როგორ მოვაწონოთ თავი Google-ს, ანუ რისთვის გვჭირდება SEO?

13

რეალურ ცხოვრებაში ადამიანის მოსახიბლად რამდენიმე პოპულარული გზა არსებობს. ზოგი ინტრიგებს ხლართავს, ზოგი დიდი თანხებით მანიპულირებს, ზოგი საკუთარი სულიერი სამყაროს ეფექტურად წარმოჩენას ცდილობს…

მაგრამ მხოლოდ ადამიანების მცირე ნაწილი ახერხებს იყოს ნამდვილი და თანაც აღმოჩნდეს სწორ დროს, სწორ ადგილას.

ასეთი გზით შემდგარი ურთიერთობები მყარი და გრძელვადიანია.

რა ხდება მაშინ, როცა ჩვენი სამიზნე ადამიანი კი არა, ინტერნეტ საძიებო სისტემებია და საქმე ბიზნესს ეხება?

ზუსტად იგივე. შეგიძლია შენი ბიზნესის რეკლამირებისთვის სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე უამრავი ფული დახარჯო, შეგიძლია არაკეთილსინდისიერი გზებით მოიპოვო მეტი მომხმარებელი, ან უბრალოდ ჩათვალო, რომ რადგან საიტი უკვე გაქვს, ყველაფერი თავისით მოხდება…

თუმცა უმჯობესია გაარკვიო რა მოსწონს Google-ს, იმოქმედო შესაბამისად და ოპტიმალური შედეგი მიიღო.

მარტივად რომ ვთქვათ, საძიებო სისტემები თავისი ალგორითმის საშუალებით საზღვრავენ რომელ საიტს მიანიჭონ უპირატესობა და სხვებზე წინ აჩვენონ მომხმარებელს.

ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია, თუმცა ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი ვებგვერდის SEO (Search Engine Optimization)-ს, ანუ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას ენიჭება.

SEO-ს მიზანია საძიებო სისტემებისთვის ვებგვერდის ხილვადობის გაზრდა ნატურალური და ორგანული ფორმით.

კვალიფიციური სპეციალისტები ქმნიან  შესაბამის სტრატეგიებსა და ხელსაწყოებს, რითაც საიტის წამყვან პოზიციებზე გამოტანას ახერხებენ.

ეს არის ერთადერთი გონივრული გზა Google-თან გრძელვადიანი, სტაბილური ურთიერთობის დასამყარებლად, ოპტიმალური დანახარჯების გზით.

ზედმეტად რთული ტექნიკური დეტალებისგან თავი რომ არ აგატკივო, შევეცდები SEO – ს სრულყოფისთვის საჭირო რამდენიმე კომპონენტს გავუსვა ხაზი:

→ კონკრეტული სერვისებისა თუ ქივორდებისთვის მეტა თეგების გაწერა.

→ ყველა გვერდისთვის შესაბამისი, რელევანტური ლინკების მექანიკურად განსაზღვრა.

→ ვებგვერდის ჩატვირთვის სისწრაფის მინიმუმამდე დაყვანა.

→ ვებგვერდის გვერდების მოცულობის მაქსიმალურად შემცირება.

→ ვებგვერდის მორგება სხვადასხვა დივაისებზე.

მოდი კიდევ უფრო გაგიმარტივებ საქმეს და SEO-ს მნიშვნელობის ხაზგასასმელად ცოტა სტატისტიკასაც მოვიშველიებ.

ბოლო მონაცემებით, Google-ში დღეში 3.5 მილიარდზე მეტი საძიებო ოპერაცია ხორციელდება და მომხმარებლის 1/3 სისტემის მიერ შემოთავაზებულ პირველივე ვებგვერდს ხსნის.

დარწმუნებული ვარ, შენც ბევრჯერ მოქცეულხარ ასე და თუ ამას აქამდე გაუაზრებლად აკეთებდი, ახლა უკვე იცი, რომ ეს გამართული SEO-ს დამსახურებაა, რომლის უკანაც პროფესიონალები დგანან.

წყარო