ბლატერი – „2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში გამართვა საიდუმლო გარიგების შედეგად გადაწყდა”

115

FIFA-ს პრეზიდენტის – იოსებ ბლატერის ინფორმაციით, 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება FIFA-ს მაღალჩინოსნებს შორის საიდუმლო გარიგების შედეგად გადაწყდა. გარიგება არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ კორუფციის ბრალდებით დისკვალიფიცირებულმა ბლატერმა გამოცემა The Financial Times-ს განუცხადა.

ბლატერის ინფორმაციით, 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში, 2022 წლისა კი – აშშ-ში გამართვის გადაწყვეტილება კულისებს მიღმა მიიღეს. გეგმები UEFA-ს ხელმძღვანელმა მიშელ პლატინიმ ჩაშალა. “მან 2022 წელს ჩემპიონატის კატარში ჩატარებას მისცა ხმა. საბოლოოდ მუნდიალის კატარში გამართვა გადაწყდა, რამაც ამერიკის უკმაყოფილება გამოიწვია. აშშ-ს წარმომადგენელობამ განაცხადა, რომ კენჭისყრა ფალსიფიცირებული იყო და საქმის გამოძიება მოითხოვა”, – ამბობსFIFA-ს პრეზიდენტი.

ბლატერის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ, რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ რუსეთმა ჩემპიონატის ჩატარების უფლება ობიექტურად მოიპოვა და FIFA-ს მიმართ გამოთქმული ბრალდებები მისი ქვეყნის გეგმებზე არ აისახება.