„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – 2016 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 57 ჟურნალისტი დაიღუპა

159
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 57 ჟურნალისტი დაიღუპა, – იუწყება ფრანგული Le Figaro.

შედარებისთვის, 2015 წელს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 67 ჟურნალისტი დაიღუპა. ანგარიშის თანახმად, 2016 წელს სირია „ჯოჯოხეთად“ იქცა, სადაც 19 ჟურნალისტი დაიღუპა, ავღანეთში – 10, მექსიკაში – 7, ხოლო იემენში – 7 ჟურნალისტი.

„აღნიშნული მნიშვნელოვანი კლება წინა წლის პერიოდთან შედარებით გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი ტოვებს თავიანთ ქვეყნებს, სადაც ყოფნა ძალიან სახიფათოა. სირია, ერაყი, ლიბია, იემენი, ავღანეთი, ბანგლადეში, ბურუნდი ნაწილობრივ შავ ხვრელად იქცნენ, სადაც დაუსჯელობა სუფევს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ჟურნალისტების უმეტესობა თავიანთ ქვეყნებში მოკლეს, გარდა ოთხი ჟურნალისტისა, რომლებიც საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნისას დაიღუპნენ.