რა არის აკვიატება და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ ადამიანებზე?

2116

აკვიატებითი ხასიათის მოქმედებები, იგივე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (Obsessive -Compulsive Disorder) ხასიათდება არარაციონალური აზრებით, უცნაური რიტუალებით და შეგრძნებით, რომ შესაძლოა, რაღაც ცუდი მოხდეს.

თავდაპირველად, აკვიატება გამოიხატება მხოლოდ უსიამოვნო აზრებით, შემდეგ  ჩამოყალიბებული შფოთის გასანეიტრალებლად ადამიანები იწყებენ მოქმედებას. დროთა განმავლობაში, ეს მოქმედებებიც აკვიატებული ხდება და ისინი დამოკიდებული ხდებიან კონკრეტულ ჩვევაზე. ხშირად ითვლიან საგნებს ან იბანენ ხელებს; რამდენჯერმე ამოწმებენ ჩამრთველებს, კარგად დაკეტეს თუ არა კარი ან ფანჯარა, გამორთეს თუ არა გაზქურა, ხომ არ შეეშალათ რამე დოკუმენტებში, ტელეფონის ნომერში ან მისამართში; იმეორებენ კონკრეტულ სიტყვას ან მოქმედებას რამდენჯერმე, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მშვენივრად ხვდებიან საქციელის უსაფუძვლობას, ტვინი საშუალებას არ აძლევს შეჩერდნენ. ეს მათ ძალებს აღემატება. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გონებაში მიმდინარე განუწყვეტლივი დებატებია და ადამიანი თითქოს  იმას ასრულებს, რასაც უბრძანებენ.

ასეთი ტიპის ადამიანებზე ადვილად ახდენს ზემოქმედებას ნეგატიური აზრები და შფოთი ძლიერდება, მაგალითად, თუ ადამიანს აწუხებს აკვიატებული იდეა, რომ შეიძლება რამე დაუშავდეს/მოკვდეს – უსიამოვნო გრძნობა ეუფლება სამზარეულოში შესვლისას, სადაც დანები აწყვია.

ჯეინი, სკოლის მოსწავლე ჯორჯიას შტატიდან, წერს, რომ აკვიატება მისთვის დალაგების გამუდმებულ სურვილში გამოიხატება. ,,როცა ჩემი ოთახის დასუფთავებას ვასრულებ და უცებ ვინმე შემოდის, ვგიჟდები. შესაძლოა, ტირილიც კი დავიწყო. ოჯახის წევრებს უფლებას არ ვაძლევ შემოვიდნენ. მგონია, რომ რაღაცას დასვრიან და გააფუჭებენ.“ გასაკვირი არ არის, რომ ჯეინს მეგობრები არ ჰყავს.

ჯული, ორეგონიდან თვლის, რომ თუ გარკვეულ მოქმედებას რამდენჯერმე არ შეასრულებს, რაღაც ცუდი დაემართება. სინათლის ჩამრთველებს შვიდჯერ რთავს და მხოლოდ ამის შემდეგ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. თუ პროცესში რაღაც ხელს უშლის, თვლას თავიდან იწყებს.

კვლევების მიხედვით, ,,ოკას“ მკურნალობა  პაციენტების 75%-სთვის შედეგიანია. ასეთ დროს გამოიყენება როგორც მედიკამენტები, ისე ფსიქოთერაპია. პაციენტებს დარწმუნების მეთოდით მკურნალობენ,  შფოთის პარალელურად აქტიურად ახსენებენ, რომ უსაფრთხოდ არიან და სიტუაციას აკონტროლებენ. დროთა განმავლობაში აკვიატებული აზრები და შიშები სუსტდება, ადამიანი აღარ ცდილობს მათ გაექცეს და თავს მშვიდად გრძნობს. თუმცა, ყველა ვერ ახერხებს აღნიშნული მეთოდის ეფექტურად გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში არსებობს  გაუმჯობესებული  მიდგომა, როდესაც ცდილობენ აკვიატებულ აზრებს სხვა დატვირთვა მოუძებნონ. შეცვალონ ადამიანის რეაქცია, როდესაც თავს დაუცველად გრძნობს.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ