იუნა შაფათავა: მინდა მყვირალა, დაუმალავი ნიჭის აღიარება და არა ლოგინის გავლით როლების მოპოვება…

397

ექსტრაორდინალური, საინტერესო (როგორც თავის თავს უწოდებს), ენერგიული და მხიარული, მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში მყოფი იუნა შაფათავა დღეს yelllowblog-ის სტუმარია, როგორც გავიგეთ მან წიგნი დაწერა და ამ და არა მხოლოდ ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ:

საკმაოდ სკანდალურ პერსონად ხარ მიჩნეული, რატომ არის შენს ირგვლივ მუდმივად სკანდალები?…

მგონი მხოლოდ ჩემს ირგვლივ არა. საქართველოში რაც რუტინიდან გარეთ გამოდის, ყველაფერს სკანდალი ერქმევა. მე სხვა სიტყვებს ვიხმარდი: განსხვავებული, ექსტრაორდინარული, საინტერესო…და ა.შ. ხომ უფრო ლამაზია? ასეთი განსხვავებული იუნა შაფათავა – სხვა რაკურსია, სხვა ხედვა. სკანდალისტი – ეს შეურაცხყოფაა.

ყველა თემაზე ღიად შეგიძლია საუბარი, საკმაოდ უკომპლექსო ხარ და ეს დისკომფორტს არ გიქმნის ხოლმე?…

რა არის კომპლექსი? არასრულფასოვნების სუბიექტური შეგრძნება. ჩემს წრეში, ვისთანაც მე ვმეგობრობ, ყველა ჩემზე მეტად ჭკვიანი და თავდაჯერებულია. კომპლექსი- ერთგვარი ხარვეზია ხასიათში. მე არ მესმის ეს სიტყვა და დისკომფორტიც არ მაქვს არანაირი. მეცინება, როცა მათვალიერებენ და სახეზე გამომეტყველებით ვგრძნობ რას ფიქრობენ.  ადამიანის გარეგნულად შეფასება, მათი არასრულფასოვნების და განუვითარებლობის მაჩვენებელია.

რა ჭირს ჩვენს საზოგადოებას როგორ ფიქრობ, რატომ არის ასეთი დაკომპლექსებული და შებოჭილი?…

არავინ არ არის შებოჭილი. შებოჭილები არიან საგარეოდ, შინ – რა ხდება მამმა მია….უნდა ვიყოთ ის, რაც ვართ. გადამეტებული ქების და გადამეტებული ლანძღვის გარეშე. ასე ყველასთვის უკეთესი იქნება. ყველაფერს დავარქვათ საკუთარი სახელი. თავისუფლება- არ უნდა ნიშნავდეს უზრდელობას….

რა რეაქცია აქვთ შენს ახლობლებს და ოჯახის წევრებს შენ სკანდალებზე? (თუნდაც იმაზე სექსმარკეტის სახე რომ ხარ, ან თამამ სცენებზე ფილმებში?) ჩვენთან ხომ საკმაოდ კონსერვატული საზოგადოებაა?!…

არც კითხულობენ. ყოველთვის განსხვავებულად ვაზროვნებდი და შეეჩვივნენ იმას, რომ საკუთარი თავის მჯერა. გარეთ ვინ რას იტყვის ჩემზე – გარე აღქმა მგონი დედას არ უნდა ადარდებდეს, მან ხომ იცის, რა სამართლიანი მისი შვილი.

ბოლო დროს საჯაროდ ნაკლებად აქტიურობ, ამჟამად რას საქმიანობ?…

ამჟამად ვმუშაობ vipclub.ge – ახალგაზრდა და ძალიან ამბიციური კომპანიაში. მომწონს, რასაც ვაკეთებ- გაყიდვები და მარკეტინგია ჩემი სფერო პლუს ჩემს ე.წ. „ცნობადობას“ შესაბამისად ვიყენებ, მარტივია ადმაიანებთან ურთიერთობა, როცა გარეთ გიცნობენ.

რაც შეეხება ფართო ასპარეზს – დავდივარ კასტინგებზეც, ვღებულობ მონაწილეობას პატარ-პატარა პროექტებშიც, მინდა ტელევიზიაც – მაგრამ „ბლატით“ არ ვცნობ ასეთ სფეროებში მოხვედრას, თუმცა ქალური ხრიკებით ყველაზე მეტს მივაღწევდი… არ მინდა ასე, მინდა მყვირალა, დაუმალავი ნიჭის აღიარება და არა ლოგინის გავლით როლების მოპოვება… დამსახურებით დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში არაფერი ხდება. ნუ მეტყვიან ოღონდ, რომ უნიჭო ვარ, ამას ვერ დავიჯერებ.  ვაზელინს თმებისთვისაც არ ვხმარობ, ურთიეთობისთვის და ჩემი შესაძლებლობის გამოყენებისთვის- მითუმეტეს არასოდეს გამოვიყენებ. დაველოდები ჩემი აზროვნების ადამიანს, რომელიც დამინახავს, გაუახარდება ჩემი მოწვევა და ყოველდღე მეტყვის მადლობას, რომ ვარსებობ. რა ვქნა, მიყვარს როცა მაფასებენ….უნიჭოების გარემოცვაში მუშაობა ჩემთვისაც ძალიან დამღელელი იქნებოდა, მომიწევდა ჩხუბი ყოველდღე J

როგორია იუნა კადრს მიღმა? ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ხასიათი – მშვიდობიანი, თბილი, მოსიყვარულე და ზედმეტად მიამიტი. აქტივობა – ძალიან მიყვარს მუშაობა და მოძრაობა. დასახული მიზანი ჩემთვის არის – ან გავაკეთებ, ან მოვკვდები. ყოველთვის მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ. საკუთარ თავთანაც სამართლიანი ვარ. ძალიან მომთხოვნი ვარ და ყველამ იცის, ჩემს გვერდით მუშაობა შინაგანად მუდმივ დაძაბულობას იწვევს და ჩემს სტანდარტებთან შესაბამისობას.

იუნას გარდა სკანდალებისა, სერიოზულ თემებზე სერიოზული საუბარიც შეუძლია, თუმცა ეს ხმამაღლა იშვიათად ისმის, რატომ მაინცდამაინც სკანდალების გზა?

რატომ არ ისმის? თუ შევადარებთ ჩემს მეტყველებას და თემების გახსნას, რომელსაც მე ვეხები, კონტრასტი ერთუჯრედიან „სკანდალისტებთან“ უზარმაზარია. არის ასეთი ფრაზა: აღქმა რეალობაზე მნიშვნელოვანია. აღქმას მე ვერ ვასწავლი – ამას ტვინი სჭირდება და განათლება. უხსენი ახლა ადამიანს რომელიც არ იცნობს მაღალ მატერიებს, რა არის მაღალი მატერია – აზრი?… მას მაინც მხოლოდ თავისი კუჭის ტკივილი აქვს, თავისი ორმოდან  ვარსკვალებს პატარა წერტილებად ხედავს… ვერ აღიქვამს პლანეტებად რას იზამ….

წიგნი დაგიწერია, რა ხდება შენ წიგნში? ველოდოთ მორიგ „ბომბს“?

ოოოჰ….ჩემი წიგნი…Menage a trios ან, ნახვამდის, წარსულო. აქ ორი ხაზია: ჩემი წარსული, ორი ჩემთვის ძალიან საყვარელი მამაკაცი, ორივემ საბოლოო ჯამში მიღალატა თავისებურად. რომ არა ჩემი სკანდალური სახელი, იქნებოდა ძალიან სევდიანი ისტორია, ახლა კი ძალიან მიკერძოებულად მიუდგება ყველა აღწერილ სექსუალურ გამოცდილებას, გაუპატიურებას – რომელიც ასევე ჩემი მიამიტობით დამემართა ახლობელთან და არ აღიარა, ბავშვის დაკარგვასაც, ნარკოტიკებსაც – ყველა იმ სისუსტეს, რომელიც ყველას გამოუვლია, მაგრამ მალავენ და ძალა არ ჰყოფნით ამის აღიარებისთვის.

მე დავწერე თვითონ, როგორიც ვარ – წარმოუდგენელია, ყველაფერი დავწერე. მე თვითონაც მიკვირს, როგორ მეყო ძალა, ბოლომდე მიმეყვანა ეს პროცესი. ამაზე მეტს ვერ მოყვებიან. რამდენად მარტივია ასე ცხოვრება – სცადონ. მგონი, ბევრი ქალის გულში ნახავს ეს ნაწერი გამოძახილს. დიდი იმედი მაქვს, ყველა ქალი ახლოს მიიღებს – რადგან ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებაა აღწერილი, ცრემლებით და ტკივილით, სიყვარულით. ეს კი ყველასთვის ნაცნობია. არც ცნობილობა, არც პოპულარობა ბედნიერების გარანტია არ არის – ამას ნახავს ყველა!

მე ვემშვიდობები წარსულს, ვცდილობ- ღირსეულად. როგორც მომექცა, ისე ვექცევი მე მას – არ ვინდობ არც რეალობას, არც საკუთარ თავს, არ ვალამაზებ. ახლა მოლოდინის რეჟიმია, რომ წაიკითხავენ- მერე უფრო საინტერესო პერიოდი დაიწყება – ეს როგორ გაბედა, როგორ დაწერა, რატომ გაგვაწნა სილა, რატომ გამოიტანა საკუთარი თავი სააშკარაოზე! – რატომ და იმიტომ, რომ ასე ხდება, და არა მხოლოდ წიგნებში, განსაკუთრებით ისეთ ფარისევლებში, როგორებიც ჩვენ ვართ…

ბევრი მომენტი და ნიუანსი შეგნებულად გამოვტოვე, საერთო სურათის დასახატად. მადლობა გამომცემლობა Book City-ს. პრეზენტაციაზე სიამოვნებით ველი ყველას- კარი ღიაა 27 ნოემებრს, პარასკევს, საღამოს 7 საათიდან 9 საათამდე, კლუბ  ურბანში – სიონის ქუჩა #8, სიონის გვერდით სანაპიროს მხრიდან .გამიხარდება მხარდაჭერა. გაგართობთ და ვიმღერებ კიდევაც ! J

რას ეტყოდი ადამიანებს ვისაც აქვთ საზოგადოების მიმართ პროტესტი, მაგრამ მიზეზების შენგან განსხვავებით ან არ ვერ გამოხატავენ?…

 

ადამიანი რომელიც პროტესტს არ გამოხატავს – მონაა. რატომ უნდა გავჩუმდე ვერ ვხვდები? ვერ შევეგუები ტყუილს, გინდ ყველასგან განსხვავებული აზრი მქონდეს და ყველა ჩემს წინააღმდეგ იყოს. ყოველთვის პატივს ვცემ იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია.

ტატო მახაშვილი