა შევრეოდი ლაჟვარდებს და მზის სხივები ჩემს უხილავ ფრთებზე შემეგრძნო.

საღამოს ბიბლიოთეკიდან გამოვედი და შევამჩნიე კიბე, რომელიც სახურვზე ადიოდა. ირგვლივ ხალხი ირეოდა, ყველა თავის სამყაროში იყო ჩაკეტილი, მე კი საკუთარმა შინაგანმა ხმამ არ მომასვენა, ის მეუბნებოდა:
„ახლა რომ არ ახვიდე, მერე სურვილიც გაგიქრება, სანამ მომენტი გაქვს დაიჭირე! ან ახლა, ან არასდროს!”

ჩანთა ძირს დავდე და კიბეზე ასვლას შევუდექი. უკვე მე-14 საფეხურზე ვიქნებოდი, რომ გავიგონე როგორ გადაიზარდა მოძრავი ხალხის ჩურჩული ხმამაღალ ფიქრში:
„რას აპირებს? ალბათ გიჟია! ღმერთო ჩემო, თავს იკლავს?”

მე კი მათზე ნერვიულობის ნაცვლად, გამახსენდა, რომ გასაღები თან არ მქონდა. გონებაში დავიწყე ოცნება: „რა იქნებოდა ახლა ჩიტი მოფრინდეს და ნისკარტით გასაღები გადმომცეს…“

ირეალურ სამყაროში ყველაფერი ცისფერ-ვარდისფერი იყო, რეალობა კი ნამდვილ მძაფრსიუჟეტიან ფილმს გავდა.

3 საფეხურიღა იყო დარჩენილი სახურავის კარამდე, რომ გამომეღვიძა.
ცხადში გამეღიმა, სხვებსაც მოვუყევი სიზმარი.

აზრი კი ორად გაყოფილი რჩება დღემდე: ან საერთოდ არ უნდა ავსულიყავი გასაღების გარეშე, ან თუ სიზმარი იყო ბოლომდე უნდა გავყოლოდი და ჩიტი ნამდვილად მომიტანდა გასაღებს…

მაგრამ მე მართლა ვფიქრობ სახურავზე ასვლას. ახლა უკვე თავისუფლებისადმი გაცნობიერებული პასუხისმგებლობით.

მარიამ კავილაძე,
18 წლის