ნაადრევი ქორწინების აკრძალვა – იმუშავებს თუ არა კანონი?

152

სისხლის სამართლის კოდექსის  140-ემუხლის მიხედვით,  სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკმიუღწეველ პირთან, ისჯება თავისუფლების აღკვეთით.

მსგავსი კანონის მიუხედავად, როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, ნაადრევი ქორწინების რიცხვით. ამ მაჩვენებლით, საქართველოს მხლოდ და მხოლოდ, მოლდავეთი ჩამორჩება.

როგორც გინეკოლოგი ბარბარე გორგოშვილი აცხადებს, ადამიანი ფიზიოლოგიურად 18 წლის ასაკიდან არის მზად, დასაოჯახებლად, როდესაც იგი სქესობრივად მომწიფებულია. ნაადრევი ქორწინება კი მისი თქმით, იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ორსულობის მოშლა, პირველადი და მეორადი უნაყოფობა (პირველადი- როდესაც საერთოდ ვერ ორსულდება;მეორადი-როდესაც მუცელი მოეშალა და ვეღარ ორსულდება), სქესობრივი გზით გადამდები  ინფექციები.

ფსიქოლოგ ლიზა სოლოღაშვილის მოსაზრებით კი ნაადრევმა ქორწინებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამარტო ფიზიოლოგიური, არამედ პიროვნებათშორისი პრობლემები.

,, ადამიანი ფიზიოლოგიურად უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე ფსიქოლოგიურად. შესაბამისად ფიზიოლოგიური მომწიფება განაპირობებს სექსუალურ მოთხოვნილებას. ლეგალური გზით კი  ამის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ ქორწინებით, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველო კოლექტივისტური ქვეეყნის ტიპია, სადაც საზოგადოების აზრს დიდი ყურადღება ექცევა.რაც შეეხება,ფსიქოლოგიურ მომწიფებას-ეს  ნიშნავს პიროვნების იდენტობას,  ვინ არის,  რა უნდა, სად ხედავს საკუთარ თავს. შესაბამისად, თინეიჯერულ ასაკში,  ისინი ემოციურად და ფსიქოლოგიურად არ არიან დაოჯახებისთვის მზად,  რამაც შესაძლოა წარმოშვას მათში კონფლიქტები, რაც შესაძლოა ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდეს..’’-აღნიშნა, მან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  თამარ კორძაიას ინიციატივით, საქართველოში, 2017წლიდან ამოქმედდება კანონი,  რომლის თანახმადაც, 18წლამდელ პირთა დაქორწინება აიკრძალება. მანამდე კი პარლამენტმა ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც,მომავალი წლიდან, 16წლამდე პირთან დაქორწინებას, არა მშობლების,  არამედ სასამართლოს მოთხოვნით უზრუნველყოფს.

ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ბაჩანა ჯიშკარიანისმოსაზრებით, ნაადრევი ქორწინების პრობლემა ფსიქოსოციალური ფაქტორებით არის განპირობებული, მათ შორის განათლებისა და საზოგადოებრივი განვითარების დაბალი ხარისხით.

იგი აღნიშნავს, რომ 18 წლამდე პირებისათვის დაქორწინების აკრძალვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევა იქნება:

,,კანონის ამ შინაარსით მიღების შემთხვევაში სახეზე იქნება სახელმწიფოს მიერ პირად ავტონომიაში აშკარად გადაჭარბებული ჩარევა, რომლის გასამართლებლადაც ლეგიტიმური მიზნის მოძებნა რთულია. ეს მითუმეტეს გაუმართლებელია იმ ფონზე, როდესაც 16 წლის პირთან, მისი თანხმობით, სქესობრივი კავშირის დამყარება სრულიად ლეგალურია. კანონმდებელმა სწორედ იმიტომაც ჩათვალა ამის არდასჯადობა მიზანშეწონილად, რომ ამ ასაკს მიღწეული პირი თავისი ფიზიკური და გონებრივი განვითარებით ჩათვალა გადაწყვეტილებაუნარიანად. ქორწინების აკრძალვით კი ამის საპირისპირო პრაქტიკას შემოვიღებთ, ანუ სისხლის სამართალში გვექნება ერთი რეალობა,  არდასჯადობა, ხოლო სამოქალაქოში კი სხვა, ქორწინების აკრძალვა, რაც არალოგიკურია.’’-განაცხადა, მან.

ბატონ ბაჩანა ჯიშკარიანის მოსაზრებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც 16 წლამდე პირთა ქორწინებას, არა მშობლის, არამედ  სასამართლოს ნებართვით უზრუნველყოფს, მისაღები და გამართლებულია, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება, აღარ არის საჭირო:

,,ის ცვლილება, რაც აქამდე განხორციელდა, ანუ 18 წლამდე პირების ქორწინებაზე თანხმობას აცხადებს სასამართლო და არა მშობელი, სწორი ნაბიჯია, ვინაიდან სწორედაც რომ ოჯახები მანიპულირებდნენ აქამდე თავიანთი შვილებით და მათი თანხმობა საბოლოო ჯამში,  არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას არ ემსახურებოდა. ამის იქით კიდევ დამატებითი შეზღუდვების შემოღება ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მთავარია, დავაკვირდეთ სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, თუ რამდენად იქნება ის ეფექტური.,,-აღნიშნა, მან.

საბოლოოდ კი, იურისტს მიაჩნია, რომ ამ კანონის შემოღებით ნაადრევი ქორწინების საკითხი ვერ გადაიჭრება, და პირიქით, დაირღვევა არასრულწლოვანთა უფლებები:

,,18 წლამდე ასაკის პირებისთვის ქორწინების სრული აკრძალვით ნაადრევი ქორწინების პრობლემა ვერ მოიხსნება და პირიქით, იქით დავარღვევთ არასრულწლოვნების უფლებებს. ყველაფრის აკრძალვა და ამ გზით პრობლემის გადაჭრა არ არის თანამედროვე ლიბერალური სამართლისათვის დამახასიათებელი – განაცხადა, ბაჩანა ჯიშკარიანმა.

 

ქრისტინე კიკალიშვილი