თავისუფლება სწორედ ის არის რაც ამ დღეებში ჩვენ გარშემო ხდება…

82

ხშირად ამბობდნენ რომ თავნება ვიყავი და ყოველთვის იმას ვაკეთებდი რაც მინდოდა, ასე გავიკეთე ტატუც და მე არ ვარ პირველი, ერთადერთი და უკანასკნელი, რომელიც თავად წყვეტს რა ჩაიცვას, რა გაიკეთოს, თმა ცისფრად შეიღებოს თუ წითლად, ღმერთი წამდეს თუ არ წამდეს ან რომელი პროფესია აირჩიოს.

რომ ვთქვი ცხვირის გახვრეტას ვაპირებდი უმალ  დავიჭირე რეპლიკა: ამდენი თავისუფლებაც არ შეიძლება! დაიხვრიტოს და მოიხატოს ბარემ მთელი ტანი, რას იფიქრებს ხალხი?!

და მართლა რას იფიქრებენ ადამიანები ყოველთვის რაღაც რომ ჰქონდათ სათქმელი და იმ სათქმელის გამომხატველ სიტყვებს კლავდნენ, რას იფიქრებენ ის ახლობლები ზაფხულის ჩახუთულ დღეს ღია სარაფნებს რომ ვერ იცმევდნენ, ვაიდა რამე არ გამოჩენოდათ. რას იტყვის ხალხი რომლისთვისაც თავისუფლება ტატუ და გახვრეტილი ცხვირია და რომლისთვისაც დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია რას იტყვის ის..

ყოველთვის ვფიქრობდი რა იყო თავისუფლება–სიტყვა ბევრი ბოქლომით, რომლის გასაღებებს ცხოვრების გზაზე ვეძებთ, ხან ვპოულობთ და ვხსნით, ხან ვპოულობთ და ვერ ვხედავთ, ხან კი არც ვეძებთ. უახლოეს დღეებში კლიტეები გაიხსნა, და გასაღები სწორედ ის თავისუფალი ნება აღმოჩნდა, რომელიც მთელმა მსოფლიომ დააკომენტარა და დაპოსტა. ბოტების თაობა, ვერეს თაობა და უამრავი ტერმინი რომელიც მოვისმინეთ არის თავისუფალი ნების თაობა.

ჩემი ჩათვლით, ყველა ჩემს მეგობარს სახლში აკავებდნენ მშობლები, ბებიები, ვისმენდით არაერთხელ გაგონილ სიტყვებს: შენ რომ რამე დაგემართოს, რამე არ იტკინო, ისედაც რამდენი ხალხია შენ რაღა საჭირო ხარ, შენც ძალით არ გამოირჩეოდე, შენი ოთახი ვერ დაგილაგებია, შენ შენი თავის გარდა შვილი გაბარია და მერე რა პასუხი გავცე შვილს, რომ გაიზრდება და არსებული კატასტროფის შესახებ გაიგებს, რა ვუთხრა სახლში ვიჯექი მეშინოდამეთქი? და იმ ჩემ შვილს ჩემი რომ შერცხვება ბედნიერად გავაგრძელო ცხოვრება?! თავისუფლება გამორიცხავს შიშს! თავისუფალება ნებაა რომელიც შენთან მოდის, მორალია, რომელიც შენშია, თავისუფლება შეგნებაა და არა გემოვნება, რომელიც მოხატული სხეულით, პირსინგებით, შეღებილი თმებით და სხვა დეტალებით აღიქმევა, თავისუფლება ის ქმედებაა რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, რომლისთვისაც სულერთია რა გაცვია, გამოგიჩნდა თუ არა რაღაც, ამოისვარე თუ არა ტალახში და როგორ დაგინახავს შენი პარტნიორი ჭუჭყიანს, თავისუფლება კომპლექსებიდან გათავისუფლებაა, ის ძალაა რომელიც დამოუკიდებლად ვრცელდება, მაგრამ თუ საჭიროა ერთიანდება.

არ მინდა ვინმემ შეურაცყოფად მიიღოს ჩემი პოსტი, არ ვაკნინებ ჩემი მშობლების თაობას, სწორედ იმ კომუნისტურ რეჟიმში გაზრდილმა ადამიანებმა გაგვზარდეს ჩვენ ასეთები, უბრალოდ ისინი ხშირად ერიდებოდნენ თავისუფალი ნების გამოხატვას იმიტომ რომ ვერ ხედავდნენ ერთმანეთს, არ იცოდნენ რამდენი იყვნენ, არ ქონდათ ერთმანეთის იმედი. ჩვენ კი ის კომპლექსები დავძლიეთ, რომელმაც წინა თაობები დაჩრდილა და შევძელით გაერთიანება. არაფერია ამაში ამდენად გასაკვირი, ეს გენეტიკური კოდიცაა რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. ეს ის ნაციონალური იდენტობაა უამრავი სირთულე რომ გადაგვატანინა.  ჩარჩოები გვზღუდავდა ჩვენ, მათზე უარის თქმით კი დავიბრუნეთ ის ძალა რომელიც ყოველთვის გვქონდა.

თავისუფლება სწორედ ის არის რაც ამ დღეებში ჩვენ გარშემო ხდება და თუ მისცემ მოქალაქეს უფლებას გამოხატოს საკუთარი ნება ის დაწერს ახალ ისტორიას.

მარიამ ჯანელიძე