როგორ ვებრძოლოთ შფოთს? – დეილი კარნეგის რჩევები

420

ნაწილი I

დეილი კარნეგზე, უფროსებისგან ბავშვობიდანვე მესმოდა. როგორ ასწავლიდა თითოეულ ადამიანს სწორ ცხოვრებას, შფოთთან ბრძოლას, პრობლემების მოგვარებას, როგორ გამხდარიყვნენ ბედნიერები. თავიდან არ მჯეროდა, რომ მის დაწერილ წიგნს შეეძლო შეეცვალა ჩემი, შენი თუ თქვენი ცხოვრება.

მაგრამ ერთ დღეს, როდესაც არც თუ ისე კარგი პერიოდი მქონდა, გადავშალე დეილი კარნეგის წიგნი და სწორედ იმ წუთიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც. მან მომცა უდიდესი ძალა, თითქოს „ქვეყნის ბატონ-პატრონი“ გავხდი. იქ მოყვანილმა მაგალითებმა საკუთარი თავის რწმენა მომცა. შეძლო სხვამ, მაშასადამე შევძლებ მეც!

დღეს კი გადავწყვიტე, რომ ეს ძალა თქვენც გადმოგცეთ. ჩემ ერთგულ მკითხველს. და თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ, მაშინ ვიმედოვნებ, რომ სულ მალე გახდებით…

დეილი კარნეგი გვიყვება ერთ კაცზე, რომლის ცხოვრებაც სტუდენტობისას 1871 წელს მთლიანად შეცვალა ჩვიდმეტმა სიტყვამ. ეს ის პერიოდი იყო, როცა სწავლას ამთავრებდა, ჰქონდა ათასი საფიქრალი: უნდა ჩაებარებინა გამოცდები, ჰქონდა პირადი პრობლემები, სამსახურიც საშოვნელი ჰქონდა. ყველა პრობლემის მოგვარებას კი მხოლოდ და მხოლოდ 17 სიტყვა დაედო საფუძვლად. ის თავისი დროის ყველაზე სახელგანთქმული თერაპევტი გახდა და ოქსფორდში მედიცინის სამეფო პროფესორი. ეს კაცი იყო სერ უილიამ ოსლერი.

ალბათ, დაგაინტერესებდათ იმ 17 სიტყვის გაგება, რომელმაც უილიამ ოსლერის წარმატება განაპირობა: „ჩვენი მთავარი ამოცანაა არა ბურუსით მოსილ მომავლის სივრცეებში მზერა, არამედ დაუყოვნებელი, სახელდახელო მოქმედება გზაზე, რომელიც გამოკვეთილად ჩანს“ – ავტორი თომას კარლეილი.

ორმოცდაორი წლის შემდეგ, სერ უილიამ ოსლერმა მიმართა იელის უნივერსიტეტის სტუდენტებს: „დამკვიდრებულია აზრი, რომ ისეთი კაცი, როგორც მე ვარ: ოთხი უნივერსიტეტის პროფესორი და პოპულარული წიგნების ავტორი – განსაკუთრებული ტვინის პატრონი უნდა იყოს. იმედი უნდა გაგიცრუოთ. მე სავსებით ჩვეულებრივი უნარები მაქვს“.

მაშინ, რა იყო მისი უდიდესი წარმატების საიდუმლო? როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნა, ის ცდილობდა ეცხოვრა ყრუ კედლით შემოფარგლული დღევანდელი დღით.

იელის უნივერსიტეტში გამოსვლამდე სერ უილიამ ოსლერმა ლაინერით იმოგზაურა. მისი ყურადღება მიიქცია იმან, რომ კაპიტნის ღილაკზე ხელის დაჭერით მოქმედებას იწყებდა მექანიზმთა გარკვეული ნაწილი. სხვები კი ჰერმეტულად იხურებოდა.

შემეგ სტუდენტებთან გამოსვლისას ეს მაგალითი მოიშველია: „თითოეული თქვენთაგანი უფრო მნიშვნელოვანი მექანიზმია, ვიდრე ის გიგანტური ლაინერი. ცხოვრების ასპარეზზე გამოსულებმა, ისწავლეთ ღვთის მონიჭებული მექანიზმის მართვა, მისი დაცვა. ანუ, ისწავლეთ თქვენი ცხოვრების ცალკეული მონაკვეთის დროული გამიჯვნა. მხოლოდ ამ გზით დაიცავთ უსაფრთხოებას. თითი დააჭირეთ ღილაკს და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრების ყოველი ცალკეული ეტაპი შეიძლება ყრუ კედლით გაემიჯნოს გუშინდელ დღეს. მეორე ღილაკით კი რკინის ფარდა ჩამოეფარება მომავალს. სწორედ მაშინ შეძლებთ იცხოვროთ დღევანდელი დღით! დაივიწყეთ წარსულზე დარდი, თორემ წარსულის ტვირთს თუ მომავლის ტვირთიც დაემატება და მხრებზე წამოიკიდებთ, რა ძალაც არ უნდა გქონდეთ, მაინც ვერ გაუძლებთ და მუხლს მოგადრეკინებთ. ჰერმეტულად გაემიჯნეთ, როგორც წარსულს, ისე მომავალს… გახსოვდეთ, მომავალი აწყმოშია. ხვალინდელი დღე კი ჯერ არ არსებობს. უბრალოდ, იცხოვრეთ დროის გარკვეულ, შემოფარგლულ უჯრედში“.

„ხვალინდელ დღეზე ზრუნვის საუკეთესო ხერხია მთელი ძალა და ენერგია მოვახმაროთ დღევანდელ დღეს – გვირჩევს დეილი კარნეგი – ჩვენი საზოგადოების სოციალური მდგომარეობის ყველაზე საშინელი მაჩვენებელია ის, რომ უამრავი ადამიანია დაავადებული ნერვიული და ფსიქიკური მოშლილობით. მათ, რომლებმაც ვეღარ გაუძლეს გუშინდელი და ხვალინდელი დღის მძიმე ტვირთს. არადა უმრავლესობას შეეძლო მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა და დამტკბარიყო ყოველდღიურობით.

ჩვენ ვდგავართ ორი მარადისობის გადაკვეთაზე: ერთია უნაპირო წარსული, რომელიც არის მარადისობაში, მეორე – მომავალი, რომელიც ვრცელდება ჟამთა სვლის უკანასკნელ წამამდე. შეუძლებელია იცხოვრო ერთდროულად ორივე მარადისობაში და ნურც ეცდებით.  უმჯობესი იქნება, თუ ღმერთს მადლობას ვეტყვით მისგან მოძღვნილი შესაძლებლობისთვის – იცხოვროთ დროის ერთადერთ მონაკვეთში გაღვიძებიდან დაძინებამდე. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, ყველა შეძლებს ტვირთის ზიდვას ერთი დღის მანძილზე“.

 

მოამზადა:
საკო კოჭლამაზაშვილმა