ცისფერთვალება მატყუარა და დედა რომელიც მესიჯებს ვერ კითხულობს, ანუ კრიმინალი თავს მშვენივრად გრძნობს

89

თამთას ბლოგი…

გავიგე ქვეყანაში კრიმინალი კარგად არისო. ჰოდა, მეც უშიშრად მოვდიოდი ნაწვიმარ „პლეხანოვზე“, მარტო, ღამეში.ზუსტად არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი,როცა ჩემ  წინ ,12-13 წლის, ბიჭი გაჩერდა და დასარეკი მთხოვა. დიდი თვალები ჰქონდა,დიდი ლურჯი თვალები, თმა ოქროსფერი. მკითხა დასარეკი ხომ არ გაქვს ბილაინზე, მეგობართან მინდა წასვლა და მარშუტკის ფული არ მაქვსო.

დედასთან  მინდა დარეკვა რომ ფული მომცესო. ერთი წამით ვიფიქრე, რომ მისი ლურჯი თვალები არ იტყუებოდნენ. დასარეკი არ მქონდა თუმცა შევთავაზე მესიჯს გაგაშვებინებ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ დედა მესიჯს ვერ კითხულობდა. გამახსენდა, რომ ჯიბეში ლარიანი მედო. ვიცოდი, რომ მატყუებდა. არცერთი დედა არ გამოუშვებდა შვილს სახლიდან ისეთ დროს, თანაც უფულოდ. მაინც ამოვიღე ლარიანი და გავუწოდე.

ის ის იყო უნდა აეღო,რომ ჩვენს წინ ექვსიოდე შავებში ჩაცმული ბიჭი გაჩერდა. ზოგი მისი ასაკის იყო, ზოგიც ცოტა დიდი. მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც დანასა და ყბებს ერთი სისწრაფით იქნევდა, მოგვიახლოვდა და ძველბიჭური ტონით იკითხა : აქ რა ხდება? ერთი წამით გადავავლე თვალი დაუპატიჟებელ სტუმრებს. სრულწლოვანი არცერთი არ იყო, თვალები ყველას ჩაწითლებული ჰქონდა, ჩაწითლებული და უმეტყველო. მზერა დანიანზე შევაჩერე. თავდაჯერებული იყო, დანასაც მარჯვედ ათამაშებდა, დაჟინებით უცქერდა ბიჭს, რომელიც მატყუებდა და თვალებში ეწერა , რომ სიამოვნებით ცემდა.

ვუთხარი რომ, ეს მისი საქმეარ იყო და თავად მოვგვარდებოდით. რაღაც უხეშად ჩაილაპარაკა, ძმა ბიჭებს ანიშნა წავედითო და წავიდნენ. მე ლარიანი მივეცი ლურჯთვალება ბიჭს და ისიც უკანმოუხედავად გაიქცა…ჰო,მადლობა დაავიწყდა ალბათ. J

დავრჩით ისევ მე და ღამე. ახლა უკვე სევდიანი. ორი წუთის წინ ჩემს წინ მომავალი თაობა იდგა. ერთი დიდი ლურჯი თვალებით მიყურებდა და ისე მატყუებდა, როგორც კამერების წინ იტყუებიან ჩვენი პოლიტიკოსები. მეორე შავი იყო, უაზრო , უმეტყველო და დაუნდობელი  მზერით.

იმ დროს, ალბათ პატრული რომელიმე სხვა ქუჩაზე აჩერებდა მანქანას. ჩხრეკდა ზრდასრულ ადამიანებს საკმაოდ უხეშად.

ჰო,მესმის რომ ეს საჭიროა, კრიმინალს ებრძვიან ,მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, რომ სახლის შენება საძირკველიან იწყება და არა სახურავიდან.

თუ ჩვენს ახალგაზრდებში დანის ტრიალი ისევ  „კაი ტიპობად“ ჩაითვლება კრიმინალი ყოველთვის იქნება.

ჩვენ თავად ვზრდით ჩვენს შვილებს კრიმინალებად, ჩვენივე უყურადღებობით. არ შეიძლება ცამეტი წლის ბიჭი ფულს მათხოვრობდეს შუაღამისას, არც ის შეიძლება ამავე ასაკში დანას ატრიალებდე და თვალები ჩასისხლიანებული გქონდეს,მზერა ბოროტი.

არ შეიძლება საზოგადოება არ საუბობდეს ამ პრობლემაზე და მხოლოდ ის ანაღვლებდეს ვინ,სად,რას მღერის…

მოვდიოდით მე და ღამე. ლამპიონები ანათებდნენ ქუჩებს, ანათებდნენ მაგრამ მაინც სიბნელე იყო, უკუნი სიბნელე…

თამთა ყიფიანი