ნინო ალბუთაშვილი – მარადისობისაკენ

125

-მარადისობა, მარადისობა, მარადისობა..  დაიყვირა  ძალაგამოცლილმა კაცმა და უგრძნობლად დაეცა მიწაზე. მეც მის წინ ვიდექი, დაბნეული მომხდარით და გაკვირვებული მომაკვდავის უკანასკნელი სიტყვებით. სახლში დაბრუნებისთანავე ფიქრებმა წამიღო. თითქოს უხილავმა სამყარომ გამიტაცა უსასრულობაში. მარადისობის მეძებარ ქალწულს დავემსგავსე.

რა შეიძლება იყოს მარადიული? როგორ უნდა მოვიპოვოთ მარადიულობა? მომაკვდავს თვალები ზეცისკენ ჰქონდა მიპყრობილი, გაუგებარი ნაღვლით და სიხარულით სავსე. თვალები ხომ სულის სარკეა, სულის გამოხატულებაა. ის არ იყო წმინდანი, მაგრამ ისწრაფვოდა, რომ დამსგავსებოდა მას.

ადამიანები ვცდილობთ აწმყოში ვეძიოთ მომავალი, მაგრამ ჩვენ ვცდებით, როდესაც ჩვენი აწმყოთი მომავლის შეფასებას ვიწყებთ.

ჩეხი პოეტი სკაცელი სამასი წლით ჩაიკეტა სევდის სასახლეში, რადგან საკუთარ ქვეყანას აღმოსავლეთის იმპერიის მიერ სამუდამოდ შთანთქმულს ხედავდა. ის არ იყო მართალი. მომავლის განჭვრეტისას ყველანი ვცდებით. აწმყოს შეცნობა შეუძლებელია. თუ არ ვიცით აწმყოს როგორი მომავლისაკენ მივყავართ, რანაირად შეიძლება ვიმსჯელოთ როგორია იგი, ცუდია თუ კარგი? ასე იქრობდა მილან კუნდერა. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, ვერ ამოვიცნობთ აწმყოს რაგვარობას, სანამ მომავალი მის შედეგს არ დაგვანახებს.

პასკალი ამბობდა: „წარსული და აწმყო ჩვენი საშუალებებია, მომავალი- ჩვენი მიზანიო.“ რასაც აწმყოში ვაკეთებთ შედეგები მომავალში აისახება. აწმყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაურკვევლობაა.  მასზე ბევრი მოსაზრებაა გამოთქმული. საერთოდ არსებობს კი ის რეალურად? პლატონის სიტყვით აწმყო არ არსებობს. ის გამუდმებით იბადება და კვდება. სანამ რაიმეს შეცნობას მოვასწრებდეთ, სანამ რაიმეს გავიაზრებდეთ, ის უკვე წარსულში ინაცვლებს. დროში მუდმივი მდინარებაა. სად შეიძლება ვეძიოთ ჭეშმარიტება ამ განუწყვეტელ დინებაში, რომელიც ერთ დღეს ყველა ჩვენგანისთვის დასრულდება, სამყაროსთვის კი არასოდეს?

ჩემი აზრით, სწორედ მარადიულობაა დაუსრულებელი აწმყო, ამ მარადისობისაკენ კი უფლის რწმენა მიგვიყვანს და იმის გაანალიზება, რომ ამქვეყნიური ცხოვრების აღსრულებით სიცოცხლე არ სრულდება. ადამიანი მარადიულ დროში გადადის, სადაც უკვდავებაა.

მარადისობა, მარადისობა, მარადისობა. აი, რას გულისხმობდა მოხუცი და რა იკიხებოდა მის თვალებში. ტანჯვა, რომელიც მან გაიარა მარადიული გზის საპოვნელად და სიხარული მარადისობასთან შეერთებისა. ეს ზეიმი იყო მისთვის, ზოგიერთი შემსწრეთათვის კი ტრაგედია.

ასეთ ფიქრებში გართულს ჩამეძინა იმ იმედით, რომ მეყოფოდა რწმენა და ერთ დღეს მეც შევიცნობდი მარადისობის შეგრძნებით გამოწვეულ საიდუმლო სიხარულს.