მეგრელივით სწრაფი, ქართლელივით მრავლის მთქმელი

164

რა არის ქართული ენა? ის, რაც ქართველებს ეროვნულ იდენტიფიკაციაში გვეხმარება, თუ რაღაც უფრო მეტი? ჩემი აზრით, ქართული ენა არის ქართული სულის განუყოფელი ნაწილი; ქართული ენის გარეშე ქართველი არ იარსებებდა, ისევე, როგორც ქართული ვერ იარსებებდა ქართველის გარეშე. ქართველისთვის სამი რამ არის მთავარი ცხოვრებაში: მამული, ენა და სარწმუნოება. ერთ-ერთის გარეშეც კი ქართველი არ იქნებოდა ქართველი. ქართული ენა ქართველებთან და საქართველოსთან ერთად ვითარდებოდა. მთელი გზა დასაწყისიდან დღემდე მათ ერთად გამოიარეს. მათი დაშორება ბევრმა და ბევრჯერ სცადა, რითიც ქართველობის კონცეპტს მოკლავდა, მაგრამ არ გამოუვიდათ. რა თქმა უნდა, ბრძოლები ჩვენც წაგვიგია, ყოველი უცხოური სიტყვა წაგებული ბრძოლებიდან ნაიარევად აქვს დარჩენილი ქართულ ენას, მაგრამ მათ ჩვენ ვერ დაგვყვეს. ეს ის ერთადერთი ომია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ყველა დამპყრობელი ცდილობდა, რომ ჩვენთვის ქართული ენა წაერთმია და თავისი ჩაენერგა, მაგალითად, როდესაც რუსებმა ეკლესიაში ქართულად ქადაგება აკრძალეს, ეს მათ სჭირდებოდათ იმისთვის, რომ თავიანთი მენტალობა მოეხვიათ ჩვენთვის და ჩვენ დაგვკარგოდა ქართველობა, რის შემდეგაც ადვილი სამართავები ვიქნებოდით. საერთოდ, ყველა ენა ატარებს თავისი ხალხის მენტალობას, ქართულიც არ არის გამონაკლისი; ქართული ენა ყველა კუთხის საუკეთესო თვისებებს მოიცავს თავის თავში. ის მეგრელივით სწრაფი და დინამიკურია, ქართლელივით – მრავლის მთქმელი და კახური ღვინის კულტურასავით მრავალწლიანი და დახვეწილი.

„ქართული ენა არის უმაღლესი ხარისხის ორგანიზაცია“… იგი არის  ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა…  განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი,  როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმები“ – იაკობ გოგებაშვილი.

ქართული ენა უამრავ შესაძლებლობას იძლევა, ის ციციკორესავით კანონმორჩილია, მაგრამ ალუდასავით დაუმორჩირებელი; მას ძალიან ბევრი გრამატიკული წესი აქვს, მაგრამ ასევე –  ცოტა შემთხვევა, რომლებიც ამ წესებს ემორჩილება და – ბევრი გამონაკლისი. ქართული შესაძლებლობას იძლევა, რომ ორი სიტყვა უბრალოდ ავიღოთ და შევაერთოთ, რაც ქართველ გენიოსებს ძალიან უყვართ. ქართული ენა ისეთ გენიოსებს, როგორებიც არიან ვაჟა-ფშაველა ან რუსთაველი, აძლევდა სიტყვების მანიპულირების უნიკალურ შესაძლებლობას, მაშინ,  როდესაც სელენჯერი ინგლისური ენის სიმარტივით იყო შეზღუდული. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს, ქართველი გენიოსების გაგება უცხოელისთვის შეუძლებელია, თუნდაც, ქართული ისწავლოს, მაინც ვერ გაიგებს, რადგან ქართულ სულს თუ არ იცნობ, შენ არ იცნობ ქართულ ენას.

 

ნიკა ოდიშარია