ვალერი და იოსები

137

1

40 წლის წინანდელი შიდაწვის ძრავი გაჭირვებით დაქოქა და რახრახით გააგორა 5 წლის გამოუცვლელი საბურავები. წვიმდა მგონი. მარტო იყო და მაინც მთელი სამყარო მასთან ერთად მგზავრობდა. თვითონაც უკვირდა, როგორი მარტივი ყოფილა იყო მარტო და თან ყველასთან ერთად დაჟანგულ ლადაში (ჟიგულში ან აძინაცატში, როგორც გნებამთ).

საქარე მინის (ლაბავოის) საწმენდები (დვორნიკები) ნორმალურად არ მუშაობდა, გზა სველი იყო, ხედვა თითქმის შეუძლებელი, ფარები წუთი-წუთზე შეიძლება გადამწვარიყო. მაინც მიდიოდა, გაჭირვებით 60კმ/სთ სიჩქარით, მაგრამ მიდიოდა.

წინა დღით უკანასკნელად მივიდა სამსახურში და დირექტორის კაბინეტში შევიდა, არ დაუკაკუნებია. დირექტორი ფეხი ფეხზე გადადებული მოკალათებულიყო სავარძელში და კუბურ სიგარას აბოლებდა. მაგიდაზე ცოლის სურათი ედო, რესპექტაბელური ტანსაცმელი ეცვა და ცოლის სურათის გვერდით, მართკუთხედ აბრაზე ოქროსფერი ასოებით ეწერა: „დირექტორი ა.ჯაფარიძე“.

– კარგად იყავი, ვასილიჩ, მე მივდივარ!

– სად მიდიხარ?! 2 საათია სამუშაო დღის დამთავრებამდე, და საერთოდ! ეს „ვასილიჩ“ რა მიმართვაა?!

– სამსახურიდან მივდივარ…

– როგორ თუ მიდიხარ?! სად მიდიხარ კი მაგრამ?

– გზაზე… – ჩაილაპარაკა ვალერიმ. სახეზე ღიმილმა გადაურბინა. მეტი არაფერი უთქვამს. შებრუნდა და წავიდა.

 

ახლა უკვე სველ გზას გაჭირვებით 65კმ/სთ-ით მიუყვებოდა. მანქანის მარჯვენა სავარძელზე ყდამოხეული წიგნი ედო. ირაკლი უგულავას „მოკვეთილი“. 1976 წლის გამოცემა, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. რამდენჯერმე ჰქონდა წაკითხული და ერთხელ კიდე აპირებდა გადაკითხვას, მერე კიდე ერთხელ და მერე კიდე… წიგნის დასაწყისშივე არის ანტონ ჩეხოვის სიტყვები სახალინიდან გაქცეულებზე: „და როგორც ა.ჩეხოვი ამბობს თავის „მოგზაურობის ჩანაწერებში“, გარბოდნენ უპუროდ, უტანსაცმლოდ, უმიზნოდ, უგეგმოდ.“ გაქცევა უმიზნოდ ეს სიტყვები ყველაზე მეტად აღიზიანებდა ვალერის და ამ სიტყვეის წაკითხვისას ფიქრობდა, რომ ჩეხოვი იდიოტი იყო, ის ვერხვდებოდა, რომ კატორღელები თავისუფლებისთვის გარბოდნენ. თავისუფლებას კი არ სჭირდება გეგმა, ტანსაცმელი და პური. თავისუფლება თავად მიზანია. თვითონაც ხომ ზუსტად 37 წლის ასაკში მიხვდა, რომ თავისუფლება სჭირდებოდა?…

საწვავი ჯერ ისევ საკმარისი ჰქონდა, როცა მანქანის საჭე მარჯვნივ გადახარა და ასფალტის გზიდან ნისლიან ტყეში დაიკარგა. წვიმა შეწყდა, სველი ბალახის და კენკრის სუნი ყველაფერს მოედო. მალე ალბათ სოკოებიც დაიბადებოდნენ. ვალერის თავისზე 3 წლით უფროსი მანქანის მორყეულ სავარძელში ჩაეძინა.

 

2

ვალერის „აძინაცატში“ ხოჭო შემოძვრა. გასრესას უპირებდა, როცა მიხვდა, რომ მარტო იყო.

– გამარჯობა, შენ დღეიდან იოსები იქნები. აბა, რა გეგმები გაქვთ, ბატონო ი.ჯუღაშვილო? რისთვის შემოძვერით ჩემს მანქნაში?

იოსებმაც პასუხი არ დააყოვნა და ულვაშები შეიჭმუხნა.

– დამშვიდდი, იოსებ, ჰიტლერი დიდი ხნის წინ მოკვდა, ახლა სხვა დროა. ისე, რო იცოდე, კარგი ქვეყანა გქონდა, ესენი კიდე, ჰო, ესენი… ეჰ, ვიტყოდი, რა ქვეყანა დაანგრიეს-მეთქი ახლა ისევ ჩემს ოფისში რომ ვიჯდე და იმ ბუღალტრულ საბუთებში ვიქექებოდე.

ცოხა ხანს ორივენი ჩუმად იყვნენ, ვალერი ფიქრებს მისცემოდა და იოსები ხომ ისედაც მთელი თავისი არსებობა ფიქრებში იყო ჩაძირული.

 

3

მყუდორება ისევ ვალერიმ დაარღვია.

– იოსებ, ესე იგი, რეინკარნაციის გჯერა, ხო, შენ?

– კი(აცმაცუნდა იოსები).

– მე კიდე არ მჯეროდა, ისე, ბოლომდე არც ახლა მჯერა. იცი, როდის დავიჯერებ? აი, ახლა აი აქ რო მეორე შენნაირი გამოხტეს და მითხრას: „ზდრასტვიწე ტავარიშ გურამოვიჩ, ია ლავრენტი პავლოვიჩ ბერია“ აი მაშინ.

იოსები აბზუილდა: – ეგ აქ არ არის, ჩინეთში მოხვდა თავის დროზე, არ გაუმართლა, ბაყაყი იყო და შეჭამეს. – თქვა ეს დიდმა ბელადმა და გამოხრულ ტორპედოში შეძვრა…

 

დათო სიხარულიძე