კანონში მარტოხელა დედის და მამის სტატუსი გაჩნდება

148

წლის ბოლოსთვის, მარტოხელა მშობლის სტატუსი კანონმდებლობით განისაზღვრება. ამ ინიციატივის ავტორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეა.

კანონპროექტის მიზანია, კანონმდებლობაში მარტოხელა მშობლის სტატუსის დეფინიცია შემოვიდეს. გაუმჯობესდეს ამ სტატუსის მქონეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მათთვის სოციალური პაკეტი განისაზღვროს.

„ამ კანონპროექტის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსს ემატება ახალი მუხლი. თავიდან იყო ინიციატივა, რომ ყოფილიყო მარტოხელა დედის სტატუსი, თუმცა შემდეგ, კომიტეტზე სრულიად ლოგიკურად დაისვა საკითხი – თუკი შეიძლება იყოს მარტოხელა დედა, რატომ არ შეიძლება იყოს მარტოხელა მამა. ამიტომაც, ჩვენ ეს კანონპროექტი მარტოხელა მშობლის სტატუსის ქვეშ გავაერთიანეთ.“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, ეს სტატუსი მიენიჭება ყველა იმ პირს, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული, 18 წლამდე ასაკის შვილი და თუ ბავშვის დაბადების ჩანაწერში არ არის მითითებული ინფორმაცია მისი დედის ან მამის შესახებ.

პროექტი სტატუსის გაუქმების პირობებსაც ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ოფიციალურად დაქორწინდება ან შვილი სრულწლოვანი გახდება, მშობელს მარტოხელას სტატუსი გაუუქმდება.

„მარტოხელა მშობლის სტატუსის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ დავითვლით, რამდენია ასეთი პირი ქვეყანაში. შემდეგი ეტაპი მათთვის სოციალური პაკეტის განსაზღვრა იქნება. სოციალური პაკეტი სწორედ მარტოხელა მშობლების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება, იქიდან გამომდინარე, თუ რა ბენეფიტებს გაცემას შეძლებს სახელმწიფო“ – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

კანონპროექტი პირველ საკომიტეტო მოსმენაზე უკვე გავიდა. საბოლოო მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს კანონი დაახლოებით ერთ თვეში ამოქმედდება.

მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭებათ მხოლოდ იმ ბავშვების მშობლებს, რომელთა საბუთებშიც არ არის რეგისტრირებული მამა ან დედა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი 18 წლამდე ასაკის ბავშვს, გარდაცვლილი ჰყავს რომელიმე მშობელი ან ისინი განქორწილებულები არიან, შესაბამისად, მარჩენალდაკარგულის დახმარებას ან ალიმენტს მიიღებს.

წყარო