ის, რაც მე აღარ მახსოვს

355

– დედა, დე, წამო რა პეპო გავასეირნოთ! – პატარა ნინის ხელში თავის ხელა ლეკვი ჰყავდა ატაცებული და ყველანაირად ცდილობდა, პეპო არ დავარდნოდა.

– არ მცალია, ანიკას რომ სთხოვო? – დედამ ნინის შუბლზე აკოცა და საქმეებს მიუბრუნდა.

– ანიკა თავის შეყვა… მეგობარს ელაპარაკება, – გადაასწორა ნინიმ და პეპოსთან ერთად თავის ოთახში გაიქცა.

– ოოო, პეპო დედამ ვერაო, – უთხრა ნინიმ პეპოს და მიიხუტა, – იცი, ანიკას შეყვარებული ჰყავს, შემთხვევით მისი მესიჯები წავიკითხე, – გოგონამ პეპოს შეხედა, – ხო,  შემთხვევით, ძალით კი არ მინდოდა. მერე ანიკასთან წამომცდა რაღაცაზე, ძალიან გაბრაზდა, მთხოვა, დედას არ უთხრაო. იცი, როგორ გაწითლდა? სასაცილო იყო, – ჩაიცინა ნინიმ.

ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა, გამათბობელზე შემოაწყო ფეხები და ლეკვი ჩანთაში ჩაისვა. პეპოს სითბო ესიამოვნა, გაიტრუნა და უკეთესად მოკალათდა.

– პეპო, დედასთან არ გამცე, კარგი? – შეეკითხა ნინი და ფანჯრიდან გადაიხედა. პეპომ გვერდულად ამოხედა გოგოს, თითქოს ეუბნებოდა, ეს რა მაკადრეო. ნინი მიხვდა ლეკვის მზერას, გაეცინა და დამშვიდდა.

 

ნინი ბიწაძე,
14 წლის