ქეთევან კანდელაკი – მთვრალი მთვარეზე ანუ თბილისში წვიმს

82

მას შემდეგ, რაც 3 ღერი ზედიზედ მოვწიე, ათჯერ გამოვურთე ხმა ტელეფონს, რომელიც შეუჩერებლად რეკავდა, ამდენჯერვე მოვიწმინდე წვიმისგან გალუმპული სახე და სულ მცირე ხუთჯერ მაინც სინანულით დავხედე ასევე გალუმპულ ჩანთას, რომელშიც ცოტა ხნის წინ კითხვადასრულებული წიგნი მედო, მივაღწიე დანიშნულების ადგილს-რესპონდენტის სამსახურს. რექორდს დავაჭირე და ჩავწერე.

უკან რომ მოვიდოდი, კმაყოფილების გრძნობას არ ჩაუნაცვლებია ჩემი ამინდივით მუქი განწყობა. არც მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული ინტერვიუთი ვიყავი კმაყოფილი, არც გაოხრებული მარკესის „ნაღვლიანი მეძავებით“ , არც ამინდით, ბუნებრივია, და სტანდარტულად დაგრუზული კიდევ უფრო დავიგრუზე ავტობუსის მოსვლის დროს რომ შევხედე.

ამ ქვეყანაში ტრანსპორტის პრობლემა ვერ მოგვიგვარებია, რომელ აზროვნების პროგრესზეა საუბარი.

15 წუთი 15 საუკუნეა ჩემთვის, მითუმეტეს თხემიდან ტერფამდე გალუმპულისა და მშიერისთვის, მაგრამ ფილტვების ანთების პერპექტივას 15 წუთით მოცდა ვარჩიე და ადგილს მივეყინე.

კარგ ამინდსა და კარგ ხასიათზე სიამოვნებითაც ვიცდი ხოლმე გაჩერებებზე. რა სჯობს შენი თანამოქალაქეების ცქერას.

არც არაფერი, ღმერთმანი.

მეოთხე ღერი დავაძრე და მოვუკიდე. პირველი, რაც დავინახე ჩემსკენ ისეთი მზერით დაძრული მოხუცი ქალბატონი გახლდათ, როგორ მზერასაც ვერც ერთი ეპითეტი ვერ აღწერს ზუსტად. კი მივხვდი რაც შეიძლებოდა ეთქვა, გალანძღვისთვისაც მზად გახლდით და ჩემი თავი შემეცოდა ისეთი სულელური გამომეტყველებით გავუღიმე.

გაგიკვირდებათ და არც ჩემი მორალური აღზრდა უცდია და არც სიგარეტის მავნებლობაზე ჩამოუგდია სიტყვა. „მაგიტომაც ხარ ლოტოს კოჭივით“ მითხრა და გაბრუნდა. კიდევ რაღაც ჩაიდუდუნა.

მადლობის მეტი ვერაფერი ვუთხარი და ჩემი საცოდავი და საცოდავზე უფრო სულელური ღიმილი სახეზე შემაშრა.

ის მოხუცი ქალი 80 წლის მაინც იქნებოდა და პირველი, რაც გულრწფელად გამეფიქრა, როგორ არ დაეზარა ამის სათქმელად მოსვლა და მერე უკან გაბრუნება მეთქი. მეორე რაც გავაკეთე, საკუთარ თავს დავხედე, ისეთი ზიზღით შემადარა ლოტოს კოჭს იქნებ მართლა ვგავართქო ვიფიქრე, მაგრამ ოპტიმიზმს თამბაქოს კვამლი მივაშველე და როგორც იტყვიან დავიკიდე.

მაინც ვერ მოვისვენე და მთელი დღის ნეგატივს დამატებული ბოლოს მომხდარი, თავიდან ვერ ამოვიგდე. დასველებული  „ნაღვლიანი მეძავების“  90 წლის პერსონაჟიც აეკიდა ჩემს ფიქრებს და მოკლედ, დღე მოხუცებზე ფიქრში გაილია.

გულრწფელად მაინტერესებს უფროსი თაობის ხედვა. მე პირადად აგრესიის და შეურაცხყოფის კატეგორიულად წინაარმდეგი ვარ და მგონია, რომ ღიმილის და სითბოს გარდა ამ სამყაროს ვერაფერი შეცვლის. იქნებ ამის დეფიციტი რომ გვაქვს მაგიტომაც ვერ ვიცვლებით?

90 წელს რომ მივუკაკუნებ ნეტავ რას ვინანებ მეთქი ესეც ვკითხე საკუთარ თავს. მარკესმა და მისმა სიკვდილისწინ აღძრულმა ვნებებმა იმოქმედა, ალბათ. სიას გავაკეთებ მეთქი. რომ მივხვდი უშველებელი გამომივიდოდა, მცდელობა იმ წამსვე ჩავახშე უფრო ქვევით რომ არ ჩამომჩოჩებოდა „self-confidence”.

ის რომ სიგარეტს გადავაგდებ და კიდევ ბევრ მისნაირ მავნე ჩვევას ასეთი აგრესიის და შეურაცხყოფის დამსახურებით, ზღაპარია. ისიც ზღაპარია, რომ მათ სჯერათ ამ გზით რამე მიიღწეოდეს.

ქართველური მზრუნველობა და ყველაფრისმცოდნეობა პირღია უფსკრულია ყველა რომ შიგ მივცვივით. შენმა მეზობელმა შენსავე ცხოვრებაზე მეტი იცის, ვიდრე, დავუშვათ, დამ ან დედამ, მოკლედ შენც კი არ იცი ისეთი, რამეები იცის და საერთოდ შენ საიდან უნდა იცოდე, როცა შენიცხოვრება არც გეკუთვნის.

ვერც ტომ უეიტსმა მიშველა, ვერც სტატიაზე მუშაობამ წაშალა რაღაც უაზრობა, რომელსაც მთელი დღე ტვინით დავათრევდი და ვერც ტკბილეულმა.

ნუთუ მართლა ის არის პრობლემა ქვეყანაში, ჩემნაირი, „უსირცხვილო“ გოგოები ქუჩაში რომ სიგარეტს ეწევიან, ან აცვიათ მუხლს ზემოთ, ან ის, რომ გოგო და ბიჭი ერთმანეთს ეხუტება, ან ბიჭები ეხუტებიან, მოკლედ ყველაფერი რაც ოდნავ მაინც გაპოზიტივებს, გამოდის პრობლემა ყოფილა.

ყავამ მიშველოს იქნებ მეთქი და მოვსვი.

მერე რამდენიმე ჭეშმარიტებას მივაგენი.

ბადრი გენიოსია – ყავა ინსპირაციააო რომ წერს.

მე სულელი ვარ -ასეთებზე ფიქრში რომ გავლიე მთელი დღე.

სამყარო შეშლილია-სულაც არ ვგავარ ლოტოს კოჭს.

ქვეყანა – ქვეყანას უჭირს სიტყვებშეუფერებლად.

წვიმას – ტომ უეიტსი უხდება.

ყავა -ყავას სიგარეტი.

ჩავრთე, მოვუკიდე და დაორთლილ ფანჯარას ცხვირით მივებჯინე.

ახლაღა დავხედე ტელეფონს.

ნიკა მირეკავდა 10-ჯერ.

შემრცხვა.

აი, რაზე უნდა იფიქრო.

რვას ათი უკლია. ათ წუთში მოვა.

ათი წუთი „drunk on the moon”-ს

მერე? მერე ღიმილი და სითბო, რომელიც სამყაროს შეცვლის.