საქართველო ტალინის კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანაა

325

2015 წელს ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველოა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 13-29 ნოემბერს, ესტონეთი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, რომელმაც გასულ წელს „ა“ კლასის ფესტივალის სტატუსი მოიპოვა.

ღონისძიების გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი ესწრებოდნენ.

ფესტივალის გახსნის ცერემონია ტალინის საკონცერტო დარბაზში – „ნორდეა“ შედგა, სადაც კინომუსიკის პროგრამით კონცერტი გამართა საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ფესტივალი კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმმა „ჩემი ბებია“ გახსნა – ჩვენება მუსიკალურად გაფორმა ნიკოლოზ რაჭველის მიერ სპეციალურად შექმნილმა ნაწარმოებმა, რომელიც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულებით გაჟღერდა. ამავე დღეს, კინოფესტივალის ფარგლებში,  საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო ძველი ქართული ფილმების კინოაფიშების გამოფენაც.

ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს ვანო ბურდულის ფილმი „გაყინული შადრევნების წელიწადი’’ – სწორედ ტალინში შედგება ფილმის მსოფლიო პრემიერა.  გარდა ამისა, ფესტივალის ფოკუსში მოქცეულია, როგორც ბოლო წლების წარმატებული ქართული ნამუშევრები, ასევე  ქართული კინოკლასიკა.

ფესტივალის პროგრამაში 13 ქართული ფილმია:

  • ზამთრის სიმღერა – ოთარ იოსელიანი
  • ჩემი ბებია – კოტე მიქაბერიძე
  • ფიროსმანი – გიორგი შენგელაია
  • ნატვრის ხე – თენგიზ აბულაძე
  • ცისფერი მთები – ელდარ შენგელაია
  • მონანიება – თენგიზ აბულაძე
  • იავნანა – ნანა ჯანელიძე
  • სამი სახლი – ზაზა ურუშაძე
  • გაღმა ნაპირი – გიორგი ოვაშვილი
  • მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს – თინა გურჩიანი
  • შემთხვევითი პაემნები – ლევან კოღუაშვილი
  • პატარძლები – თინათინ ყაჯრიშვილი
  • მე ვარ ბესო – ლაშა ცქვიტინიძე

 

ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის ფარგლებში, ასევე იგეგმება სტუდენტური ფილმების რეტროსპექტივა. ნაჩვენები იქნება საქართველოს კინოსდა თეატრის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გადაღებული 5 ფილმი (პრეზენტატორი დათო ჯანელიძე). ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი მონაწილეობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტის სალომე ვეფხვაძის ფილმი „მე, მამა და ისინი”, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსდა და წელს უკვე მოიპოვა  ორი საერთაშორისო პრიზი.

 

ტალინის ბნელი ღამეების ფესტივალთან უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.