თიკო ნატროშვილი: „არ ვარ ის მშობელი, რომელიც ფიზიკური შეზღუდვის გამო, ბავშვს ჩაკეტავს“

192

ახალი წლის მოახლეობასთან ერთად, თოვლის ბაბუსთვის გასაგზავნი წერილები აქტუალობას იძენს. გზავნილს თითქმის ყველა ბავშვი უგზავნის სანტას, მაგრამ იშვიათი თუ ფიქრობს იმაზე, რომ თავადაც რაიმე ფორმით გაუმასპინძლდეს შორი გზიდან მოსულს. მოდელ თიკო ნატროშვილის შვილი სწორედ ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც თოვლის ბაბუს წერილთან ერთად ჭიქა რძე, ორი ლებანი ნიგოზი და პური დაუტოვა მაგიდაზე. თიკო დედის ამპლუაში ჩავწერეთ, თუმცა საუბარი ახალი წლითა და მისი შვილის წერილით დავიწყეთ.

– წელს, სხვა წლებთან შედარებით, საკმაოდ ადრე დავდგი ნაძვის ხე და შესაბამისად მზადებაც დავიწყე. ჩემთვის ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, ზრუნვას საახალწლო მენიუსთვის საკმაოდ ადრე ვიწყებ, ყველაფერს დამოუკიდებლად, თვითონ ვამზადებ, მომწონს სამზარულოში ტრიალი და ქაოსური სამზადისი. კი ვიღლები, მაგრამ სასიამოვნოა ჩემთვის. წელს დავგეგმე ისე, რომ 31-ში არაფერი საქმე არ უნდა მქონდეს, 30-ში უნდა დავასრულო და მშვიდად შევხვდე ახალ წელს. სახლში ბავშვები გვყავს და ახალი წლის ღამე ჩვენთან საჩუქრების გახსნით და დიდი ოვაციებით აღინიშნება. რაც შეეხება თოვლის ბაბუსთვის მათეს დაწერილ წერილს და მასპინძლობას, მე ნამდვილად არ მახსოვს, მსგავსი რამ გამეკეთებინოს და მეფიქროს, მეც რამე დამეხვედრებინა სანტასთვის. ეტყობა სადღაც ნახა ეს. მერე გავარკვიე, რომ თურმე ამერიკაში ასე აკეთებენ, ნამცხვარს და რძეს უტოვებენ საჩუქრების სანაცვლოდ და მათემაც იგივე გაიმეორა.

მათე 6 წლისაა, კახი – 3-ის. პატარას ჯერ გააზრებული არ აქვს თოვლის ბაბუს როლი, მაგრამ მაინც ცდილობს აყვეს მათეს. რომ ვკითხე, რა გინდა თოვლის ბაბუმ მოგიტანოს-თქო, მოკრძალებულად მითხრა, მანქანებიო. სხვათა შორის, მათეც ზომიერი აღმოჩნდა, ზეპირსიტყვიერად მითხრა, რომ უნდა ხმალი, სვანია და გიჟდება ხმლებზე. თან დაამატა, თუ ფული ექნება, ფეხბურთის ბურთი წამომიყოლოსო.

– ვფიქრობ ძალიან კარგია, როცა ბავშვი ამას ამბობს და ითვალისწინებს იმასაც, რომ შესაძლოა თოვლის ბაბუს ფული არ ჰქონდეს…
– ფულთან მათეს ძალიან გასნაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დ აგიხსნი რაში გამოიხატება ეს. აგროვებს, აქვს ყულაბა, ხშირად მესაუბრება ამ თემაზე, აინტერესებს, რას ნიშნავს არასამყოფი ფული, რა ღირს მანქანა, რომელიც მყავს და ა.შ. სხვათა შორის, დღეს დილით ასეთი რაღაც მითხრა, მე რომ ბიძინასავით ბევრი ფული მქონდეს, ყულაბა ხომ არ დამჭირდებოდაო (იღიმის). რა თქმა უნდა, ფულით არ უნდა საზღვრავდეს ყველაფერს, მაგრამ ბიჭია და მოტივირებული უნდა იყოს, უნდა იცოდეს, რომ უშრომელად არაფერი არ მოდის. ბაღიდან ხანდახან სამსახურში მიმყავდა, მინდოდა გაეანალიზებინდა რას ნიშნავს მუშაობა.

– თიკო, მომავალ წელს მათე სკოლაში მიდის, გადაწყვიტე უკვე, სად შეიყვანო?
– ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე და ბოლო-ბოლო რა გადაწყვეტილებას მივიღებ, არ ვიცი. თუ კერძო სკოლას გადავწყვეტ, ზუსტად ვიცი, სად მივიყვან, იმაზე შევაჩერებ არჩევანს, სადაც ცურვა, ჭადრაკი და ცეკვა შედის ძირითად გადსახადში, სხვა შემთხვევაში რატომ უნდა მივიყვანო კერძო სკოლაში, ვერ ვიგებ. როცა ბავშვებს მაინც უწევთ ცალკე მასწავლებლებთან მომზადება და ცალკე იმ კონკრეტულ წრეებზე სიარული… პირველ- მეორე კლასში კიდევ რა უნდა ასწავლონ იმ ღირებულების, რამხელა გადასახადიც კერძო სკოლებს აქვთ, არ ვიცი. აქედან გამომდინარე, ალბათ საჯარო სკოლაზე შევჩერდებით, პირველი ექსპერიმენტული მომწონს, მაგრამ როგორც ვიცი, იქ მოხვედრა ძალიან რთულია. მათეს ძალიან მოსწონს ცეკვა, დილაობით ჩართავს აჭარულს ან რაჭულს და ასე ცეკვა-ცეკვით მივდივართ ბაღში, ილეთები ნასწავლი აქვს იუთუბში, რა თქმა უნდა, შეცდომით აკეთებს, მაგრამ იმდენად სვამს ხასიათში, რომ შეხედავ, გეგონება, ეს ბავშვი ცეკვაზე დადის და ნასწავლი აქვს. სპორტზე დამყავს, ხრიდოლს ჭიდაობს, შიდა ტურნირზე აჭიდავეს და თავის ასაკში მოიგო, პირველი ადგილი აიღო, მედალი გადასცეს, რომელსაც ერთიანი აწერია. სახლში რომ მოვიდა, თქვა, კარგად რომ ვიჭიდავე, დიდი ლარიანი მაჩუქესო, ესეც ფულთან დააკავშირა (იღიმის).

– რაც შეეხება კახის, როგორაა ახლა მისი მდგომარეობა?
– წელს უკვე იმავე საბავშვო ბაღში მივიყვანეთ, სადაც მათე დადის, არაჩვეულებრივი მასწავლებელი ჰყავს. მოგეხსენებათ, კახის ჯანმრთელობის, უფრო ზუსტად სიარულის პრობლემა აქვს, თორემ მენტალურად ჩვეულებრივად ვითარდება, ურთიერთობის თვალსაზრისითაც უპრობლემოა. ძალიან მიმბაძველი გახდა, ჯერჯერობით ვერ დადის, მაგრამ ძალიან ცდილობს ფეხზე დადგეს, ყოველ საღამოს მეძახის და მეუბნება, დედა, შეხედე, როგორ ვდგავარ. უკვე შეუძლია დამოუკიდებლად, ხელგაშვებული რამდენიმე წამით დადგეს ფეხზე, რაც მისი მდგომარეობისთვის პროგრესია. ერთი თვის წინ თუ ერთი წამით იდგა და მეტს ვერ ახერხებდა, ახლა უკვე შეუძლია ხუთამდე დაითვალოს და იდგეს, ნელ-ნელა აშკარად ზრდის დროს. თვითონ ძალიან ბევრს ვარჯიშობს ამისთვის, ხელმოკიდებული უკვე გადაადგილდება. თუ დიდი მანძილია გასავლელი, რა თქმა უნდა, ხელში უნდა აიყვანო, მაგრამ შენობაში ჩვეულებრივად მოძრაობს. მეტიც, ძალიან ბაძავს თავის ძმას, არ ეპუება, საჭიდაოდაც იწვევს. დადგება, ცალი ხელით რაღაცას მიეყრდნობა და მეორე ხელით მუშტებს უქნევს, უნდა ნახო, ეს რა სცენაა, მათეს ვასწავლე, რომ უნდა დაუთმოს, რადგან პატარაა და უთმობს, კახი კიდევ გამარჯვებული მეძახის ხოლმე, შეხედე, მათეს როგორ მოვუგეო.

– კახი როგორ შეეგუა ბაღს, გარემოს, ბავშვებთან ურთიერთობას…
– ძალიან ჩვეულებრივად… პირველად შარშან ვცადე კახის მიყვანა ბაღში, მაგრამ შარშან არ გამოვიდა, ვერ შეეგუა. წელს კი გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა ევლო ბაღში, რადგან არ ვარ ის მშობელი, რომელიც ფიზიკური შეზღუდვის გამო, ბავშვს ჩაკეტავს, პირიქით, მე მინდა, საზოგადოებაში ინტეგრირებული იყოს და ამაში ყველაფერი ხელს უწყობს. მეტიც, მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მალე შეძლებს სიარულს, შეიძლება დეფექტი ჰქონდეს, მაგრამ აუცილებლად გაივლის. ხომ ვიძახი, რომ კახი არ დადის, მაგრამ ალბათ წარმოუდგენლად მოგეჩვენება, რასაც გეტყვი, კახი დივნის ზედაპირზე ადის და იქიდან ხტება, ძვრება კომოდზე, აკეთებს ჰაერში სალტოს და იქიდან საწოლზე ეცემა, მაგიდიდან სკამზე ხტება და ა.შ… სტუმარი რომ გვყავს და კახი ამ საოცრებებს აკეთებს, ცუდად ხდება, მე კიდევ რეაქცია აღარ მაქვს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ მას მოზომილი აქვს მანძილი და ძირს არ დავარდება. ბედნიერი ვარ იმით, რომ კახის მასწავლებლებმა ბაღი შეაყვარეს, ყოველ საღამოს მეკითხება, ხვალ ბაღი გვაქვს, დადებით პასუხს რომ იღებს, სიხარულით იძინებს. წელს ერთი დღეც არ გაუპროტესტებია ბაღში წასვლა, ეგ კი არა, ცუდად იკვებებოდა და უკვე ესეც გამოასწორა, დაიწყო წვნიანის, ხაჭოს ჭამა, ყველნაიარად ჩადგა რეჟიმში. თავიდან რომ მივიყვანე ბაღში და მასწავლებელს ავუხსენი მისი მდგომარეობა, მთხოვა საბავშვო ეტლის მიტანა, მივიტანე, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე თუ მესამე დღეს დამრჩა და მითხრეს, არ გინდა, არ სჭრიდებაო. გააცნობიერეს, რომ კახისთან ურთიერთობა მარტივია და მოსვლელადაც არაა რთული.

– თიკო, მაინტერესებს, კახის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება თუ მონდომებისა და თვითგამოჯანმრთელების საკითხია?
– კახის დიაგნოზი არის სპინალური რეგრესის სინდრომი, ქრონიკულია, ეს არაა სახადი, რომ მოურჩეს, მას ექნება ცხოვრების ბოლომდე რაღაც პრობლემა, თუმცა მე ამას პრობლემას არ ვარქმევ. მისი მდგომარეობა არ ითვალისწინებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, თურქეთში დამყავს გამოკვლევებზე და იქ აგვიხსნეს, მოექეცით, როგორც ჯანმრთელ ბავშვს. თუ ავად გახდება, კონკრეტული წამლის შერჩევა არ სჭირდება, ჩვეულებრივად როგორც სხვა, ისე იმკურნალებს კახიც. ერთადერთი მენჯები აქვს ამოვარდნილი, მსოფლიო ორთოპედთა წარმომადგენელი სტმაბულში არის კახის ორთოპედი და მან გვითხრა, რომ თუ კახი გავლის, მენჯებს ჩაუდგამენ, რომ არ იკოჭლოს, თუ არ გაივლის, აზრი არ აქვს ოპერაციის გაკეთებას, ყველაფერი კახიზეა დამოკიდებული, ექიმიც ვარაუდობს, რომ კახი შეძლებს გავლას და ვნახოთ, გარანტიას ვერავინ გვაძლევს. სხვა მხრივ კახი არის ჯანსაღი ფსიქიკის, მის ასაკთან მიმართებაში სრულად განვითარებული ბავშვი, რომელიც ჰარმონიას ქმნის ოჯახში. კახის პრობლემას ჩვენ პრობლემად არ აღვიქვამთ და არ ვამძიმებთ ამით მდგომარეობას.

– სწორედ ამიტომ მგონია, რომ ძალიან ძლიერი და სამაგლითო ხარ ამ საკითხში…
– ადამიანმა ელემენტარული პრობლემა შეიძლება იმხელად აქციო, საერთოდ დაიმხო თავზე ცხოვრება და მომავალი. ახლა მთავარია, კახი რომ გაიზრდება და აღმოაჩენს, რომ ცოტა განსხვავებულია, ვიდრე სხვა დანარჩენები, მაშინ გვეყოს ძალა ოჯახს, რომ სწორი მიმართულება მივცეთ მას საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში. რაც უფრო მარტივად მივუდგები ამ ყველაფერს, ჩვენთვისაც და კახისთვისაც ყველაფერი უფრო მარტივი იქნება. ჩემთვის მნიშვენლოვანია კახი ჩამოყალიბდეს პიროვნებად და იყოს შემდგარი, რამდენად მივაღწევთ, ამას დრო გვიჩვენებს.

 

წყარო