როგორც შაგალის ნახატში

353

მივფრინავდით.
როგორც შაგალის ნახატში გაცოცხლებულები.
სამყარო ჩვენს ქვემოთ მოვიტოვეთ.
ცა იყო უსასრულოდ მშვიდი,
თითქოს ზღვას სამუდამოდ
შეენახა მზე თავის უფსკრულში.
თვალის დახამხამება არ მინდოდა,
ვგრძნობდი, ასე დასრულდებოდა ოცნება.

მე მახსოვს, როგორ მივფრინავდით სახლებს ზემოთ…
თითქოს შაგალი ნელ-ნელა გვხატავდა.
ცა კი ხმამაღლა ფიქრობდა:
ჩემში გადაკარგულებს უკან დაბრუნება უჭირთ…
და არ იძვროდა გემი, არ ირხეოდნენ ფოთლები,
მხოლოდ უსაზღვროდ გელოდი, რომ აღმეწერა სიზმრები…
სადაც მე და შენ ვიცით რას ნიშნავს
როდესაც ცა გეძახის…

 

მარიამ კავილაძე