ცივილიზებული სამყაროს მთავარი საინფორმაციო წყარო

0

ის ყველაზე სწრაფი, მოქნილი, ლაკონური და მრავალფეროვანია. მისგან ნებისმიერი ამბის გაგება უმოკლეს დროში დეტალურადაა შესაძლებელი. მნიშვნელობა არ აქვს საქმე საფეხბურთო მატჩს ეხება…

ეგვიპტის რევოლუციას…

თუ დონალდ ტრამპის იდიოტურ რეაქციას ემბერ ჰერდის და ბრედ პიტის პროცესზე, მსოფლიოში რაც ხდება, პირველად აქ იწერება…

შესაბამისად, აქვე ხდება თემის გაშლაც და გაანალიზებაც. დიახ, ეს ტვიტერია!

ცივილიზებული სამყაროს მთავარი საინფორმაციო წყარო, რომლის გარეშეც დღეს კაცობრიობას სრულყოფილად ფუნქციონირება ძალიან გაუჭირდებოდა…

თუმცა ისე გამოვიდა, რომ ამოუცნობი მიზეზების გამო, ჩვენ, ქართველებს, მის გარეშე საერთოდ არ გაგვჭირვებია.

აგერ უკვე თითქმის 15 წელია ვიცით მისი არსებობის შესახებ, დარეგისტრიებულებიც კი ვართ, მაგრამ აქტიურად არ მოვიხმართ.

შეიძლება პერიოდულად ვიჭვრიტებით, რაღაცებს ვკითხულობთ, ხანდახან ვწერთ კიდეც, თუმცა მალე ისევ გვავიწყდება.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ფაქტია ტვიტერი საქართველოში პოპულარული ვერ გახდა!

მაინც რა არის ამის მიზეზი?

ერთი კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე ალბათ არ არსებობს. საკუთარი მაგალითით თუ ვიმსჯელებ, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის ნაცნობი იქნება, კონკრეტული დასკვნის გამოტანა მაინც გამიჭირდება.

პირველად, 2010 წლის ზაფხულში დავრეგისტრირდი.

ტვიტერმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. საათობით ვერ ვწყდებოდი ეკრანს. ჩვენი ურთიერთობა ნამდვილ საზაფხულო რომანს ჰგავდა და საზაფხულო რომანივით მალე დასრულდა.

კონკრეტულად რა მოხდა, მართლა არ ვიცი.

რაც მაინტერესებდა, აშკარად ისევ ჩემს ინტერესის სფეროში იყო, თანაც ამ ინფორმაციას სხვა წყაროებიდან ასე კარგად ვერ ვიღებდი, მაგრამ მაინც მომბეზრდა…

რაღაც აკლდა? გასართობი არ იყო? სოციალურ ქსელად ვერ აღვიქვი, თუ რა მოხდა?! მოკლედ, ბოლომდე ვერ გავიგე და ამაზე დიდად არც მიდარდია…

მეორედ, 2015 წელს გადავწყვიტე, რომ ტვიტერის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ამჯერად სხვა სტრატეგია ავირჩიე. ზომიერად და გააზრებულად მოვიხმარდი.

მუსიკაზე, კინოზე, სპორტზე და ყველაფერზე, რაც მაინტერესებდა ამომწურავი ინფორმაცია მქონდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ამ ბედნიერებამ დაახლოებით 6 თვე გასტანა და მერე ისევ ასე, უმიზეზოდ, ჩემთვის ტვიტერი კვლავ მეორეხარისხოვან აპლიკაციად გადაიქცა.

ახლაც მაქვს, არ წამიშლია. პერიოდულად შევდივარ, დავხედავ, გამოვდივარ და ჩვენი ურთიერთობა ამით შემოიფარგლება.

ჰოდა ამასწინათ დავფიქრდი, რა არის იმის მიზეზი, რომ ტვიტერი საქართელოში პოპულარული ვერა და ვერ გახდა?!

ლიმიტირებული ტექსტის ამბავი? (ტვიტერის პოსტის ლიმიტი 280 სიმბოლოა)

ლოკალური ინფორმაციის სიმწირე?

მედიაში არასაკმარისი ინტეგრაცია?

მასისთვის ინგლისურად ინფორმაციის მიღების სურვილის არქონა?

იქნებ უბრალოდ ჩიტები არ გვიყვარს?

 

 

აშკარად დროა სერიოზული კვლევები ჩატარდეს. ფაქტია, რაღაცაშია საქმე. რაღაც ანომალიასთან გვაქვს შეხება.

მოკლედ, თქვენც იფიქრეთ…

მე კი მანამდე გავარკვევ, რა შეიძლება გაკეთდეს „საქართველოში ტვიტერის არაპოპულარობის შემსწავლელი კომისიის“ ჩამოსაყალიბებლად და უახლესი ინფორმაციით დაგიბრუნდებით.