საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემა „ბიზნესკურიერის“ რედაქციამ კოდექსის მე-20 მუხლი დაარღვია

342

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემა “ბიზნესკურიერის” რედაქციამ უგულებელყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული – პროგრამის მონაწილისადმი სამართლიანი მოპყრობის მოთხოვნები და დაარღვია კოდექსის მე-20 მუხლი:

“ამ მუხლის თანახმად, პროგრამის მონაწილეთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად საჭიროა:

(1) პროგრამაში მიწვევისას მაუწყებელმა პოტენციურ მონაწილეს უნდა აცნობოს (გარდა შემთხვევისა, თუ განხილვის საგანი ტრივიალურია და მონაწილის მნიშვნელობა მინიმალური):

• პროგრამის არსი, მიზანი და მიწვევის მიზეზები, გადაცემის თემა და მათი მოწვევის მიზეზი. როდის (თუ ცნობილია) და სად გადაიცემა იგი პირველად;

• პროგრამაში მონაწილეობის ფორმა (პირდაპირი ჩართვა, ჩანაწერი, დისკუსია, რედაქტირებული, არარედაქტირებული და ა.შ);

• სავარაუდო კითხვები და სხვა სავარაუდო სტუმრების ვინაობა;

• მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მონაწილის პირველად თანხმობაზე და გამოიწვიოს არსებითი უსამართლობა;

• ინფორმაცია მაუწყებლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

• ნათლად უნდა განემარტოს, მიეცემა თუ არა პროგრამის წინასწარი ნახვის შესაძლებლობა, რამდენად ექნება მასში ცვლილებების შეტანის უფლება; მაუწყებელს შეუძლია თავი შეიკავოს ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის მიწოდებისგან, თუ ეს ქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით ან ამ კოდექსის საფუძველზე.

2014 წლის 29 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2 ის” ეთერში გასულ გადაცემაში – „ბიზნესკურიერი” მოწვეული იყო ტურიზმის დეპარტამანტის ახლადდანიშნული უფროსი გიორგი ჩოგოვაძე. გადაცემის მსვლელობისას რესპონდენტისადმი წამყვანის დამოკიდებულებით, დასმული კითხვებითა და მონაწილის რეაქციით სავარაუდოა, რომ სტუმარი წინასწარ არ იყო ინფორმირებული ინტერვიუს იმ რეჟიმის შესახებ, როგორიც წარმართა წამყვანმა. გიორგი ჩოგოვაძეს არ მიეცა საშუალება მაყურებლებისათვის გაეცნო მისი ხედვა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, რაზეც სასაუბროდ, მისი განცხადებით, მიწვეული იყო პროგრამაში. აღნიშნული, გადაცემაშივე, წამყვანმაც დაადასტურა – ,,ჩვენ რაზე მოგიწვიეთ ერთი საკითხია და მეორეა თქვენ რაზე მოხვედით” – აღნიშნა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

წამყვანის მიერ დასმული კითხვები , წინასწარმომზადებული გრაფიკული ტესტით, ატარებდა პროვოკაციულ ხასიათს და არღვევდა სტუმრისადმი სამართლიანი მოპყრობის პრინციპს,”– ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო