გიზო

326

მარტო ვცხოვრობდით მე და ჩემი კატა გიზო.

ოქტომბრის ერთ ჩვეულებრივ საღამოს სამზარეულოში ვისხედით. ფანჯარაზე რამდენიმე ნესტიანი ფოთოლი იყო მიკრული და გიზო ჯიუტად აბრახუნებდა თათებს გაბზარულ შუშაზე. ჩაის ვსვამდით, მაშინ მიყვარდა მწვანე ჩაი. პირდაპირ ჭიქაში ჩავუძახებდი ხოლმე მსხვილ ფოთლებს და ცხელ წყალს ვასხამდი. მიყვარდა ფოთლები ზემოთ რომ ცურდებოდა, მათი ზედაპირი კი ბოლომდე მშრალად რჩებოდა. მიყვარდა მაშინ მცენარეები, ოღონდ ისე, სხვისი შვილები რომ უყვართ ხოლმე. შორიდან…

უკვე გაციებულ ჩაის ერთადერთ კაქტუსს ვასხამდი და მერე გიზოსთვის ვამზადებდი მაწვნიან პურებს. გიზო უცნაური ვინმე იყო, მოვიდოდა ხოლმე და კუდს პირდაპირ წამწამებზე მადებდა, იდგა ასე და მეც მორჩილად ვუყურებდი გიზოს ზოლიან უკანალს. თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძებდა, ახლოს არ უნდა გაკარებოდი. აიმრიზებოდა, გაყინული მზერით ადიოდა ფანჯრის რაფაზე და იჯდა ასე საათობით. ხანდახან საჭმელსაც არ ეკარებოდა, ჯამს ცხვირით გააცურებდა გვერდით და შეურაცხყოფილი თვალებით მანიშნებდა, რომ სასწრაფოდ დავცლოდი. თავიდან მწყინდა, მეგონა, აღარ ვუყვარდი. იმისიც კი შემეშინდა, ედგარ პოს პერსონაჟს არ დავმსგავსებოდი და ერთხელაც არ მომეღო გიზოს თავხედობის თვის ბოლო. მაგრამ ერთ დღეს ღვთიურმა ძალებმა ჩემს გონებასაც მოჰფინეს ნათელი და მივხვდი – გიზოს გარდატეხის ასაკი ჰქონდა. (!!!)

მერე გავხდი ლმობიერი, დამთმობი პატრონი. სამსახურსაც დავანებე თავი. სტუმრებსაც ავუკრძალე მოსვლა. გიზოს სიმშვიდეს ჭირდებოდა.

ძველი მუსიკალური ცენტრი შევაკეთე და დაიწყო ჩვენი კლასიკური თავგადასავალი. დილა ბეთჰოვენით იწყებოდა, მეცხრე სიმფონიას მანამ ვუსმენდით, სანამ გიზოს სადილის დრო არ მოვიდოდა.

მაწვნიან პურებს მხოლოდ ვაგნერის ფონზე მიირთმევდა. მერე მანიშნებდა მუსიკა გამორთეო და ხანდახან ჩემს კალთაში, ხანაც სავარძელში მოკალათდებოდა და იძინებდა. ამ პერიოდში მხოლოდ ფეხის წვერებზე სიარულს ვბედავდი.

ერთდ დღესაც, გაიღვიძა თუ არა, სასეირნოდ წასვლა ისურვა და მეც უარი ვერ ვუთხარი, ვიფიქრე, სუფთა ჰაერს მაინც ჩაყლაპავს-მეთქი. მორჩილად გავუღე კარი და გიზო ჩემ ფეხებშუა გაძვრა. რამდენიმე საათი ველოდე, ხან შუშას ვეკრობოდი ცხვირით და სწორ, ნაცრისფერ გზას ვუყურებდი, ხან წინ და უკან დავდიოდი. მერე გადავწყვიტე სახლი მიმელაგებინა, მაგრამ რამდენიმე ჭიქის დამტვრევის გარდა არაფერი გამომივიდა. მერე განვაახლე ძველი ჩვევა – ათივე ფრჩხილი მოვიკვნიტე და რამდენიმე ღერი სიგარეტიც მოვწიე. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და პერანგის ამარა გარეთ გავედი. გიზო უკვე ეზოში იყო. თავჩაქინდრული მოდიოდა, არათანაბარი ნაბიჯით. ფეხზე გამეხახუნა, ნაღვლიანად ამომხედა და მე მაშინვე მივხვდი – გიზოს ვიღაც შეუყვარდა.

მერე დაიწყო ახალი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში. აღარ იყო აღარც ვაგნერი და აღარც მაწვნიანი პურები. გიზო დღითი დღე მშორდებოდა. თითქმის მთელ დღეს ეძინა, ღამე კი დახეტიალობდა. ბეწვი თითქმის სულ გასცვივდა, თვალები ჩაუცვივდა და კუდიც უცნაურად ჩამოეკიდა. ვცდილობდი დავლაპარაკებოდი, მაგრამ ზურგს მაქცევდა. ხანდახან მუხლზე თავს ჩამომადებდა ხოლმე, მაგრამ მალევე მიდიოდა საძინებელში და ცივ იატაკზე მუცლით წვებოდა.

მე ისევ დავიწყე სამსახურის ძებნა. გიზოს მკურნალობა სჭირდებოდა.

მერე იყო ფსიქოლოგი ხათუნა, რომელიც გიზოს დასანახად ეჯავრებოდა.

მერე მე და ფსიქოლოგი ხათუნა დავქორწინდით.

გიზოსთან ლაპარაკს აღარ ვცდილობდი. წყლიან ჯამს კართან ვუტოვბდი და კაბინეტის კარს ვკეტავდი, რომ არ დამენახა, როგორ იტანჯებოდა ჩემი კატა – გიზო.

ერთხელაც, ოქტომბრის ერთ ჩვეულებრივ საღამოს, გიზო შინ არ დამხვდა. მაგიდაზე მხოლოდ ქაღალდის პატარა ნაგლეჯი ვიპოვნე – „წავედი ბედის საძებნელად, აწ უკვე თავისუფალი  კატა.“

და მე იმ დღეს მივხვდი, რომ საერთოდ, საერთოდ არაფერი მესმოდა.

 

თინა ქარელი,
17 წლის