ძუ ხვადის სწორი არ არის?!

83

თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა, იყო საქმე. უფალმა კაცი შექმნა “ხატად და მსგავსად თვისად”, უწოდა ადამი.მარტო რომ არ დარჩენილიყო, მისი ნეკნისგან თანამოსაყდრედ ევა შვა.

ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არამხოლოდ იმიტომ , რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ბედნიერება ხომ მხოლოდ უდიდესიტკივილის და ტანჯვის შედეგადააბედნიერება.” ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა.” [ოტიაიოსელიანი]

საქართველოში გავრცელებული მითებიდან ყველაზე პოპულარული და აქტუალური  გენდერული თანასწორობაა, რომლის ირგვლივაც პოლემიკა არ ცხრება. ეს თემა ჯერ კიდევ რამდენი ხნის წინ, ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“ გვხვდება. „დედათა“ და „მამათა“ ერთად არ უნდა ეჭამათ პური.  ახლა ეს საკითხი მხოლოდ განთქმული ქართული სუფრის ერთი-ორ სადღეგრძელოს არ სცდება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში წერდა ერთი დიდი პოეტი: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ და ქვეყნის სათავეშიც „მეფე მზე“ მზეობდა. მახსენდება ისტორიული გადმონაშთები, როცა ქალი ომში მიმავალი კაცის ძლიერი ზურგი გახლდათ.    ამ თემაზე ვიწყებ ფიქრს და მიჩნდება კითხვა დღეს:  აი, იმ სადღეგრძელოთი უნდა გაგვიმარჯოს ქალებს, თამადა სუფრაზე ყანწით მანდილოსნების სადღეგრძელოს  დალევის შემდეგ სველ ულვაშს ცოლის მიერ სათუთად გაუთოებული პერანგის სახელოზე რომ შეიწმენდს და ”ალავერდს” მოადგილესთან  გადავა?

ქვეყანა, რომელიც განვითარების “ზენიტშია”, ყოველდღიურად უამრავი მკვლელობის ეპიცენტრი ხდება. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგეთ, ბოლო   თვეების მანძილზე განზრახ მოკლული ქალების და ცოლების, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახლდათ. როდესაც წავიკითხე სტატისტიკის ანალიზი, ყველაზე უფრო მეტად გამაოცა იმ ფაქტმა,  რომ თურმე, მსხვერპლ ქალთა აზრით,  ფიზიკური ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმრის საქმეა და ის სახალხოდ არ უნდა განიხილებოდეს. ქვეყანაში, სადაც ქალების 30% ოჯახის მეთაური და მარჩენალია, უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ სუსტი სქესის მოვალეობა ოჯახის მოვლა, ჭურჭლის რეცხვა და პერანგების გაუთოვებაა.

მიუხედავად იმის, რომ ფრაზა – „XXI საუკუნეა“, ყველა საკითხის ირგვლივ ტრიალებს საქართველოში, ჩვენი „მხსნელი“ მაინც ვერ გამოდგა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია,  თანამედროვე საქართველოს მამაკაცების 60-70%-ს კიდევ სწამს, რომ ქალი მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს, ბავშვები გაზარდოს და სახლი დაალაგოს. არ უნდა იმუშაოს,  ოჯახური კერა არ დატოვოს და საერთოდაც, საჭესთან არ არის მისი ადგილი. რეგიონები ამ მხრივ განსაკუთრებულად აღსანიშნავია. ნამდვილად არალოგიკურია, რომ ქალის თითოეული ნაბიჯი მამაკაცის მიერ უნდა იყოს გააზრებული და  მას პირადი ცხოვრება , საკუთარი „მე“ არ უნდა გააჩნდეს.  ჩაცმის სტილიც კი შეთანხმებული და გაკონტროლებული უნდა იყოს.  სასაცილოა, როდესაც მთელი საქართველო გიჟდება ჰოლივუდის ფილმებზე და ქუჩაში ყოველი გამვლელი გოგონას კაბის სიგრძეს ძალიან ცუდ კომენტარს აყოლებს.

სადღაც წავიკითხე ამგვარი სიბრძნე:-“ადამიანი საკუთარ თავში კარგს გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე ცუდსო.“ არ მახსოვს სად, როგორ,  კონტექსტში იყო ნათქვამი, მაგრამ ამ მოსაზრებას ყველაზე უკეთ ქართველების შეხედულებას ვუკავშირებ ხოლმე და სიმწრით მეღიმება. დახავსებული შეხედულებები ქართული მენტალიტეტი არ არის. საქართველო იმ „ვაჟკაცების“ ქვეყანა ვერ იქნება ქუჩაში „ბირჟის“ გამაგრება, დედის გინება და ქალზე ძალადობა კაცობა რომ ჰგონია. საქართველო იმ „ვაჟკაცების“ ადგილსამყოფელი არ უნდა იყოს, სადაც უსაქმურობის და უძრაობისგან ღიპი სხეულს გადაფარავს, მხართეძოზე წამოწოლა ცხოვრების მამოძრავებელი ღერძი გახდება მაშინ, როდესაც სუსტი სქესი ტვირთს საკუთარ მხრებს მიანდობს  და საზღვარგარეთ გადაიხვეწება, რათა შვილები გამოკვებოს. ჩემი საქართველო იმ „ვაჟკაცების“ ქვეყანა არ იქნება, რომელთათვისაც ჭიქა ღვინო ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ოჯახური ვალდებულება. (სამაგიეროდ, შეზარხოშებულმა ქართველმა მამაკაცმა უკეთ იცის, რომ მას აკისრია ოჯახის წინამძღოლის სტატუსი.)

მტკივნეულია აღიარება, მაგრამ ფაქტია, დღეს, ჩემი ქვეყანა ის ადგილია, სადაც ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს.

დასკვნის მაგიერ: ქართული შეხედულებები გენდერულ თანასწორობაზე შემდეგ სტანდარტებს ეყრდნობა: ქალს შეუძლია ისწავლოს (ისიც ხშირ შემთხვევაში დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ), მაგრამ არ შეუძლია თანაბარი როლი იტვირთოსოჯახის რჩენასა და მართვაში, არ შეუძლია თავად განსაზღვროს ოჯახის გეგმები და პრიორიტეტები.  სხვა რომ არაფერი, ჩვენში ამორალური გამოვლინებაა ბავშვის სქესთან დაკავშირებული შეხედულებები. საზოგადოება, რომლის 70%  ამჯობინებს „ბიჭის ყოლას ოჯახში“, კარგად ამჟღავნებს, საკუთარ შეხედულებებსა და რაობას.

ამ ყველაფრი ფონზე, მაინც ვიბრძვით, მაგრამ ევროპელობა არ გამოგვდის და არც გამოგვია, სანამ ღიპიანი „მურთაზები“ მთელი სისასტიკით იმონებენ ცოლებს და მანამ კარგად არ შევიგნებთ, რომ ვან გოგის ნახატის გვერდით, მის ასლს არ კიდებენ.

და ბოლოს, რომ შემეძლოს, ამგარად მივმართავდი ყველას: ნუ ასწავლით შვილებს, რომ „კაცები  არ ტირიან”, ასწავლეთ, რომ არასოდეს ატირონ ქალები.