პორშე 918 Spyder-ის წარმოების ლიმიტი ამოიწურა

420

პორშეს კვლევისა და განვითარების უფროსმა ვოლფგანგ ჰატცმა განცხადა, რომ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერის“ ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა ამ ავტომობილის შთამომავალზე, თუმცა მის შესახებ რაიმე ინფორმაციას ამ ეტაპზე საიდუმლოდ ინახავს. ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე ჰატცმა თქვა, რომ სუპერ ავტომობილის 918-ვე ეგზემპლარზე შეკვეთები მიღებულია. თუმცა მისი შეძენის მსურველთა სია მაინც შედგება, იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე შემკვეთი ყიდვას გადაიფიქრებს.

„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ავტომობილის გაყიდვა არ გაგვიჭირდებოდა. ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ გაყიდვები მას შემდეგ უფრო დაჩქარდა, რაც პრესის მიმოხილვებმა დაადასტურა – ავტომობილი ყველა იმ თვისების მატარებელია, რომლებსაც მყიდველს ვპირდებოდით. ჩვენ ამ ავტომობილის შემუშავებისას, კონკურენტებისგან განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ. მას უნდა ჰქონოდა ექსტრემალური მახასიათებლებიც და ეფექტურობაც. და ჩვენ ორივე მიზანს მივაღწიეთ. და ახლა ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, თუ რას უნდა ელოდონ მომავალში“, – ამბობს ჰატცი.

ბოლო „918 სპაიდერი“ ნოემბერში გაიყიდა. 918 ეგზემპლარიდან 297 ცალი ამერიკაში შეიძინეს, გერმანიასა და ჩინეთში 100-100 ცალი გაიყიდა, დანარჩენი 421 ცალი კი სხვა ქვეყნებში შეიძინეს. ჰატცი ამბობს, რომ ტექნოლოგიებს, რომლებიც „პორშეს“ ინჟინრებმა ამ ავტომობილისთვის შეიმუშავეს, სხვა ავტომობილებზეც გამოიყენებენ.

„გამოვუშვებთ, თუ არა 918-ის შემცვლელს? აუცილებლად. რა თქმა უნდა, არა დაუყოვნებლივ, მაგრამ არც 20 წელი ლოდინი მოგიწევთ. როცა ასეთ ავტომობილზე ვმუშაობთ, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ. მეორეც, ეს ბიზნესი ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც ახალ გამოწვევებს ქმნის. ასეთ ავტომობილზე მუშაობისას, ინჟინრების ახალი თაობა ყალიბდება და მე დარწმუნებული ვარ, ეს თაობა კომპანიას კიდევ არაერთი წელი ემსახურება. ჩვენ ამ იმპულსის შენარჩუნებას ვაპირებთ და ამიტომ, 918-ის შემცვლელს აუცილებლად გამოვუშვებთ“, – ამბობს ჰატცი.

საინტერესოა, რომ ბაზარზე სამი ჰიბრიდი-კონკურენტი – „918 სპაიდერი“, „ფერარი ლაფერარი“ და „მაკლარენ P1“ პრაქტიკულად ერთდროულად გამოვიდა. თუ „პორშემ“ თავისი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი 918 ცალი გაჰყიდა, „ლაფერარის“ შეძენის საშუალება 499 ადამიანს მიეცა, „მაკლარენ P1-ისა“ კი – მხოლოდ 375-ს.

წყარო