ქართველი მხატვრის ემოციური ნამუშევრები ნიუ-იორკის გალერეაში

394

თანამედროვე ხელოვნების გალერეა – ”აგორა” ნიუ-იორკში 1984 წელს დაარსდა. მას შემდეგ გალერეა თანამედროვე მხატვართა პოპულარიზაციას უწყობს ხელს. სწორედ აგორა გალერი უმასპინძლებს ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი მხატვრის ნამუშევრებს 4 დეკემბრიდან. ქართველი მხატვარი, თამო 1981 წლის 12 თებერვალს დაიბადა. დამთავრებული აქვს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის აკადემია, ფერწერისა და თეატრის მხატვრობის მიმართულებით.

თამოს აბსტრაქციების ხილვისას ფერის, ფაქტურისა და ტექნიკის საშუალებით მხატვრის ინდივიდუალიზმი ნათლად ვლინდება. ზუსტად ამ კომპონენტებს ენიჭება ცენტრალური ადგილი მის შემოქმედებაში. პაბლო პიკასოს თქმით, „მხატვარი არის ემოციების საცავი,  რომლებიც მოდიან ყველა ადგილიდან: ციდან, დედამიწიდან, ქაღალდის ზედაპირიდან, ობობის აბლაბუდიდან..„, სწორედ ემოციების სიუხვე იგრძნობა ქართველი შემოქმედის ნამუშევრებში, რომელიც მნახველსაც გადაეცემა და თითოეულ მათგანზე დიდ ზეგავლენას ახდენს.   yellowblog.ge  მხატვრის მენეჯერს, თათა შეყილაძეს დაუკავშირდა. საუბრის დასაწყისშივე თათამ გვითხრა, რომ მხატვარი მოვიხსენიოთ მხოლოდ სახელით, უბრალოდ – თამო.

თათა, ხარ თამოს მენეჯერი, გვიამბე როგორ დაიწყო თქვენი საქმიანი ურთიერთობა?

წლებია ვმეგობრობთ, სწორედ მეგობრობით დაიწყო ჩვენი საქმიანი ურთიერთობაც. ყოველთვის მჯეროდა, რომ თამო წარმატებას მიაღწევდა, საბოლოოდ კი ნიუ- იორკში აგორა გალერეასთან მოლაპარაკებები ვითავე.

ორი სიტყვით , როგორ დაახასიათებდი თამოს ნამუშევრებს?

მისი ნამუშევრები საოცარ ენერგიას ასხივებენ, გაძლევენ მუხტსა და განწყობას. ყოველივე ამას, თამო სრულყოფილად, საოცარი ოსტატობით   გადმოსცემს ფერებითა და ფაქტურით.

როგორ მოხვდა თამოს ნამუშევრები ნიუ იორკის ცნობილ გალერეაში?

ეს გალერეა ერთ-ერთი წამყვანი გალერეაა ნიუ-იორკში და ჩვენც სწორედ ის ამოვიღეთ მიზანში. თამოს ნამუშევრები ძალიან მოეწონათ და სექტემბერში გავაფორმეთ კონტრაქტი მათთან.

თამოს რამდენი ნამუშვარი იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე?

სხვა მხატვართა ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება თამოს 4 ნახატი. როგორც აღვნიშნე, გალერეასთან გვაქვს კონტრაქტი და თამოს ნამუშევრები წლისა და 6 თვის განმავლობაში პერიოდულად განახლდება ხოლმე ”აგორაში”. ამ ხნის მანძილზე გალერეა მოახდენს მისი ნამუშევრების გაყიდვას. კონკრეტულად ამ გამოფენის ხილვა კი მსურველებს ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

თანამედროვე ხელოვნების ქართველ მოყვარულებს თუ ექნებათ შესაძლებლობა საქართველოშიც იხილონ მხატვრის ნამუშევრები უახლოეს მომავალში?

ვერ გეტყვით. უახლოეს მომავალში საქართველოში გამოფენას არ ვგეგავთ. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.

 

აგორა გალერეასთან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ მოვიფიქრებთ გავაგრძელებთ თუ არა მათთან თანამშრომლობას. ასევე ვგეგმავთ დუბაის ბიენალზე მონაწილეობას, გამოფენებს ევროპის მასშტაბით და თამოს ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას.

 

თეო ჩომახიძე