ანა არველაძე – 90-იანების ჩაბნელებულ-მიფუჩეჩებული ისტორია

145

„ერთ არამშვენიერ დღეს ამერიკის დიდ ქალაქში რამდენიმე ერთეული წუთით შუქი ჩაქრა, ხალხი პანიკამ მოიცვა. მილიონობით ადამიანმა ქვეყანას ფსიქოლოგი მოსთხოვა მორალური ზარალის ასანაზღაურებლად… „   – ამოიკითხა ბებიამ გაზეთიდან, რომელსაც სანთლის შუქზე კითხულობდა.

ზემოთ მოყვანილი სიტუაცია სულაც არ იყო რამდენიმე ათეული წლის წინანდელი, ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდა, დიახ 21 საუკუნეში, 2014 წლის მიწურულს. დღესაც კი ელექტრო ენერგიის არქონა საქართველოში არავის უკვირს, ამ დროს ყველას  „ბნელი 90-იანები“ ახსენდება, როდესაც დენის მოსვლა ერთობ უცანური და სასიხარული ამბავი იყო.

ბავშვობიდან მიყვარდა უშუქობა , უცნაურად ჟღერს მაგრამ ასეა. ამ დროს ყველა გამოდის თავისი ოთახიდან და სამზარეულოში მაგიდის გარშემო იკრიბება. ამ დროს მშობლები ძველ ისტორიებს გვიყვებოდნენ, რომელიც  მათი გადმოცემით ვიცით. დიახ, მხოლოდ  გადმოცემით და მეტი არსაიდან. მიყვებოდნენ სამოქალაქო ომზე, როგორ დადიოდა დედაჩემი და არა მარტო ის, სამსახურში ტანკზე მჯდომი. მიყვებოდნენ, რომ როცა გარეთ მეზობელთან გასვლა მოუნდებოდათ დიდ რკინის ნაჭერს იყენებდნენ ფარად, ბრმა ტყვიის ასაცილებლად. მიყვებოდნენ რას უკეთებდნენ ქართველები ქართველებს და რომ სულაც არ ვართ ისეთი „კარგები“ … სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია იმდენად ჩაბნელებულია როგორც 90-იანების ბნელი ქუჩები.

სკოლაში და უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი ისტორიას, მიუხედავად იმისა რომ ეს საგანი არასდროს მიყვარდა. ყველა  წიგნი იწყებოდა უძველესი ისტორიით. ყელში მქონდა ამოსული შუმერების ფირფიტები, ეგვიპტის პირამიდები, ევფრატსა და ტიგროს შორის მდებარე მესოპოტამია, წიგნის ავტორების არგუმენტმოკლებული სტერეოტიპული შეხედულებები კონკრეტული მმართველისა და მოვლენების მიმართ, ზედაპირული მიმოხილვები  და ბოლო 5 გვერდზე მიფუფჩეჩებული საქართველოს უახლესი ისტორია. ნუთუ სკოლაში მე-6 კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით და უნივერსიტეტში 1 წელი იმისთვის ვსწავლობდი ისტორიას რომ ყველა ქვეყნის ისტორია მცოდნოდა საკუთარის ქვეყნის ისტორიის გარდა? მე-9 კლასში წესით საქართველოს ისტორია უნდა მესწავლა,  თუმცა მთელი წიგნი ვახტან გორგასალს, ოქროს ხანასა და საქართველოს გაწითლებას ეხებოდა. დიახ, დღემდე მივტირით ამ ეპოქებს !

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო,  ისტორიის სწავლის მიზანიც ის არის რომ მოვლენები ოდნავ განსხვავებული სახით კვლავ მეორდება და იგივე შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. 90-იანების ამბები ერთი დიდი შეცდომა იყო, რომელსაც იქამდე აღარ გავიმეორებთ სანამ ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუების თაობა ცოცხალი იქნება, რადგან მხოლოდ მათ იციან რა ხდებოდა ამ დროს. ჩვენ კიდე მხოლოდ გადმოცემით ვიცით და რატომღაც საჭიროდაც არ თვლიან რომ გვასწავლონ. მასწალებლების დამოკიდებულება ხშირად შემდეგნაირია : „ თუ გინდა, მოიძიე და ისწავლე“ –  თუმცა ეს გამოსავალი სულაც არაა, ვეთანხმები რომ თუ რამის სწავლა გინდა ადგები და ისწავლი, მაგრამ ეს მხოლოდ სირაქლემას პოზიციაა.

ყველა ერი ცდილობს დამალოს თავისი ბნელი მხარე, თვალი დახუჭოს წარსულის ბნელ შეცდომებზე,  წარმოაჩინოს თავისი ისტორია მხოლოდ კარგი კუთხით, მაგრამ სანამდე უნდა ვიტყუებდეთ თავს ?!  თუნდაც კარგი მაინც გვასწავლეთ , 5 გვერდის მაგივრად 20 მაინც გაიმეტეთ.  მერწმუნეთ, სადაც მსოფლიოში არსებული ყველა დოკუმენტის წელს და ყველა მმართველის ფეხის გადადგმას გვასწავლით, მაგასაც ავიტანთ. 🙂