ნინუცა მაყაშვილი ცნობილი მსახიობია, რომელიც გარდა ხელოვნებაში აქტიურობისა, ფიტნესითაც რეგულარულადაა დაკავებული და მუდამ ინარჩუნებს სპორტულ ფორმას. ჩვენ მას დავუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ…
– ნინუცა მაყაშვილი ცნობილია, როგორც მსახიობი და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი, რაც სასიამოვნო გარემოსა და იმიჯს ჰქმნის. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რამ გიბიძგათ ვარჯიშის დაწყებისკენ?
–ბავშვობიდან ვვარჯიშობდი, ვიყავი ტანმოვარჯიშე, მაგრამ ხელის მოტეხვის გამო ამ სახეობას ვეღარ გავყევი. შემდეგ ძალიან მინდოდა ჩოგბურთელი გამოვსულიყავი, მაგრამ ხელის ტრავმამ გეგმები ამირია. ზოგადად, ძალიან მიყვარს ვარჯიში და გარდა ამისა, ფეხით სეირნობაც.
– გრაფიკსა და ვარჯიშს როგორ უთავსებ?
– გრაფიკი სრულიად თავისუფალი მაქვს და თან, თუ ადამიანს ვარჯიშის სურვილი გაქვს, მუდამ გამონახავ ცოტა დროს მაინც. მე დილით არ მიყვარს ვარჯიში, უფრო საღამოს საათებს ვანიჭებ უპირატესობას.
– ვინ არის შენი მოტივატორი?
– ძირითადად, ჩემი თავის მოტივატორი თავადვე ვარ, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა გვერდზე მსგავსი ტიპის ადამიანი გჭირდება. ამჟამად ჩემი მოტივატორი ჩემი საყვარელი მწვრთნელი ნინი გოგუაძეა, რომელიც მუდამ ჩემი ვარჯიშის იდეალურად ჩატარებაზე ზრუნავს.
– როგორ ფიქრობ, დღევანდელ დროში როგორი სიტუაციაა საქართველოში ვარჯიშის მხრივ?
– ვფიქრობ, კარგი. ადრე თუ ერთი–ორი დარბაზი იყო მხოლოდ, ახლა არჩევანის ფუფუნება ნამდვილად გაქვს. არის “მოვარჯიშეთა” კატეგორია, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ ვინმეს დაენახონ, მაგრამ თავისთავად ფაქტი უკვე კარგია, რომ ხალხი თავის მოვლაზე ფიქრობს.
– შენი აზრით, რატომ აქვთ ქალებს იმის კომპლექსი, რომ პირველივე ვარჯიშზე “დაიკუნთებიან”?
– იმიტომ, რომ სწორი ვარჯიში არ იციან და ხშირ შემთხვევაში, ვერც ინსტრუქტორი აყენებს სწორ გზაზე. სწორად ვარჯიშია საჭირო და ისე არ “დაიკუნთებიან”, როგორც წარმოუდგენიათ. ისე, მე ზომიერების ფარგლებში ქალებზე კუნთებიც ძალიან მომწონს. ზოგადად, მთავარია შენ მოგწონდეს შენი სხეული და რამდენად დაკუნთული იქნები, ეს მხოლოდ შენი საქმეა.
– რომელია შენი ფავორიტი სპორტის სახეობა და სპორტსმენი?
– ბევრი სახეობა მიყვარს: რაგბი, ჩოგბურთი, თუმცა გამორჩეულად ფავორიტი სპორტსმენი არ მყავს.
– რას ურჩევდი დამწყებ სპორტსმენებს?
– ვურჩევდი, რომ სწორად ივარჯიშონ; ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ ვარჯიშში. არ დანებდნენ მაშინაც კი, როცა რთული პერიოდი ექნებათ. როცა შედეგს ნახავენ, უკვე თავად ვეღარ გაჩერდებიან!
ესაუბრა გიორგი ფულარიანი