მარიამ ბეროძე – “ყვითელი”

280

მარიამ ბეროძე ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც დახვეწილ და ინსპირაციულ ფოტოებს იღებს. ნამუშევრებში ძირითადად პორტრეტებს შეხვდებით,  სადაც ადვილად ამოიკითხავთ ემოციებს და ხასიათს. დღეს გთავაზობთ ფოტოსერიას “ყვითელი“, რომლითაც უკვე რამდენიმე საერთაშორისო ონლაინ გამოცემა დაინტერესდა. 

მოგვიყევი შენ შესახებ

21 წლის ვარ. ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე (არაბისტიკის განხრით). მესამე კურსზე ვარ.  ჩემი მომავალი პროფესია ძალიან მომწონს. როცა საკმარის გამოცდილებასა და ცოდნას დავაგროვებ, მინდა, არაბული ნაწარმოებები ვთარგმნო და ჩემს ფირიან კამერასთან ერთად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიმოგზაურო.

ცოტა რამ ფოტოსერიის შესახებ

ეს არის ორი სრულიად განსხვავებული ფოტოსერია: პირველ ნაწილში,  ტყუპ დებს ვხედავთ, მეორე ნაწილში – წყვილს.  ის, რაც მათ აერთიანებთ , ყვითელი ფერი და სიყვარულია.

გახსოვს პირველი ფოტო როდის გადაიღე?

როდის გადავიღე სულ პირველი ფოტო, სამწუხაროდ, არ მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მობილურით გადავიღებდი. საერთოდაც, ჩემი პირველი ფოტოგრაფიული ნაბიჯები სწორედ მობილურის დახმარებით გადავდგი. რაც შეეხება კამერას, ზენიტით (რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა და მას შემდეგ ამ ფოტოაპარატს ვიყენებ) პირველად  2013 წელს გადავიღე და მთელი ეს ფირის მაგია თუ სენი ისე შემეყარა, ალბათ, ვერც ვერასდროს განვიკურნები.

რა არის შენთვის ფოტოგრაფია?

ფოტოგრაფია ჩემი მთლიანობის შემადგენელი ნაწილია. მინდა, უამრავი ლამაზი, დასამახსოვრებელი, საინტერესო და უნიკალური კადრი შევაგროვო. სასიამოვნოა, როცა პოულობ საქმეს, რომლის კეთებაც გაბედნიერებს. მრავალმხრივი ინტერესი გამაჩნია, თუმცა ერთი რამ ვიცი – მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში დავიმკვიდრებ თავს, ფოტოების გადაღება ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების თანმდევი პროცესი.

ყველაზე მეტად რისი გადაღება მოგწონს?

ალბათ, ყველაზე მეტად პორტრეტების გადაღება მომწონს. ადამიანები მიყვარს, ვფიქრობ, რომ ისინი საინტერესოები არიან. საერთოდ რომ არ იცნობდე ვინმეს, პორტრეტი აუცილებლად გიამბობს მის შესახებ – მასში აუცილებლად დაინახავ ხასიათის მნიშვნელოვან ნიუანსებს.

სად პოულობ ინსპირაციას?

არ ვიცი. ალბათ, განწყობას გააჩნია. მუსიკა, წიგნი, ამინდი, ხალხი. . .  ყველაფერი შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო.

რომელ პროგრამას იყენებ ფოტოების დასამუშავებლად?

ფოტოებს, ძირითადად, არ ვამუშავებ. მაქსიმუმ, picasa გამოვიყენო. ვაღიარებ, ფოტოების დამუშავების არაფერი გამეგება და კიდევ კარგი, არც მჭირდება.

რომელია შენი საყვარელი ქართველი ფოტოგრაფი?

მგონია, რომ ბევრი ნიჭიერი ფოტოგრაფია საქართველოში და რამდენიმე განსაკუთრებულადაც მომწონს. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვყო ნათელა გრიგალაშვილი. პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ერთხელ შევხვდი გამოფანაზე, მაგრამ მიყვარს , როგორც ადამიანი, მიყვარს, როგორც ფოტოგრაფი და უზომოდ დიდ პატივს ვცემ მის პროფესიონალიზმს.