ლევან ჩიკვაიძე – „მაესტროს“ გაკოტრების შემდეგ 100-პროცენტიანი წილის კოტე გოგელიას ხელში გადასვლა იგეგმებოდა

227

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი მეწილე ლევან ჩიკვაიძე 2030.news-თან საუბრისას აცხადებს, რომ კოტე გოგელიას 2011 წლიდან ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ ოთხი 13-პროცენტიანი სესხი აქვს მიცემული.

საუბარია დაახლოებით 11-12 მილიონ დოლარზე. ჩიკვაიძის თქმით, ამ დროისთვის დაგროვილ ვალში, 54 მილიონში დიდი წილი სწორედ გადაუხდელ პროცენტზე მოდის.

ლევან ჩიკვაიძის ინფორმაციით, გოგელიას მიერ გაცემულ სესხებზე საუბარია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბიდიოს“ დასკვნაშიც.

გარდა ამისა, ლევან ჩიკვაიძე,რომელმაც რამდენიმე დღის წინ გიორგი გაჩეჩილაძეზე “მაესტროს“ საკუთარი წილი -15 პროცენტი გაასხვისა, ამბობს, რომ „მაესტროს“ გაკოტრების შემდეგ 100-პროცენტიანი წილის კოტე გოგელიას ხელში გადასვლა იგეგმებოდა.

“გაკოტრების მერე რა იქნებოდა, უთქვამს გუშინ თანამშრომლებთან შეკრებაზე მაკა ასათიანის ადვოკატს. “მაესტროს“ წილების 100% გადავიდოდა მაკა ასათიანის ხელში. არსებობს ამის მოწმე ასობით ჟურნალისტი და არსებობს დამფუძნებელთა ნაწილის სკაიპის ჩანაწერი, სადაც კოტე გოგელიაც ამას ამბობს, ოღონდ 75 პროცენტზე. ამას ჰქვია რეიდერული მიტაცება, ეს რუსული ფენომენია და ხორციელდებოდა აქ, “მაესტროში“,- განაცხადა ჩიკვაიძემ, რომელიც “მაესტროს“ ახლანდელი ხელმძღვანელობის არასწორ მენეჯმენტზეც საუბრობს.

“ბიზნეს გადაცემების გარდა, არხზე ვერც ერთმა პროექტმა ვერ გაამართლა. ტელეკომპანიის ახლანდელმა მენეჯმენტმა 52 მილიონი ვალი დაადო, თუმცა “მაესტროს“ სახელზე არ არის არც შენობა, არც აპარატურა და, რაც მთავარია, გაკოტრებაზე მიდის ორგანიზაცია. ადრე “მაესტრო“ მომჭირნედ ცხოვრობდა, ხშირად ხელფასებს ვერ ვარიგებდით, მაგრამ არასდროს “მაესტროს“ ვალი არ დადებია, აკეთებდა ისეთ პროექტებს, როგორიცაა “პა-სეანსი“, “ტოროლა“, “ამტანი“, „აბები“. ერთი პროექტი მითხარით, გარდა ბიზნეს გადაცემებისა, რომელმაც გაამართლა ახლანდელი მენეჯმენტის დროს“,-ამბობს ჩიკვაიძე.

მისივე თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობა „მაესტროზე“ პირველ რიგში მამუკა ღლონტის, გიორგი ებრალიძის და სხვა ძველი დამფუძნებლების დანერგილია.

„სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იყო ბაჩო კიკაბიძის დროსაც. სხვათა შორის, „მაესტროელებს“ ჰკითხეთ, როგორი კვალიფიციური, ძლიერი, გულისხმიერი დირექტორი იყო ბაჩო კიკაბიძე,  მაგრამ ვინმემ ამიხსნას, რატომ წავიდა არხიდან ყველაზე რეიტინგული გადაცემა „აბები“, რატომ დატოვეს „მაესტრო“ ისეთმა ჟურნალისტებმა, როგორებიც არიან დიანა ტრაპაიძე, თეონა გეგელია, ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია, კიდევ დაახლოებით 30-მდე ჟურნალისტმა და 200-მდე თანამშრომელმა?. იქნებ, სული შეეხუთათ ამდენი და ასეთი სარედაქციო დამოუკიდებლობით და ვეღარ გაუძლეს?  ან იქნებ ის არის ჩაურევლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა, როცა გუშინდელ კრებაზე თანამშრომელთა ნაწილის მოთხოვნას, მოვუსმინოთ მეორე მხარესო, ერთ-ერთმა „გარანტმა“ უპასუხა, რომ ამის შესახებ ბაია გადაბაძეს ვკითხოთო“,-აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ 2030.news-სთან საუბრისას.

 

წყარო