ტელევიზია ძალადობა პროსტიტუცია

134

უკანასკნელი თვეებია ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად ითვლება ქალებზე ძალადობა, ლოგიკურია. ეს აღარ არის სადღაც, რომელიღაც საზღვრისპირა სოფელში მოკლული პენსიონერი ქალი, რომელიც ,,ნიუსი”-ს სახით გავიგეთ, შეგვეცოდა და გავაგრძელეთ ცხოვრება. მსგავსი ფაქტები თვეში ერთხელ მაინც იყო აქამდე, მაგრამ მათზე ნაკლებად დარდობდა ქართული მას-მედია და საზოგადოება.

ამჯერად საქმე უფრო რთულადაა. გახშირდა ქალებზე ძალადობა და მკვლელობები თბილისის ცენტრში, აქვე ახლოს. ჩვენ რომ შევწუხდით ისე და ლოგიკურია რომ გააქტიურდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია-საშუალებები. ძალიან კარგი, მაგრამ მეეჭვება რომელიმე ,,თოქ-შოუ”-ს ან რეკლამის ნახვის შემდეგ, თემაზე: ,, ქალთა უფლებები” ,,არა ძალადობას” და ა. შ. რომელიმე კომპლექსიანმა, პათოლოგმა ნაბიჭვარმა შეწყვიტოს ცოლის ცემა, ან რომელიმე ცოლმა(მსხვერპლმა) გადაწყვიტოს რომ დაშორდეს ამ ტირანს, ჩაიცვას მოკლე კაბა, მოუკიდოს სიგარეტს, ჩახტეს კაბრიოლეტში ახალგაცნობილ სიმპატიურ, კუნთა (ნამდვილ) მამაკაცთან ერთად  და დაადგეს გზას მისისიპის უდაბნოს გავლით, კალიფორნიისკენ… არა არ შემშლია, ეს ჰოლივუდური ფილმის ფინალია, რომელიც ქართულ რეალობაში არ გამოგვადგება. აქ სულ სხვა ალტერნატივაა. დამოუკიდებლად ცხოვრება არც ისეთი მარტივია.

რეალურად ვინ ითმენს დამცირებას და ძალადობას? ის ვისაც სხვა გზა არ აქვს.(არა მხოლოდ მატერიალური გაგებით)

ვისაც აქვს, ის დიდი ხანია გაშორებულია მოძალადე ქმარს, ცუდად თუ კარგად, ცხოვრობს თავის ოჯახში და თუ მოძალადე  სათოფეზე გაეკარება, დიდი სიამოვნებით ჩაუმტვრევს კბილებს მისი ან მამა ან ძმა, ან ბიძაშვილი, ან მეგობარი მამაკაცი ან მეორე ქმარი.

მედიაში გამოიკვეთა მსჯელობის ერთგვარი ტენდენცია, თითქოს ქართველ ახალგაზრდა გოგონებს რომლებიც ქმრებს შორდებიან და ოჯახს მისი შენახვის საშუალება არ აქვს, ხშირად უწევთ პროსტიტუციით თავის რჩენა.

სამსახურის შოვნა ნამდვილად ძნელია, მაგრამ სწორედ ამ ქართულ რალობაში, პროცენტულად ქალები უფრო დასაქმებული არიან ვიდრე მამაკაცები.

რომელი სქესი უფრო ცდილობს დასაქმებას ეს ცალკე თემაა და ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს.

მთავარი კი ის არის რომ პროსტიტუციის თემა, ბგერის სისწრაფით აიტაცეს ტელევიზიებმა და მიაბეს ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას.

საინტერესოა რას ფიქრობდა ის მაყურებელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უყურებდა გია ჯაჯანიძის შოუს, სადაც ვნახეთ:

ბორდელები გონიოდან თბილისამდე,

გავიგეთ სექს-მუშაკების ფასები. ქართველი კლიენტი ჯობია თუ თურქი, ვინ უფრო კარგად იხდის.

რა შედის სექს მომსახურებაში, მოცეკვავე გოგო რომელის გია ჯაჯანიძის შეკითხვას: ,,თქვენ ბოზი ხართ?” სრული სიმშვიდით პასუხობს რომ არა,

თავჩაღუნული მამაო,

ამ ყველაფრით დაინტერესებული ,,ცნობადი”ქართული საზოგადოების, მიმიკა-ემოციებისა და აზრების კრებული,

უშიშროების მაღალჩინოსანი, რომელიც გვამცნობს რომ ბორდელებში მუშაობენ, შსს-ს მობილური ჯგუფები,

არაესთეტიური სტრიპტიზიორი, შიშველი მოცეკვავე-მწერალი(!!!)

ნასამართლევი ქალი, მუშტი-კრივი,

ტატუ საჯდომზე,

და  სექს-მუშაკი 22 წლის ბიჭი, რომელიც ისე საუბრობდა მის ფასზე, (200 დოლარი ღამეში) მომსახურების დეტალებსა და შემოსავლებზე, როგორც მე ვსაუბრობ მეგობრებთან ერთად, მანჩესტერ იუნაიტედის სატურნირო მდგომარეობაზე ინგლისის პრემიერ-ლიგაში.

რა მოგვცა ამ ინფორმაციამ? რა გავიგეთ? ვის აინტერესებს?

რაში მჭირდება საათნახევრიანი ,,თოქ-შოუ” რომელიც ამ ყველაფერზე მიყვება?

რამდენად არღვევს ეს ყველაფერი ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს, და რამდენად ამორალურია ტელე-ეთერში ამ თემისთვის საათების დათმობა, ეს ,,ქარტიის” გასარკვევია.

პრობლემა რომელიც რეალურად დგას, ქალებზე ძალადობაა და არა ბორდელები, სექს-მუშაკები და მათი ფასები, რომლებიც ყველა ქვეყანაში, ყველა დროში და ეპოქაში არიან, იყვნენ და იქნებიან. ასე რომ გია ჯაჯანიძის ,,თოქ-შოუ” ვერ დაასრულებს მათ არსებობას.

სამაგიეროდ თუ უამრავ დროს დაუთმობთ პრობლემას ,,ქალზე ძალადობა” თუ რეალურად გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაში ქალებს არ ცემდნენ იმიტომ რომ ერევიან, ქალებიც ვერ მიდიოდნენ ქმრებისგან იმიტომ რომ წასასვლელი  არ აქვთ. მაშინ შევცვლით რეალობას და გია ჯაჯანიძეებიც გაქრებიან ტელე-ეთერიდან და გაჩნდებიან ვიტო კოლელიშვილები, დავით ზირაქაშვილები და რეზო გიგაურები რომლებიც ამბობენ: ,,ქალს ვინც დაუწყო გინება, აბა თუ შეგვერკინება.”

გოჩა აბზიანიძე